ჟურნალისტი, Factcheck–ის წარმომადგენელი, მალხაზ რეხვიაშვილი, აქვეყნებს ლინკს და წერს:
“გუშინ სასამართლო მოვიგეთ.
სამ მილიონს გვთხოვდა მომჩივანი, რეპუტაციული ზიანის ასანაზღაურებლად. რეპუტაცია, როგორც ამტკიცებდა, ჩვენმა სტატიამ შეულახა. სტატიაში, მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია – “პერეკისი” კურნავს კოვიდს” – შევაფასეთ, როგორც დეზინფორმაცია.
სასამართლოში მოვიგეთ არა მარტო ის ნაწილი, რომ ჩვენ არავის რეპუტაცია არ დაგვიზიანებია, არამედ მოსამართლემ სარჩელი აშკარად უსაფუძვლოდ მიიჩნია და ჩვენი შეგებებული სარჩელი დააკმაყოფილა. პრეცედენტული საქმეა მოკლედ.
მადლობა GDI-ს და პერსონალურად Mari Kapanadze-ს.
აქვე – აჭარის ტელევიზიამ ყალბი ინფორმაციით რეპუტაციის შელახვის გამო გამომიშვა სამსახურიდან (სინამდვილეში – კრიტიკული ფეისბუქ პოსტის გამო გამომიშვეს). 28 ივლისს მექნება პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში. როგორ ფიქრობთ, ერთ თვეში ორი სასამართლოს მოგება ხომ არ გადამღლის? თქვენ სად დაისვენებდით?”
Factcheck–ის ოფიციალური განცხადება:
თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე სოსო ღურწკაიამ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო და ცილისწამების საქმეზე “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი აშკარად უსაფუძვლოდ მიიჩნია.
საქმე ეხება გიორგი ლომიძის სარჩელს, რომლითაც მოსარჩელემ სადავოდ გახადა FactCheck.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში (https://bit.ly/3OiECCg) გავრცელებული ცნობები. სტატიაში მითითებული იყო, რომ გიორგი ლომიძის ვიდეომიმართვა (https://bit.ly/3OnG5Y3) სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ წყალბადის ზეჟანგის (პერეკისის) გამოყენებასთან დაკავშირებით, დეზინფორმაციას შეიცავდა. მოსარჩელე ითხოვდა ცნობების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 3 მილიონი ლარის ოდენობით.
სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო და საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად არ დააკმაყოფილა სარჩელი. თუმცა მან ასევე იმსჯელა GRASS-ის მიერ შეტანილ შეგებებულ სარჩელზე, რომლითაც ორგანიზაცია ითხოვდა აშკარად უსაფუძვლო სარჩელის გამო ფულად ანაზღაურებას 1000 ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როდესაც სასამართლომ მოპასუხის მიერ წარდგენილი შეგებებული სარჩელის საფუძველზე იმსჯელა “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლზე, რომელშიც მითითებულია, რომ “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის მიზნით ცილისწამების შესახებ აშკარად უსაფუძვლო სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მოპასუხეს უფლება აქვს მოითხოვოს მოსარჩელისაგან გონივრულ ფარგლებში ფულადი ანაზღაურების მიღება.”
მოცემულ შემთხვევაში გავრცელებული ცნობები არ ეხებოდა მოსარჩელეს, არამედ სადავო სტატიაში საუბარი იყო წყალბადის ზეჟანგის თვისებებსა და მისი დალევის შემთხვევაში ჯანმრთელობისათვის სახიფათო შედეგებზე. შესაბამისად, განცხადებები ვერ შელახვდა მოსარჩელის პატივს, ღირსებასა თუ საქმიან რეპუტაციას.
იმის გათვალისწინებით, რომ საჯაროდ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები არაერთხელ ყოფილა სასამართლოში დავის დაწყების საფუძველი, რაც სასარჩელო მექანიზმის ბოროტად გამოყენებას, ჟურნალისტების/მედიის გაჩუმებასა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაზე მიანიშნებს, მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომელიც მსგავსი სარჩელების სამიზნეებს მისცემს შესაძლებლობას სასამართლოს გზით აღიდგინონ მათი უფლება. ამასთან, მოცემული საქმე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ცილისწამების საფუძვლით შეტანილი სარჩელები არ იქნას გამოყენებული კრიტიკული განცხადებებისათვის მსუსხავი ეფექტის შექმნის ერთ-ერთ საშუალებად. ამდენად, მსგავსი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად დააზღვევს GRASS-სა და სხვა ორგანიზაციებს, რათა მათ შეძლონ დეზინფორმაციის წინააღმდეგ საქმიანობის ეფექტურად განხორციელება და არ გახდნენ აშკარად უსაფუძვლო სარჩელების ადრესატები.
„საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ 2013 წლიდან ახორციელებს ფაქტების გადამოწმების პროექტს – „ფაქტ-მეტრი“ (FactCheck.ge). პროექტი გულისხმობს საჯარო სივრცეში გაკეთებულ განცხადებებსა და გავრცელებულ ინფორმაციაში მოცემული ფაქტების გადამოწმებას. 2020 წლის სექტემბრიდან, GRASS და მისი პროექტი FactCheck.ge Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის პარტნიორია. სწორედ, აღნიშული თანამშრომლობის ფარგლებში მომზადდა სადავო სტატია, რომელიც მიზნად ისახავდა COVID 19-ის პანდემიის კონტექსტში, Facebook-ის პლატფორმაზე COVID-19-თან დაკავშირებული ყალბი ინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლას და მომხმარებელთათვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას.
ააიპ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ინტერესებს სასამართლოში GDI იცავს.
კომენტარები