ანი დვალიშვილი
ბოლო დროს, კერძო კლინიკების ხელმძღვანელთა წუწუნი გახშირდა და ისინი ჯანდაცვის სამინისტროს ახალ რეგულაციებს სთხოვენ. საუბარი არ არის მხოლოდ ფასების გაზრდაზე (დღეს ჯანდაცვის სისტემა კლინიკებს საყოვლთაო დაზღვევის ფარგლებში, 2013 წელს დადგენილი ტარიფით უხდის), საუბარია კოვიდ-კოდის გააქტიურებაზე და ახლავე აგიხსნით, ეს რას ნიშნავს. აქამდე ასე იყო – კოვიდით დაავადებული ადამიანებისთვის მკურნალობა უფასო გახლდათ და მას სრულად ჯანდაცვის სისტემა აფინანსებდა. მას შემდეგ, რაც ვირუსმა უკან დაიხია და ერთეული შემთხვევები იყო, სამინისტრომ აღნიშნული კოდით დაფინანსება უბრალოდ შეაჩერა და წესით, კორონავირუსით დაავადებულმა ადამიანებმა თავად უნდა გადაიხადონ მკურნალობის საფასური.
გასულ კვირას, 8 ათასამდე შემთხვევა იყო და როგორც კლინიკებში ამბობენ, პაციენტების 99%-ზე მეტმა, მკურნალობის ხარჯის დაფარვაზე უარი განაცხადა და მეტიც, კლინიკის პერსონალს ეჩხუბა, აგინა, შეურაცხყოფა მიაყენა. ამიტომ, კლინიკები ითხოვენ, რომ სამინისტრომ კოვიდით მკურნალობა კვლავ დააფინანსოს, რადგან მათთან პაციენტები მიდიან, მკურნალობენ და ფულს არავინ იხდის. კლინიკას კი თავის ხარჯი აქვს, საწოლფონდის გარდა, წამლები და ადამიანური რესურსი. როგორც სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გვითხრა, ჯანდაცვის სისტემა კოვიდს როგორც სეზონურ გრიპს, ისე გამოაცხადებს და სეზონური გრიპის შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია მინიმუმამდეა დასული და საავადმყოფოებსაც არ აქვთ ვალდებულება, ადგილზე უმკურნალონ. ისინი წამალს გამოუწერენ და პაციენტი ვალდებული იქნება, თავად შეიძინოს, დალიოს, გაიკეთოს. ანუ, როგორც წესი, ყველაფერი კვლავ მოსახლეობის ჯიბეზე გადაივლის.
კოვიდის გარდა, კლინიკებს იმ პრეპარატებისა თუ ინვენტარის პრობლემა უდგათ, რომელიც უკრაინიდან და რუსეთიდან შემოდიოდა და ახლა ეს ყველაფერი გაჩერებულია. მართალია, თურქული არხი გაიხსნა, მაგრამ არის რაღაცები, რაც კონკრეტულად იმ ორი ქვეყნიდან ბევრად ხარისხიანი და იაფი იყო. კლინიკების ხელმძღვანელები არ მალავენ, გაძლებაზე არიან და თუ წელს რაიმე არ შეიცვლება, ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის სისტემიდან გავლენ და შეეცდებიან, დამოუკიდებლად გააგრძელონ არსებობა, რაც პირველ რიგში სწორედ მოსახლეობას დაარტყამს, რადგან საყოველთაო დაზღვევის პაკეტს კონკრეტული საავადმყოფოები უბრალოდ აღარ მიიღებენ და გადახდას მოითხოვენ. ზოგადად, ჯანდაცვის სისტემაში ბევრი რამ არის დასალაგებელი და ყველა აღიარებს, რომ „დალაგებას“ კარგი მენეჯერი სჭირდება, რომლის უნარიც არც ეკატერინე ტიკარაძეს აღმოაჩნდა და მის შემცვლელს ხომ მით უმეტეს.
კომენტარები