ცოტა ხნის წინ, ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განცხადება დაუნინგ-სტრიტზე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა:
„კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის არჩევის პროცესი ახლავე უნდა დაიწყოს, მე ვრჩები თანამდებობაზე სანამ მას აირჩევენ. მე მადლობას ვუხდი ხალხს მხარდაჭერისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ განვითარება, გავაგრძელოთ გაერთიანებული სამეფოს ყველა პოტენციალის გამოვლენა. თუ ამას შევძლებთ, ევროპაში ყველაზე აყვავებულები ვიქნებით“, – განაცხადა ჯონსონმა.
ცნობისთვის, ბრიტანეთში დიდი პოლიტიკური კრიზისია, რომელიც 5 ივლისს კიდევ უფრო გამწვავდა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ჯანდაცვის მდივანმა და კანცლერმა თანამდებობები დატოვეს.
მინისტრების გადადგომა იმის ფონზე მოხდა, რომ კონსერვატიული პარტიის მნიშვნელოვანმა ფუნქციონერმა კრის პინჩერმა პარტიული თანამდებობა დატოვა. პინჩერი ერთ-ერთ კლუბში გამართულ წვეულებაზე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ კაცებზე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.
ბოლო დროს კონსერვატიულ პარტიაში სხვა პრობლემებიც შეიქმნა. აპრილში პირველად დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პრემიერ-მინისტრი პოლიციამ დააჯარიმა, რადგანაც ის კოვიდშეზღუდვების დარღვევაში დაადანაშაულეს.
ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა.
კომენტარები