ნიკა გვარამიას მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით , აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა კევინ ბურკმა მას უთხრა, რომ კელი დეგნანს აინტერესებდა, რატომ მიიღო ნიკა გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით, რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩხიკვაძის თქმით, ბურკმა ასევე უთხრა, რომ აშშ-ში მოსამართლეების დაგეგმილ ვიზიტში მისი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოიღეს.
ამაზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა და თქვა:
“მე ველოდებოდი მკაფიო განმარტებას და უარყოფას იმისა, რომ ასეთი ჩარევა არ მომხდარა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს წარსულში, როდესაც აგორებული იყო კამპანია ამ ზეწოლასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის საელჩოდან არავინ ამას არ იკადრებდა და, შესაბამისად, სწორედ ასეთ პასუხს ველოდით ამერიკის ელჩისგან, რომ ის დარწმუნებული იყო, ამერიკის საელჩოში ეს არავის უკადრია. შესაბამისად, ვფიქრობდი, რომ ის უარყოფდა იმ ბრალდებას, რომელიც გაისმა მოსამართლე ჩხიკვაძის მხრიდან, თუმცა ეს არ მოვისმინეთ, რაც არის ძალიან დამაფიქრებელი და ძალიან შემაშფოთებელი.
კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის საინტერესოა, მივიღოთ მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, თან ასეთი უხეში ფორმით, როგორზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე. ან უნდა იყოს ეს ფაქტი უარყოფილი მკაფიოდ და ცხადად, ან უნდა ვიღაცამ აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ განხორციელდა კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან ზეწოლა ქართველ მოსამართლეზე. ”
კომენტარები