ფოტო – ფლანგვის დეტექტორი
ფლანგვის დეტექტორი აქვეყნებს მასალას სათაურით – “ვინ ეხმარება ალტ–ინფოს”, მასალას უცვლელად გთავაზობთ:
ალტ-ინფოს ტელევიზიას ოფიციალური დოკუმენტებით სათანადო შემოსავლის არმქონე მეწილეები აფინანსებენ. ძალადობრივი ჯგუფებისთვის უკეთეს მედიადაფარვას კი კომუნიკაციების კომისია უზრუნველყოფს.
ალტ-ინფო 2019 წლის 28 იანვარს დაფუძნდა და ამ დღიდან ანტიდასავლური, პრორუსული და ძალადობრივი გზავნილებით გამოირჩევა. სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ქადაგება 2021 წლის 5 ივლისს თბილისში მოწყობილი პოგრომით დაგვირგვინდა. ალტ-ინფოს მიერ ჰომოფობიურ მოტივებზე ორგანიზებულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 55 ადამიანი დაშავდა. აქედან 53 ჟურნალისტი იყო. ფიზიკური ანგარიშსწორებიდან ორ დღეში გარდაიცვალა ოპერატორი ლექსო ლაშქარავა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ალტ-ინფომ პრორუსული რიტორიკა კიდევ უფრო გააძლიერა. DRI-ის ანგარიშში ვკითხულობთ: “ალტ-ინფოს ეთერში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს პრორუსული, პროპაგანდისტული მედია კამპანია, რომლის თანახმადაც, ომის მაპროვოცირებელ ძალად წარმოჩენილია დასავლეთი. გარდა ამისა, ალტ-ინფოს წამყვანები ცდილობენ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ხაზი გაუსვან საქართველოს რუსეთთან დაახლოებისა და პირდაპირი დიალოგის აუცილებლობას, როგორც ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზას”.
მსგავსი გზავნილების ტირაჟირების გამო, ორგანიზაციამ “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI), ალტ-ინფოს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უჩივლა. საინტერესოა, რომ კომისიამ „ალტ-ინფოზე“ ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა, თუმცა საჩივარი განსახილველად არ მიიღო.
GMC “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარეს, ედუარდ მარიკაშვილს დაუკავშირდა და საქმეზე მისი, როგორც განმცხადებელი მხარის შეფასება მოისმინა.
ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, კომუნიკაციების კომისიამ მისთვის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო და თავიდან აირიდა პასუხიმგებლობა, კიდევ ერთხელ დაეჯარიმებინა ალტ-ინფო მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევისთვის.
მხარე ითხოვდა კომისიას ალტ-ინფო სამართალდამრღვევად ეცნო არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მქონე ისეთი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის რესპუბლიკაში დაწყებულ ომის, როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევას, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს ამართლებს და აიდეალებს.
მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, ასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მქონე ინფორმაციის გავრცელების შეფასება და რეაგირება სრულად ექცევა კომისიის კომპეტენციაში.
საინტერესოა ისიც, რომ კომუნიკაციების კომისიას ერთხელ, 2021 წლის აპრილში უკვე მოუწია ალტ-ინფოს დაჯარიმება არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მქონე ინფორმაციის გავრცელებისთის. ამ შემთხვევაში ალტ-ინფოს ეთერში დადებითად იყო შეფასებული არასრულწლოვანზე აღზრდის მიზნით ძალადობა.
უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ფრთხილად განსაზღვრულმა სტრატეგიამ კომუნიკაციის კომისიას რთული გადაწყვეტილების მიღების წინაშე დააყენა, თუმცა კომისიამ პასუხისმგებლობისგან თავის არიდება სცადა. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მსჯელობის ნაცვლად კომისიამ განაცხადა, რომ ალტ-ინფოს ეთერში გაჟღერებული ინფორმაცია ომის პროპაგანდის შემცველია, რაც თავის მხრივ უფრო საზიანო და მნიშვნელოვანი დანაშაულია, ვიდრე არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მოხდენა, ხოლო თავად ომის პროპაგანდა არა კომისიამ, არამედ თვითრეგულირების ორგანომ უნდა განიხილოს. თუმცა, კომისიამ მეორეს მხრივ დაადასტურა რომ სადავო განცხადებები დანაშულის დადებითად წარმოჩენასაც წარმოადგენდა.
ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, ის დავას აგრძელებს და ახლა უკვე სასამართლოში შეეცდება დაამტკიცოს, რომ კომუნიკაციის კომისიამ მის ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტი არ გამოიყენა და საკუთარ უფლებამოსილებას თავი აარიდა. რესპოდენტის განცხადებით, კომუნიკაციის კომისიამ იცოდა, რომ თუ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმსჯელებდნენ, მოუწევდათ აღიარება, რომ ალტ-ინფომ 1 წლის განმავლობაში უკვე მეორედ დაარღვია კანონი და შესაძლო გახდებოდა, დღის წესრიგში ლიცენზიის შეჩერების საკითხიც დამდგარიყო.
შეზღუდვის ნაცვლად, კომუნიკაციების კომისიამ იზრუნა იმაზე, რომ ალტ-ინფოს მაუწყებლობა უფრო გაზრდილიყო. 2022 წლის 17 მარტს კომისიამ განსახილველად მიიღო და დააკმაყოფილა ალტ-ინფოს მოთხოვნა მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებასთან დაკავშირებით. კომისიამ ვერ დაინახა ვერანაირი დაბრკოლება და ალტ-ინფოს ტელევიზიის გავრცელების ტექნოლოგიას დაემატა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების საშუალებით მაუწყებლობა.
ტელევიზიის გარდა, ალტ-ინფო სოციალური ქსელშიც უფრო საფუძვლიანად არის წარმოდგენილი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. 2020 წელს „სამართლიანმა არჩევნებმა“ ალტ-ინფოსთან დაკავშირებული 34 ფეისბუქგვერდი გამოავლინა, რომლებიც კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას ავლენდნენ.
კომუნიკაციის კომისია – მიუკერძოებელი ორგანო?!
დებულების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისია საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა. კომისია ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის წინაშე და ხელისუფლების სამივე შტოს წარუდგენს თავისი საქმიანობის წლიურ ანგარიშს.
კომუნიკაციების კომისია მაუწყებლობისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში მთავარი მარეგულირებელ ორგანოა. მისი მოვალეობაა, გააძლიეროს კონკურენცია საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის ბაზრებზე, უზრუნველყოს მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და გამჭვირვალე და სამართლიანი გარემო.
თუმცა კანონით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მიუხედავად, კომისიის საქმიანობა ხშირად უარყოფითად არის შეფასებული. კომისია კრიტიკის ობიექტია მისი მიკერძოებულობისა და არაეფექტური გადაწყვეტილებების გამო. კომისიის პოლიტიზირებულ გადაწყვეტილებებზე საუბარია სხვადასხვა ანგარიშებში, მათ შორის მედიის მდგრადობის ინდექსის 2017–2018 წლის, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 წლის, მედიის გავლენის მატრიცის 2020 წლის და კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” 2020 წლის ანგარიშებში.
კომისიის წევრებს ხშირად ადანაშაულებდნენ პოლიტიკოსებთან კავშირებსა და მათთან საეჭვო გარიგებებში. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე კომისია მისი პოლიტიკითა და გადაწყვეტილებებით ცდილობს გააჩუმოს კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია გარკვეული პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ. საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებით მარეგულირებლის მიდგომა 2016-2019 წლის წინასაარჩევნო პერიოდში შერჩევითი იყო და მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებს უფრო მძიმე სასჯელს აკისრებდა.
თავად კომისიის თავმჯდომარე, კახი ბექაური თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა, რადგან თანამდებობის დაკავებისათვის კანონით დადგენილი აკადემიური ხარისხი არ გააჩნდა. კახი ბექაური მათემატიკოსია, მაშინ როდესაც კანონი კომისიის წევრობისთვის აუცილებელ პირობად სხვა სპეციალობის განათლებას ითხოვს. ამასთანავე, კახი ბექაური წარსულში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის, “მეცხრე არხის” დირექტორი იყო. სწორედ მე-9 არხიდან წამოსვლის შემდეგ გახდა იგი ჯერ კომისიის წევრი, შემდეგ კი თავმჯდომარე.
ტელევიზია ალტ-ინფოს მესაკუთრეები
ალტ-ინფოს სადამფუძნებლო დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის დამფუძნებლები ციალა მორგოშია და შოთა მარტინენკო არიან, რომლებიც საწყის ეტაპზე თანაბრად ინაწილებდნენ წილებს და კომპანიის 50-50%-ს ფლობდნენ. შოთა მარტინენკო ასევე იკავებდა დირექტორის პოზიციას.
მოგვიანებით, 2022 წლის მარტში, კომპანიაში ცვლილებები შევიდა და 100% მესაკუთრე ციალა მორგოშია გახდა. შეიცვალა კომპანიის დირექტორიც და შოთა მარტინენკოს ადგილი თამარ კაჭარავამ დაიკავა. ცვლილებების დოკუმენტის თანახმად შოთა მარტინენკომ ალტ-ინფოს წილები უსასყიდლოდ დაუთმო ციალა მორგოშიას. ამავე თვეში კიდევ ერთხელ განხორციელდა ცვლილებები. ამჯერად კომპანიის 50% ციალა მორგოშიამ უსასყიდლოდ დაუთმო ალექსანდრე ქარდავას, რომელიც ამავდროულად კომპანიის დირექტორიც გახდა.
მიმდინარე მდგომარეობით კომპანიის წილებს ციალა მორგოშია და დირექტორი ალექსანდრე ქარდავა იყოფენ (50/50%).
ალექსანდრე ქარდავა გიორგი ქარდავას ძმა და ალტ-ინფოს პარტიის, კონსერვატიული მოძრაობის სარევიზიო კომისიის წევრია. თავად გიორგი ქარდავა კი ალტ-ინფოს ერთ-ერთი წამყვანი და კონსერვატიული მოძრაობის გენერალური მდივანია.
აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით კომპანიის პარტნიორის ცვლილებაზე მოთხოვნა კონსტანტინე მორგიშიამ გააკეთა, შესაბამისად ცვლილებებს ხელს ციალა მორგოშიას ნაცვლად კონსტანტინე მორგოშია აწერს.
2022 წლის 8 აპრილიდან კონსტანტინე მორგოშია ციალა მორგოშიას (მისი მამიდის) მიერ გაცემული უვადო მინდობილობით სარგებლობს, რაც მას საშუალებას აძლევს, ციალა მორგოშიას სახელით, განახორციელოს კომპანიასთან დაკავშირებული ყველა ქმედება.
უფრო დეტალურად კი აღნიშნული მინდობილობით, კონსტანტინე მორგოშიას მიენიჭა ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირთან ციალა მორგოშიას სახელით ურთიერთობის და ნებისმიერი სახის გადაწყვეტილების მიღების უფლება. აგრეთვე, ციალა მორგოშიას საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონების განკარგვისა და მართვის, იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებების გაფორმების უფლება. კონსტანტინე მორგოშია ასევე უფლებამოსილია პარტნიორთა კრებას დაესწროს ციალა მორგოშიას ნაცვლად და ისარგებლოს ხმის მიცემის უფლებით. მინდობილობის ამ ჩანაწერით ცხადია, რომ ტელევიზია ალტ-ინფოს უკან სინამდვილეში კონსტანტინე მორგოშია დგას.
რატომ უწევს კონსტანტინე მორგოშიას მინდობილობით სარგებლობა? საქმე იმაშია, რომ მორგოშია ამ დრომდე მოვალეთა რეესტრშია რეგისტრირებული. საქართველოს კანონმდებლობა აძლევს მას საშუალებას, თავი აარიდოს დაკისრებულ ჯარიმას და სხვისი დახმარებით განახორციელოს ყველა ის საქმიანობა, რომელიც კანონით შეზღუდული აქვს.
აქედან გამომდინარე, კონსტანტინე მორგოშია უკვე წლებია, რაც საკუთარი თავზე ქონებას არ აფორმებს, რაზეც უფრო დეტალურად ჩვენს ერთ-ერთ კვლევაში მოგითხრობთ. ამავე კვლევის თანახმად, კონსტანტინე მორგოშია ხშირად ჩნდებოდა ციალა მორგოშიას უძრავი ქონების განკარგვაში როგორც მისი მინდობილი პირი. დოკუმენტები ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ციალა მორგოშიას უკან სინამდვილეში კონსტანტინე მორგოშია დგას, რომელიც ქონების და კომპანიების განსაკარგავად მამიდას იყენებს. ამას ადასტურებს ციალა მორგოშიას მინდობილობაც, რომელიც 2020 წლის 29 სექტემბერს კონსტანტინე მორგოშიაზეა გაცემული.
საიდან ფინანსდება ალტ-ინფო?
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციის თანახმად, ალტ-ინფოს ფინანსური შემოსავლის ძირითადი წყარო მაუწყებლის მფლობელთა შემოწირულობაა. კომპანიის დაფუძნების მომდევნო წელს ალტ-ინფოს შემოსავალი არ მიუღია. კომუნიკაციების კომისიის ცნობით, კომპანიას 2020 წელს თანხა არც შემოწირულობების სახით და არც რეკლამირებიდან უფიქსირდება.
განსხვავებული მდგომარეობაა 2021 წელს, როდესაც ალტ-ინფომ 571,052 ლარი მიიღო მაუწყებლობის მფლობელის შემოწირულობის სახით, ხოლო რეკლამირებიდან შემოსავლის სახით 6,964.41 ლარი მიიღო. 2022 წლის პირველ კვარტალშიც შემოსავლის მთავარი კომპანიის მფლობელი იყო. კერძოდ, ალტ-ინფომ მფლობელისგან შემოწირულობის სახით ₾ 223,800 ლარი მიიღო, ხოლო რეკლამირებიდან შემოსული თანხა, გასული წლის მსგავსად ისევ მიზერულია და ₾ 2,127 ლარს შეადგენს.
მფლობელის შემოწირულობა/ |
რეკლამა |
|
2021, I კვარტალი |
₾7,366 |
₾850 |
2021, II კვარტალი |
₾20,939 |
₾2,550 |
2021, III კვარტალი |
₾ 267,747 |
₾1,700 |
2021, IV კვარტალი |
₾ 275,000 |
₾1,864.41 |
2022 I კვარტალი |
₾ 223,800 |
₾ 2,127 |
ჯამში, 2021 წლისა და 2022 წლის პირველ კვარტალში ალტ-ინფოს შემოსავლების ძირითადი წყარო თავად მაუწყებლბის მფლობელია. მან მაუწყებლობას 794,852 ლარი გადასცა. რეკლამირებიდან კი მაუწყებლობამ მხოლოდ 9,092 ლარი მიიღო. 2020-2022 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში კომპანიის მფლობელები ციალა მორგოშია და შოთა მარტინენკო იყვნენ. შესაბამისად, ალტ-ინფოს სწორედ ისინი აფინანსებდნენ. საინტერესოა როგორ მოახერხეს მათ ამ მოცულობის თანხების მობილიზება.
ციალა მორგოშია ალტ-ინფოს გარდა წილებს ფლობს 6 კომპანიაში. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონის მიხედვით, კომპანიას, რომლის წლიური შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება, არ აქვს ფინანსური ანგარიშგების საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულება.
საინტერესოა, რომ ციალა მორგოშიას არც ერთი კომპანია არ აქვეყნებს ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიებს მესაკუთრეებისთვის დიდი შემოსავალი არ მოაქვს. მეორე მხრივ, ციალა მორგოშია ამ მოცულობის თანხების მობილიზებას ვერც უძრავი ქონებიდან შეძლებდა, რადგან 2019-2022 წლის განმავლობაში მას არ უფიქსირდება უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევები, საიდანაც თანხის მიღებას შეძლებდა.
ამ პერიოდის განმავლობაში, 2021 წლის 1 მარტს ციალა მორგოშიამ იყიდა მიწის ნაკვეთი, რომელიც მოგვიანებით ამავე წლის 30 ივნისს გაყიდა, თუმცა აღნიშნული ქონება 2022 წლის 4 მარტს ისევ იყიდა. შესაბამისად, იმის გამო, რომ ქონება გაყიდვის შემდეგ ისევ უკან დაიბრუნა შემოსავლის წყაროდ აღნიშნულ ნასყიდობასაც ვერ ჩავთლით.
რაც შეეხება შოთა მარტინენკოს, ალტ-ინფოს გარდა იგი წილებს ფლობს შპს საქართველოს ტურიზმის სააგენტოში. თუმცა როგორც ციალა მორგოშიას კომპანიების შემთხვევაში, აქაც კომპანიას არ უფიქსირდება ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის შემოსავალი მცირე ან საერთოდ არ-არსებულია.
შოთა მარტინენკოს სახელზე მხოლოდ ბორჯომში მდებარე უძრავი ქონება ფიქსირდება, რომელიც 2010 წელს შეიძინა. ამის შემდეგ მას ქონების არც ყიდვის და არც გაყიდვის შემთხვევები არ უფიქსირდება.
ეს ყოველივე აღძრავს ეჭვს, რომ ალტ-ინფოს ფინანსების წყაროზე, რადგან არსებული შემოსავლებით ძნელად დასაჯერებელია, რომ ციალა მორგოშიას და შოთა მარტინენკოს ალტ-ინფოს ტელევიზია 2021-2022 წლებში 794,852 ლარით დაეფინანსებინათ.
კომენტარები