ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.
– ბატონო გია, პირველი თქვენ იყავით ქართველ ესპერტთაგან და პოლიტიკოსთაგან, რომელმაც გააცხადეთ, რომ ქუჩაში გამოსული პროტესტანტების მოთხოვნა – გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, შედეგს არ მოუტანდა, აუცილებელი იყო ბიძინა ივანიშილის კულისებიდან გამოყვანა და მასთან დიალოგი. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციას იდეების ნატამალი არ გააჩნია, კომენტატორებად იქცნენ. მათაც ხომ შეეძლოთ ეს ყველაფერი გაეთვალათ, ან ადრევე დაგთანხმებოდნენ?
– სამწუხაროდ, ჩვენ მთელი პოლიტიკური ელიტის კრიზისი გვაქვს. მე არ მაქვს პრეტენზია, რომ მე რაღაცას ვამბობდი და ოპოზიცია ბოლოს დაეთანხმა ჩემს მოსაზრებას. თუ დღეს ისე ფიქრობენ, ჩემსავით, ხედავენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარდა სხვა არავისთან და არანაირ საკითხზე აზრი არ აქვს მოლაპარაკებას, იმოქმედონ მერე, რომ ეს კაცი გამოვიდეს დღის სინათლეზე, აიღოს პასუხისმგებლობა. დღეს ისეთი ვითარებაა, ივანიშვილს ყველაფერის უფლება აქვს, ყველაფერს აკეთებს და არაფერზე პასუხისმგებელი არ არის. ხომ ხედავთ, პოლიტიკური სოციოპათების პირით გველაპარაკება, როგორიც ირაკლი კობახიძე და სხვები არიან. ასე არაფერი გამოვა. პოლიტიკოსებმა უნდა მოიფიქრონ, რა წესით გამოგვყავს ბიძინა ივანიშვილი ჩრდილიდან. ეს უნდა მოიფიქრონ და შესაბამისად იმოქმედონ. ასე იყოსო, ზეპირად რომ ამბობ, ეგ ერთია, მაგრამ მოქმედების გარეშე არაფერი გამოვა. გეგმა უნდა ჰქონეთ, როგორ გამოიყვანონ ის კაცი ჩრდილიდან.
– თქვენ არ გაქვთ გეგმა, თუ როგორ არის შესაძლებელი ბიძინა ივანიშვილის კულისებიდან სამზეოზე გამოყვანა?
– მე მაქვს გეგმა, მაგრამ ამაზე ხომ არ ვილაპარაკებ ხმამაღლა?!
– პოლიტიკოსებს რომ მიაწოდოთ თქვენი გეგმა და მათ იმოქმედონ მაგ გეგმის მიხედვით?
– მე ვიცი, როგორ უნდა ვაიძულოთ ბიძინა ივანიშვილი, გამოვიდეს ჩრდილიდან.
– მაგრამ ჯერ მაინც არ ამბობთ.
– არა, „ჯერზე“ არ არის საქმე, ამას მოქმდება უნდა, მარტო ლაპარაკი არ უშველის.
– ის 100 თუ 150 ათასი კაცი, რომელიც ქუჩაში გამოვიდა პროტესტის გამო, აქციის ორგანიზატორებს ბიძინა ივანიშვილის სახლთან რომ მიეყვანათ და არ დაშლილიყვნენ, ეს აიძულებდა მას, გამოსულიყო ჩრდილიდან?
– რა არის იცით, საერთოდ პროცესს უნდა ვუყუროთ სისტემურად. ერთი რაიმე კონკრეტული ქმედებით რაღაცის გაკეთება არის შეუძლებელი. მით უფრო, პოლიტიკაში და თან ასეთ მნიშვნელოვან შედეგამდე მიღწევა. მრავალმხრივი და სისტემური მუშაობაა საჭირო. მაგალითისთვის გეტყვით, ზოგადად. ერთი, რომ აქ უნდა ხდებოდეს მუდმივი აპელირება იმაზე, რომ ივანიშვილი უნდა იყოს მოლაპარაკებებში. თუ უნდა, ნუ დაირქმევს პოლიტიკოსს, 20/30-ის პროექტით შემოვიდეს მოლაპარაკებებში, რა მნიშვნელობა აქვს. აქ უნდა იყოს მუდმივი, ყოველდღიური წნეხი და ყველა სხვის, ივანიშვილის მარიონეტების იგნორირება, ვისაც მოლაპარაკებებზე გამოგზავნის. მეორე, გარედან სანქციების მუქარა. ჯერ ისედაც ვხედავთ, რამდენად რეალური გახდა ივანიშვილის დასანქცირების საკითხი. გარედან, ევროპიდან, ევროპელი პოლიტიკოსებისგან იმის თქმა, რომ დაელაპარაკე ხალხს, თორემ აგერ უკვე ყველაფერი გამზადებულია და მიიღებ სანქციებს. ამის მერე, რა თქმა უნდა, გამოვა და დაელაპარკება ხალხს. ამის შემდეგ, როგორც კი გამოვა და საკუთარ პასუხისმგებლობას აღიარებს, აი, მერე უნდა დაუჯდე და ელაპარაკო კონკრეტულ საკითხებზე და კონკრეტული მოთხოვნები უნდა დაუყენო.
კომენტარები