ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, თქვა:
“დღეს საქართველოში დომინანტი არის BA.5 [“ომიკრონის” ახალი ქვე-ვარიანტი], რომლებზეც მოდის შემთხვევების ნახევარზე მეტი. ხასიათდება ძალიან დიდი გადამდებლობის უნარით, უფრო მეტით, ვიდრე წინა შტამებით. ამ შტამებით გამოწვეულ კოვიდს პირველ დღეებში იგივე სიმპტომები აქვთ, რაც სხვა რესპირაციულ დაავადებებს, ამიტომ ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ მათ აქვთ რაღაც რესპირაციული ინფექცია და არ იკეთებენ ტესტს. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. ყველა, ვისაც ექნება ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომები, ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, რომ დაუყოვნებლივ, იმავე დღეს, ან მაქსიმუმ მეორე დღეს, უნდა გაიკეთოს სწრაფი ტესტი კოვიდზე. ეს არის უფასო.
თუ კოვიდი დადასტურდება, მაშინვე უნდა შევიდეს კომუნიკაციაში ოჯახის ექიმთან. თუ ის არის ასაკოვანი, თუ მას აქვს თანმხლები დაავადებები, აქვს მძიმე ფორმა, დაუნიშნავენ „პაქსოვიდის“. თუ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო – „რემდესივირს“. მინდა ყველამ დაიმახსოვროს, რომ პირველ სამ დღეში დანიშნული „პაქსოვიდი“ და „რემდესივირი“ პრაქტიკულად 100%-იან გარანტიას იძლევა, რომ თქვენ არ დამძიმდებით, არ მოგიწევთ ჰოსპიტალიზაცია, განსაკუთრებით, რეანიმაციაში მოხვედრა და არ დადგება ლეტალური გამოსავალი. ბოლო 4-5 თვის განმავლობაში პაციენტებს, რომლებსაც ჩვენ პირველივე დღეებში დავუწყეთ „რემდესივირი“ ან „პაქსოვიდი“ (ეს არის უახლესი, ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტი, რომელიც საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა), არცერთი მათგანი არ დამძიმებულა, არ მოხვედრილა ჰოსპიტალში და არ გარდაცვლილა. ეს არის უნიკალური შედეგი”.
კომენტარები