ვასილ მაღლაფერიძე დეპოლარიზაციის შესახებ წერს:
“დეპოლარიზაცია იქცა ისეთ საკრალურ სიტყვად, რომელიც უკამათო ჭეშმარიტებად უნდა ვაღიაროთ, უთო რომ ჩართო, ისიც დეპოლარიზაციას გაიძახის, თუმცა, არავის უთქვამს, ამ სიტყვას რა შინაარსი აქვს და ყველას ისე ესმის, როგორც თავად აწყობს. ასეთი ბუნდოვნება კი სერიოზულ ხიფათს შეიცავს.
ზოგს ჰგონია, რომ დეპოლარიზაცია სიძულვილის ენის, ბილწსიტყვაობის და თუნდაც ცემა-ტყეპის დასრულებას ნიშნავს, თუმცა, აქ დეპოლარიზაცია არაფერ შუაშია. უზრდელობა ეთიკის თემაა, ხოლო ხულიგნობა კანონმა უნდა აღკვეთოს.
პოლარიზაცია, სინამდვილეში, რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებების უტრირებული სინონიმია და დეპოლარუზაცია ანუ პოლარიზაციის დასრულება შესაძლებელია მხოლოდ ავტორიტარიზმის და დიქტატურის პირობებში, სადაც ყველა განსხვავებული აზრი აიკრძალება. ასეთ სახელმწიფოში უკვე ვიცხოვრეთ!
დემოკრატიის ხიბლი კი სწორედ რადიკალურად განსხვავებულ, პოლარიზებულ მოსაზრებათა მშვიდობიან თანაცხოვრებაშია და ამისთვის არის მოგონილი კონსტიტუცია და არჩევნები – ყველა თავისუფლად გამოთქვამს თავის უკიდურესად პოლარიზებულ მოსაზრებას, მაგრამ, ქვეყანას მართავს ის, ვინც არჩევნებში იმარჯვებს.
დეპოლარიზაცია როგორ უნდა მოხდეს – ადამიანთა ცალკეულ ჯგუფებს დღეს რაც სწორი და მათთვის მნიშვნელოვანი ჰგონიათ, ხვალ ასე აღარ უნდა ეგონოთ?! სიკეთედ უნდა მიიღონ, რაც დღეს ბოროტება ჰგონიათ?! შეურიგდნენ, რასაც ამჟამად ვერ ურიგდებიან? ეს ხომ იძულების და ძალადობის გარეშე ვერ მოხდება და
ასეთი ხელოვნური დეპოლარიზაცია კიდევ უფრო მძიმე კონფლიქტს და დაძაბულობას გამოიწვევს.
სხვა ქვეყნებზე რომ არაფერი ვთქვათ, გაცილებით მძაფრი და მრავალფეროვანი პოლარიზაცია შეიმჩნევა როგორც ევროპის წამყვან სახელმწიფოებში, ისე ამერიკაში, თუმცა, იქ ეს დემოკრატიის თანმდევ ჩვეულებრივ ამბად მიაჩნიათ და სახელმწიფო და კანონი სწორედ ამ პოლარიზებულ გარემოში მშვიდობიან თანაარსებობას იცავს.
ჰოდა, ჩვენც იგივე გვჭირდება და არა ეს გაუგებარი და ფეთქებადსაშიში დეპოლარიზაცია.”
კომენტარები