საქართველოს მთავრობა კახეთში ახალ 4-ზოლიან მაგისტრალს აშენებს. პროექტისთვის 538 მილიონი ლარის ღირებულების სამი კონტრაქტი უკვე გაფორმებულია, რაც საგარეჯომდე 35.2 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთის მშენებლობას ითვალისწინებს.
რამდენიმე დღის წინ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ამ გზის შემდეგი 17-კილომეტრიანი მონაკვეთისთვის 295 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომელმაც მაგისტრალი საგარეჯოდან ბადიაურამდე უნდა გააგრძელოს.
პარალელურად, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, რომელიც ამ გზისთვის საჭირო ტერიტორიის შესაძენად მიწების ექსპროპრიაციას გულისხმობს.
ბრძანების თანახმად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ვერ მიაღწია მოლაპარაკებას კონკრეტულ მიწის მესაკუთრეებთან, რის გამოც, სახელმწიფო მათ უძრავ ქონებას ექსპოპრეაციის გზით მიიღებს. საუბარია 2,875 კვადრატული მეტრის უძრავი ნაკვეთის ექსპროპრიაციაზე.
კახეთის მიმართულებით ახალი მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით უკვე არსებული კონტრაქტები ასე ნაწილდება:
1) თბილისი-ვაზიანის შემოვლითი 3.7 კილომეტრის სიგრძის მშენებლობის ტენდერში კომპანია New Road-მა გაიმარჯვა, რომელიც პროექტს 64 მილიონ ლარად ააშენებს.
2) ვაზიანი-საგარეჯოს 23.8-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულია China Road and Bridge Corporation-ი, რომელიც პროექტს 313.4 მილიონ ლარად ააშენებს, შესაბამისად, ერთი კილომეტრის გზის მშენებლობა ბიუჯეტს 13.2 მილიონი ლარი დაუჯდება. ამ ლოტის მშენებლობა 30 თვეში უნდა დასრულდეს.
3) საგარეჯოს შემოვლითი გზის 7.66 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულია Gocay Insaat Taahhut ve Ticaret-ისა და “მაქრო ქონსთრაქშენის” კონსორციუმი, რომელიც პროექტს 149.9 მილიონად ააშენებს. შესაბამისად, ერთი კილომეტრი გზის მშენებლობა ბიუჯეტს 19.6 მილიონი ლარი დაუჯდება. ამ ლოტის მშენებლობა 24 თვეში უნდა დასრულდეს.
წყარო : ბიზნეს–მედია.
კომენტარები