სოციალურმა გიგანტმა YouTube-მ დაბლოკა კრემლის მომხრე რეჟისორ ტიგრან კეოსაიანის არხი “Кеосаян Daily”. ამის შესახებ ცნობას ავრცელებს კეოსაიანის ცოლი, ტელეარხ RT-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი.
“ტიგრანის არხი ჩაახშვეს YouTube-ზე. რა თქმა უნდა, უმიზეზოდ, როგორც მათ იქ “თანამეგობრობაში” სჩვევიათ. მაგრამ ის მხოლოდ გახარებულია”, – წერს სიმონიანი.
აპრილის ბოლოს კეოსაიანმა, თავის ერთ-ერთ ვიდეოში გამოაქვეყნა კომენტარი ყაზახეთში 9 მაისის აღლუმის გაუქმების შესახებ, რომელშიც ქვეყნის ხელისუფლება დაადანაშაულა “უმადურობასა” და “ღალატში” და მათ უკრაინის მაგალითი მოუყვანა. ამ განცხადებების შემდეგ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კეოსაიანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
8 ივლისს ტიგრან კეოსაიანი სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა კანადა, რომლის ხელისუფლებამ სანქცირებულ პირებს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული აგენტები უწოდა. მანამდე კეოსაიანი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის პირადი სანქციების ქვეშ მოექცა.
კომენტარები