დასრულდა თუ არა “ჩცდ”, რატომ შეწყდა დროზე ადრე ამაზე „Ambebi.ge“–თან პროექტის პროდიუსერი ირაკლი საღინაძე ამბობს:
მიმდინარე პოლიტიკური ვითარების და ეკონომიკური კრიზისის გამო, არსებობს ფინანსური პრობლემები, რასაც ზოგადად ქვეყანაში კრიტიკული მედიების მიმართ შექმნილი პრობლემები ემატება. ეს სარეკლამო ბაზარზე ცალკე სერიოზული კრიზისს ქმნის. რეალურად “ჩცდ” მძიმე და ძვირად ღირებული პროექტია, ამის აწევა ფინანსურად რთულია. ეს სეზონი ივლისის ბოლოს უნდა დასრულებულიყო და ერთი თვით ადრე დასრულდა – სეზონს 8 სერია მოვაკელით, ცოტა ფორსირებულად დავასრულეთ. ამასთან, შემდეგი სეზონისთვის ჯერჯერობით არ გვაქვს გარკვეული დაფინანსების საკითხი გარკვეული.
თუ დაფინანსებას ვერ ვიშოვით, შესაბამისად სერიალს ვეღარ გადავიღებთ. ეს რომ არ მოხდეს, ვმუშაობთ, იქნებ მოიძებნოს ამ კრიზისიდან გამოსავალი. ცხადია, მაყურებლის სიყვარულსაც ვგრძნობთ და ვხდებით. ამასთან, ამ სერიალს რეალურად საკუთარი პოტენციალი არ ამოუწურავს. ეს ყველაფერი კი გვიბიძგებს და გვკარნახობს იმას, რომ ხელიდან არ უნდა გავუშვათ ისეთი პროდუქტი, რომელიც რეალურად წარმატებული აღმოჩნდა.
ვფიქრობ, აუცილებლად მოვძებნით გამოსავალს, მაგრამ ამ წუთისთვის ტყუილი რომ არ გამომივიდეს, ასე პირდაპირ გეტყვით – ახლა ის ვითარებაა, რომ შემდეგი სეზონის ფული არ მაქვს. ამიტომ ვმუშაობ იმაზე, რომ პროექტი რაღაცნაირად არ დაიხუროს.
ტაიმ-აუტიც გვქონია, წინა სეზონში 6-თვიანი პაუზა გვქონდა და ეთერში არ ვიყავით. ასეთი ამბები ქართული სარეკლამო ბაზრისთვის უცხო არ არის. მერე, როგორც ვთქვი, მძიმე პროექტია და ძალიან ძვირი ჯდება. შესაბამისად, ამხელა პროექტის კეთებას კონკრეტული მობილიზება სჭირდება, მათ შორის, ფინანსური, მატერიალური, ტექნიკური – უამრავი დეტალია. მაყურებლისთვის ეს დეტალები არ არის საინტერესო და ამის ცოდნაც აუცილებელი არ არის. ეს ჩვენი სამუშაოა და ვითარების გამოსწორებას შევეცდებით. არ არის ისე, რომ გვეზარება კეთება და თავი დავანებეთ. ობიექტურ გარემოებათა მთელი რიგია, რომელიც ამას ან ხელს უწყობს, ან ხელს უშლის…
შოუბიზნესში არის ასეთი ტერმინი – “ფეისმეიკერი”, რაც ახალი სახეების გაჩენას გულისხმობს. თუ ქართულ სატელევიზიო ბაზარს გადავხედავთ და ინტერნეტში დაბადებულ ვარსკვლავებს არ ჩავთვლით, 10 წლის განმავლობაში, პოპულარულ ტიპებს და ადამიანებს ჩვენ ვქმნიდით… მოკლედ, ახლა პოლიტიკური ვითარებაც ისეთია, რთულია რაიმეს თქმა და თან, ისე ვარ, არ მაქვს პასუხი. წყლის ნაყვა რომ არ გამომივიდეს, ჯობია, როცა კონკრეტული სათქმელი მექნება, მაშინ ვიტყვი.
კომენტარები