ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე სამეგრელოში მედდა დააკავეს. უწყების განცხადებით, ის მოქალაქეებს კლინიკაში მიუსვლელად აფიქსირებდა იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში როგორც ვაქცინირებულ პირებს, რის სანაცვლოდაც თანხას იღებდა.
უკვე მხილებულია 15 მოქალაქე, რომლებმაც 300 ლარამდე გადაიხადეს აცრილთა ბაზაში მოხვედრის სანაცვლოდ.
“წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული დანაშაულებრივი გზით, იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში დარეგისტრირებულია დამატებით ათეულობით პირი, რომელთა დადგენა-მხილების მიზნითაც ტარდება შესაბამისი ღონისძიებები”, – წერია განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ 220-ე და 221-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
კომენტარები