თამო კეშელავა
მას შემდეგ, რაც სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი დააკავეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებული მასალის შესწავლის შემდეგ, გამოაქვეყნეს დოკუმენტი სათაურით: „ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების აპრობირებული მეთოდები საქართველოში“ და მოუწოდეს პროკურატურას, რომელსაც უკვე სრულად გადასცეს ფაილები, დაიწყოს გამოძიება.
რა მასშტაბის დანაშაულზეა საუბარი და რა სახის ფაილები გადასცა გოგაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს?
მუშაობის სქემა
ე.წ. მოხსენებითი ბარათები ქართული ოცნების რეგიონალური შტაბებიდან იგზავნება სამ მისამართზე: taso.butkhuzi@gmail.com, turqiadavid@gmail.com და gd.reg41@gmail.com – აქედან მონაცემი თავს იყრის ერთ მისამართზე securgd@gmail.com. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას, 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის იანვრის ჩათვლით, სულ 200–მდე წერილია დაფიქსირებული. securgd@gmail.com-ზე თავმოყრილი წერილები სიებითურთ, იგზავნებოდა ორ ელექტრონულ მისამართზე – gpataridze@justice.gov.ge-ზე და akhojevanishvili@yahoo.com-ზე. სოსო გოგაშვილის თქმით, პირველი მისამართი გიორგი პატარიძეს ეკუთვნოდა, რომელიც ამ პერიოდში იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა; მეორე მისამართი კი ალექსანდრე ხოჯევანიშვილის იყო, რომელსაც შსს–ს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა ეკავა.
„ეს ბიჭი საბურთალოელია და გლდანში მეხმარება“– პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის მოხსნა
მხოლოდ 2018 წლის არჩევნებისთვის – მთელი ქვეყნის მასშტაბით 1700–მდე პრობაციონერია ამ „პარტიულ“ სიაში. დოკუმენტებში წარმოდგენილია ყველა პირადი ინფორმაცია, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, რა მუხლითაა გასამართლებული, რამდენი აქვს მისჯილი, რა მოთხოვნა აქვს და არის გრაფა – შენიშვნა, სადაც, მაგალითად, ერთ დოკუმენტში წერია – „ეს ბიჭი საბურთალოელია, მეხმარება გლდანშიც და საბურთალოზეც“ – „ეს ბიჭი“ არის მამაკაცი, რომელსაც 2 წელი ჰქონდა მისჯილი მარიხუანას შეძენის/მოხმარების გამო და მოხდილი ჰქონდა 6 თვე. მეორე შენიშვნა – „ეს ბიჭი გლდანელია და გვეხმარება გლდანში, გლდანულაში, პატარა გლდანში და სოფელ გლდანში“ – ეს ბიჭი გასამართლებული იყო ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის შეძენისთვის, ან დამზადებისთვის. ორივე „ბიჭისთვის“ უნდა მოეხსნათ პირობითი და მეორე შემთხვევაში კი ნასამართლეობაც უნდა მოხსნილიყო.
რატომ უგზავნიდნენ ამ სიას იუსტიციის სამინისტროს? – პირობითის მოხსნას წყვეტს კომისია, რომლის 5 წევრიდან 2 იუსტიციის პრობაციის სააგენტოდანაა, 1 – იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურიდან, 1 იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან და 1 არასამთვარობოდან. გადაწყვეტილება მიიღება ხმების უმრავლესობით და ამ კომისიის წევრების უმრვალესობა არიან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში.
საერთაშორისო გამჭვირვალება საქართველომ გამოითხოვა ინფორმაცია, რამდენი პირი იქნა შეწყალებული 2018 წელს და აღმოჩნდა, რომ 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში კომისიამ წინა თვეებთან შედარებით არარეალურად ბევრი პირის პირობითი მსჯავრი გააქმა – შედარებისთვის, 2018 წლის იანვარში პირობითი მსჯავრი გაუუქმდა – 33–ს, ივლისში – 26–ს, აგვისტოში – 0–ს, ნოემბერში – 1883–ს და დეკემბერში კი – 2 227–ს. ჯამში, 2 თვეში 4110 ადამიანს მოეხსნა პირობითი მსჯავრი.
შეგახსენებთ, საპრეზიდნეტო არჩევნების პირველი ტური 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა, 28 ნოემბერს კი – მეორე ტური.
ბარემ იმასაც გეტყვით, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უპრეცედენტო მასშტაბის ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნების შემცველ შემთხვევას, ღიად და საჯაროდაც ჰქონდა ადგილი, როდესაც სახელმწიფოს აქტიური დახმარებითა და ჩართულობით „ქართუ” ფონდმა საქართველოს 600 000-მდე მოქალაქის ვალი დაფარა.
„შვილი გვეხმარება“, „შედეგზე აისახება“ – მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლება ციხიდან
პრობაციონერების სიების გარდა, securgd@gmail.com-დან იუსტიციის სამინისტროში გაგზავნილ წერილებში, ასევე, იყო ინფორმაცია 70-მდე მსჯავრდებულზე – ვის გათავისუფლებას ითხოვდნენ – მისი და მისი ოჯახის, ზოგ შემთხვევაში კი, ლამის მთელი უბნის დახმარების სანაცვლოდ – მაგალითად, ერთ წერილში გათავისუფლებას ითხოვენ პირის, რომელიც 1,78 გრ. მეტადონის გამო იხდიდა სასჯელს და შენიშვნაში წერია: – „შედეგზე კარგად აისახება, მთელი უბანი უწევს რეკომენდაციას. კიდევ ერთ პირზე, რომელიც ქურდობის მუხლითაა დაკავებული, წერენ, „შვილი გვეხმარება გლდანში დიდი რესურსით.“ რასაკვირველია, აქაც, ამ დოკუმენტებში, სრული პირადი მონაცემი წერია.
მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილებას იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო იღებს.
„გვეხმარება და…“ – შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნება
2018 წლის ოქტომბერი – 2019 წლის იანვრის შუალედში securgd@gmail.com-დან სავარაუდოდ შსს–ში იმ 900-მდე პირის სია გაიგზავნა, ვისაც შეჩერებული ან ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. სია ამჯერადაც სრულად მოიცავს პირად მონაცემს და ამ დეტალს იმიტომ ვუსვამ ხაზს, ყოველ ქვეთავში, რომ გასაგები იყოს, თუ იქნება სურვილი და ნება, არც ერთი ამ პირის პოვნის და გამოკითხვის პრობლემა გამოძიებას არ აქვს.
მართვის მოწმობის ჩამორთმევის ან შეჩერების მიზეზები მეტწილად თრობაა – ალკოჰოლით, ნარკოტიკული ნივთიერებით, კანაფით, შენიშვნებში კი წერია– გვეხმარება, მეხმარება…
რაც შეეხება სტატისტიკას, ამჯერადაც, 2018 წლის ნოემბერში, (სხვა თვეებთან შედარებით) ყველაზე მეტ ადამიანს დაუბრუნდა ჩამორთმეული მართვის მოწმობა.
ოცნების „ჯიგრული დასკვნა“ – სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო
დავიწყებ იმით, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო – პრემიერ–მინისტრის დაქვემდებარებაშია.
ფაილებშია ერთი დოკუმენტი, სადაც ვკითხულობთ, პირი, სახელად დავითი, დახმარების სანაცვლოდ ითხოვს პირობითის განახევრებას, მაგრამ, გარდა ამისა, სჭირდება ცნობა სამხარაულის ბიუროდან. იცის, რომ მარიხუანას მომხმარებელია, მაგრამ, ცხადია, არ სურს, მარიხუანით თრობა რომ დასკვნაში იყოს ასახული – ამიტომ, ნარკოლოგიური ცნობის გაყალბებას სთხოვს ქართულ ოცნებას, ქვეყნის მმართველ გუნდს, რომელიც თავის მხრივ, ამ წერილს ამისამართებს იუსტიციის სამინისტოსა და შსს–ში.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ, თავისი შარდი არ ანდო სამხარაულის ბიუროს. წერდა და წერს, თუ არა, სამხარაული „ოცნების“ დაკვეთით ყალბ დასკვნებს, ამაზე, წესით, გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი, ისევე, როგორც ყოფილმა პრემიერმა, თუკი რასაკვირველია, აქვს ინფორმაცია ყალბი დასკვნების მომზადების თაობაზე.
„შეცდომით“ დაწერილი ჯარიმა – საპატრულო ჯარიმის მოხსნა
გააჩერა პატრულმა ავტომანქანა, რომელსაც მართვდა მთვრალი პირი მართვის მოწმობის გარეშე – დააჯარიმა. რას იფიქრებდა, რომ სულ ტყუილად, ტყუილად გააჩერა, ტყუილად დაწერა ოქმი, ტყუილად დააჯარიმა, რადგან, მობრძანდებოდა მისი უდიდებულესობა არჩევნები. ამჯერადაც, დოკუმენტები შეიცავს ყველა პირად მონაცემს.
დოკუმენტეში არაფერი წერია იმაზე, იგივე პირს უტოვებს თუ არა უფლებას ოცნება, ისევ მთვრალი და მართვის მოწმობის გარეშე დაჯდეს საჭესთან, მაგრამ რთული მისახვედრი არ იქნება, როგორ გაგრძელდებოდა ამ პირთა და საპატრულო პოლიციის ურთიერთობა.
ჩამორთმეულ მართვის მოწმობებს უკან აბრუნებენ, ჯარიმებს ანულებენ და „ქართული ოცნების“ მომხრეები, ყოველი ავტოავარიის შემდეგ შეწუხებული სახით მაინც ნუღარ იკითხვათ – ვაიმე, ღმერთო, რატოოომ? – რატომ და „ქართული ოცნების“ გამარჯვებისთვის!
„არ დაიჭირო, გვეხმარება“ – სისხლის სამართლის საქმეებზე გავლენის მოხდენა
იგივე პერიოდში, იუსტიციის სამინისტროსა და შსს–ში გაიგზავნა 20-მდე პირის სია, რომლებზეც მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა და წერილებით მოთხოვნილი იყო სასჯელის შემსუბუქება – ერთ დოკუმენტში წერია – მსჯავრი არ არის გამოტანილი, საპროცესოზე თანახმაა – „მუხიანის აგარაკებში გვეხმარება“.
„ქურდები“ ოცნებისთვის – ციხის შეცვლა/პირობების გაუმჯობესება
2018 წლის 18 ოქტომბერს ოქტომბერს truqiadavid@gmail.com-დან secrugd@gmail.com-ზე გაიგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც, გლდანის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ითხოვს:
- დიდი ავტორიტეტის მქონე პიროვნება – ლევანი, სასჯელს იხდის გლდანის ციხეში, არჩევნებამდე თუ შევძლებთ ამ პიროვნების ნახევრადღია დაწესებულებაში გადაყვანას, (ქსნის ზონა), მოვახერხებთ გლდანის მასივის ქუჩის ბიჭების მხარდაჭერის მოპოვებას და საკმაო რაოდენობის ხმების მიღებას.
- გარკვეული ავტორიტეტის მქონე პიროვნება, სასჯელს იხდის გლდანის მერვე დაწესებულებაში, თუ მოვახერხებთ არჩევნებამდე მატროსოვის ზონაზე გადაყვანას, მოვახერხებთ გარკვეული კატეგორიის მხარდაჭერის მოპოვებას და საკმაო რაოდენობის ხმების მიღებას.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს ასევე ბექა მიქაუტაძის კიდევ ერთ წერილს, რომელიც უშუალოდ მათ მიერაა მოპოვებული. ამ წერილში ვკითხულობთ:
- გარკვეული ავტორიტეტის მქონე პიროვნება, სასჯელს იხდის ბათუმის მესამე დაწესებულებაში. თუ შევძლებთ არჩევნებამდე ამ პიროვნების გლდანის ციხეში გადმოყვანას, სადაც წვდომა ექნება ტელეფონთან, მოვახერხებთ მუხიანის ქუჩების მხარდაჭერის მოპოვებას და საკმაო რაოდენობის ხმების მიღებას.
„მამუკას მეჯვარეს „ენმ“–დან ხელფასის სახით 2010 წელს აღებული აქვს 125 ლარი, ხოლო 2012 წელს – 60 ლარი“ – შემოსავლების სამსახური არჩევნებში
მასალებში არის ფაილი, რომელშიც ორგანიზაციებისა და ფიზიკურ პირთა სიაა (ინდ. მეწარმე, შპს, ა(ა)იპ, ფიზიკური პირი). ისინი სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდნენ და სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება ჰქონდათ.
დოკუმენტში არის უკვე ცნობილი გრაფა – შენიშვნა – სადაც ჩამოწერილია, პირი, რომელსაც დავალიანება აქვს, არის თუ არა ნასამართლევი, რამდენჯერ და როდის გადაკვეთა საზღვარი, მისი ოჯახიდან ვინმეს ხომ არ ჰქონდა რამე ტიპის კავშირი რომელიმე პარტიასთან, სად მუშაობენ მისი ოჯახის წევრები, რამდენი აქვთ ხელფასი. ოჯახის წევრების გარდა ინფორმაციებია შეკრებილი ნათესავებზე, მოყვრებზე, მეზობლებზე – მაგალითად, ვკითხულობთ, – „თეიმურაზი არის მამუკას მეჯვარე, რომელსაც „ენმ“–დან ხელფასის სახით 2010 წელს აღებული აქვს 125 ლარი, ხოლო 2012 წელს – 60 ლარი“.
ვერანაირი კანონიერი უფლება ვერ იარსებებდა, საგადასახადო დავალიანების გამო ასეთი ინფორმაციის დამუშავებისთვის. შესაბამისად, დოკუმენტი აჩენს ეჭვს, რომ შემოსავლების სამსახური გადაწყვეტილებას იღებდა მმართველ პარტიასა და სუს-თან შეთანხმებით.
იგივე ფაილებშია მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვითაც ყვარლის მერი როსტომ სესიაშვილი მიმართავს ირაკლი კობახიძეს, დიმიტრი სამხარაძეს და მმართველი პარტიის სხვა თანამდებობის პირებს, რათა კონკრეტულ პირს უშუამდგომლონ შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში, რადგან მას „სჭირდება მანქანის დახსნა“
როგორ იგებს ხელისუფლება მარნეულში არჩევნებს? – მასშტაბური ზეწოლის გეგმა
securgd@gmail.com-ის კორესპონდენციაშია, ასევე 2018 წლის 11 ნოემბრის ე.წ „დაფორვარდებული“ წერილი, რომელიც 9 ნოემბერს mamuka.naveriani@gmail.com-დან გაიგზავნა. მამუკა ნავერიანი 2018 წელს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა.
აღარ უნდა გაგიკვირდეთ, თუ გეტყვით, რომ აქაც სიაა – იმ ადამიანების, რომლებიც არ უჭერენ ოცნებას მხარს, ადამიანები სხვადასხვა სოფლებიდან, ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა საქმიანობებით არიან დაკავებულნი.
ზედამხედველობა – ეს ის სიტყვაა, რომელსაც „ოცნება“ ამ ადამიანების გასწვრივ ყველაზე ხშირად წერს – მაგალითად – „ჰყავს ოპელი, იღებს უაქციზო სიგარეტს, სავარაუდოდ აქვთ მასზე ზემოწმედების საშუალება“; „ყიდულობს საქონელს, კლავს და აბარებს – ზედამხედველობა სურსათის უვნებლობა, შემოსავლების სამსახური“, „ჰყავს ორი ბიჭი, რომლებიც ჯარში არ ყოფილან“, „აქვს ჩაიხანა – შემოსავლების სამსახურის ზედამხედველობა“; „აქვს ხორცის მაღაზია – შემოსავლების სამსახური“; „პურის საცხობი აქვს – შემოსავლების სამსახური“; „აქვს სავაჭრო ობიექტი ეზოში – შემოსავლების სამსახური“; „მეუღლე ჰყავს პედაგოგი – რესურსცენტრი“; მუშაობდა მასწავლებლად – 3 წელია აღარ მუშაობს, რესურსცენტრის მეშვეობით შეიძლება შეთანხმების მიღწევა“; „აქვს პირობითი 5 წელი – პოლიცია, პრობაციის სამსახური“; „წინააღმდეგი არ არის, მაგრამ გვჭირდება მისი აქტივი – შვილი მუშაობს შსს–ში“; „დადის „დრაბავიკით“, „ბლატაობს“ – სამუშაო სახლში საღამოობით იკრიბებიან ახალგაზრდები – პოლიცია“; „აქვს აზერბაიჯანის მოქალაქეობაც და რუსეთის მოქალქეობაც, სავარაუდოდ ყალბები – პოლიცია“; „მუშაობდა კომისარიატში, სავარაუდოდ კომისარიატს აქვს მასზე ზემოქმედების ბერკეტი“; „მოწინააღმდეგეა – შვილს უწევს ჯარი“, „21–22 წლისაა – ჯარში არ ყოფილა“ და ა.შ.
კითხულობ ამ დოკუმენტებს და თვალწინ გიდგება კაცი, რომელიც ამუშავებს თონეს და უნდა გაამწარონ, რაკი „ოცნებას“ არ უჭერს მხარს, ოჯახი, რომელსაც ეზოში აქვს პატარა მაღაზია, ქალი, რომელიც მასწავლებლად მუშაობს… კითხულობ და ხვდები, არ ადარდებთ არც პატიოსანი ადამიანების გაწამება და არც დამნაშავეების არდაჭერა – ერთს დანაშაულით დააშანტაჟებენ, მეორეს მოთაფლავენ, მესამეს – შვილით დაემუქრებიან და ა.შ. კითხულობ და ფიქრობ, რომ ეს ერთი ფაილია, მხოლოდ მარნეულზე და ასეთი ფაილი ყველა რეგიონზე, ყველა ქალაქზე და სოფელზე იქნება, სადღაც, მეც ვიქნები ამ ფაილებში… შენც იქნები რომელიმე ფაილში…
სუსის და ოცნების „სკოლები“ – სკოლის დირექტორები
2014 წელს არჩეულ, საჯარო სკოლების დირექტორების უმრავლესობას უფლებამოსილების ვადა 2020 სექტემბრიდან ეტაპობრივად ამოეწურა. მათგან 112 დირექტორი არ დატოვეს იგივე თანამდებობაზე. დირექტორთა დანიშვნები დაემთხვა 2020 წლის არჩევნებს და ამჯერად, მასალები, რომელზეც უნდა გიამბოთ და რომელიც სოსო გოგაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდა, 2020 წლით თარიღდება.
დოკუმენტში არის გრაფა – 2018 წელს არასასურველი ქცევები – როგორც ჩანს, 2018 წლის არჩევნებზე დაყრდნობით უნდა შეევსოთ ეს გრაფა. გრაფაში შენიშვნა – გვხვდება ჩანაწერი – აქვს არასწორი პოლიტიკური ორიენტაცია. არსებობს გრაფა პარტიის მოსაზრებისთვის – სადაც მეტწილად ერთი სიტყვით შემოიფარგლება ქართული ოცნება – უარჰყოფილია, ან დადებითი და არის გრაფა სუსისთვის, რომელიც წერს, მიზანშეწონილია მისი დანიშვნა დირექტორად, თუ – არა.
„ენერგიულია, ნიჭიერი, შრომისმოყვარე, ზრუნავს სკოლის წინსვლასა და განვითარებაზე“ – წერია ერთ დოკუმენტში ერთ დირექტორზე, მაგრამ, რად გინდა, პოლიტიკური ორიენტაცია ჰქონია არასწორი, თურმე, და პარტიას და სუს–ს არ მოსწონს. ან, მეორე – „აქვს საკმაო გამოცდილება სკოლის მართვის, წლების განმავლობაში მუშაობდა რამოდენიმე სკოლის დირექტორად, არის პრინციპული და კანონმორჩილი ადამიანი და ამასვე მოითხოვს თანამშრომლებისაგან. დაინიშნა საკმაოდ რთულ და კონფლიქტურ სკოლაში, თუმცა, მალევე შეძლო სიტუაციის დარეგულირება“ – თუმცა, აქაც, რა აზრი აქვს პროფესიონალიზმს სუსისთვის და პარტიისთვის, როცა „ოცნების“ მიერ უარჰყოფილია და სუსი კიდევ წერს, რომ 2018 წელს „ქართულ ოცნებას“ არ მისცა ხმა?
ფაილებში მოცემული, უარჰყოფილი დირექტორების სია არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეადარეს იმ 112 დირექტორის სიას, რომლებიც არ დატოვეს თანამდებობებზე 2020 წელს, სიიდან 95 ადამიანი დაემთხვა! არ მოიძებნა ინფორმაცია დანარჩენ 17 დირექტორზე, მაგრამ დიდი ალბათობით, მათზე ინფორმაცია სხვა ელექტრონულ ფოსტასა და სხვა ფაილებშია.
სკოლის დირექტორების ფაილებმა ყველას გაახსენა 2018 წელი და ია კერზაია, რომელიც აცხადებდა, რომ მას დაავალეს პედაგოგებთან სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაცია. 2 დეკემბერს ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. 9 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი შვილი დღემდე ითხოვს სამართალს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ 2018 წელს სკოლებში 7 ინსპექტირებიდან 6 ინსპექტირება მოქალაქეთა განცადებების საფუძველზე ჩაატარა და ექვსივე განცხადება პირველსა და მეორე ტურებს შორის პერიოდშია რეგისტრირებული. შემთხვევითი ვერ იქნება 2020 წელს დირექტორთა ე.წ. შეფასების დოკუმენტში გრაფის დამატება 2018 წლის არასასურველ ქცევებზე, როგორც ჩანს, პირველი სერიოზული წინააღმდეგობა გუნდმა სკოლის დირექტორებისგან 2018 წელს მიიღო და სწორედ მას შემდეგ გააძლიერა სადამსჯელო ღონისძიებები და თავიც დაიზღვია 2020 წლის არჩევნებისთვის.
„ხელფასის ცვლილებამ დადებითად იმოქმედა“ – საჯარო სამსახურები
იგივე მასალებშია, 2020 წლის აგვისტოს მდგომარეობით სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელთა დახასიათებები, მაგალითად, ერთ–ერთ მოხსენებითი ბარათში
„ვაკესა და საბურთალოს რაიონებში საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა განწყობები ხელისუფლების მიმართ დამაკმაყოფილებელია. ბოლო პერიოდში განხორცილებეულმა სახელფასო ცვლილებამ დადებითად იმოქმედა შსს–ზე, სუს–ზე, სდსს–ზე, თავდაცვის ძალებზე. პოზიტიურად არიან განწყობილნი მერიაში გამგეობაში, სიპებში დასაქმებული პირები. პრობლემები იკვეთება განათლების სფეროში – რამდენიმე სკოლა–ბაღის ხელმძღვანელს აქვს მეგობრული კომუნიკაცია ოპოზიციური სპექტრის წევრებთან, ზოგმა ღიად დააფიქსირა უკმაყოფილება ქვეყანაში და განათლების სიტემაში პრობლემებთან დაკავშირებით“. კიდევ ერთ დოკუმენტში წერია, რომ ასეთი დირექტორების, ვინც უკმაყოფილების გამოთქმა გაბედა, გათავისუფლების პროცესი უკვე დაწყებულია.
იგივე ფაილებშია დოკუმენტები იმის შესახებ, როგორ გადაუვადეს ოცნების მომხრეების შვილებს წვევამდელთა სამსახური.
კონკურსის კონკურსი სუსში – როგორ შეიძლება იმუშაო საჯარო სამსახურში
იგივე მასალებშია, საჯარო სამსახურში დასანიშნ კანდიდატთა სია, რომელიც ასევე უნდა გადამოწმებულიყო პოლიტიკური კუთხით.
მაგალითად, ერთ–ერთ „ვაკანსიაზე“ ვკითხულობთ – უარჰყოფილი – 2018 წელს უფიქსირდება სახელფასო ანაზღაურება ევროპული საქართველოდან. არათუ დასაქმების მსურველებზე, ასეთი სია დგებოდა სტაჟიორებზეც კი, მაგალითად, საჯარო რეესტრში სტაჟიორად დაწყების მსურველის „ანკეტაში“ ვკითხულობთ – „უარყოფითია – 2017 წელს სახელფასო ანაზღაურება 100 ლარი უფიქსირდება „ახალი საქართველოდან“.
იგივე პოლიტიკური პრინციპით, თუ პოლიტიკური უპრინციპობით შეირჩა საგარეო საქმეთა სამინისტროში დასასაქმებელთა სიაც, ამ დოკუმენტების მიხედვით.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრომ კონკურსი კი გამოაცხადა, რომელშიც გამარჯვებული ახალგაზრდები საჯარო სამსახურებში სტაჟირებებს გაივლიდნენ, მაგრამ მასალების მიხედვით, ისე მოხდა, რომ კონკურსის კონკურსი აქაც სუსმა და პარტიამ ჩაატარა.
პრინციპში, ქართულ ოცნებას“ არასოდეს დაუმალავს, რომ კადრებს ახლო გარემოცვიდან არჩევს და არა კონკურსის თუ დამსახურების მიხედვით. ირაკლი ღარიბაშვილი, 2022 წელი: “2012 წელს ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროში მე მივიყვანე ჩემს მოადგილედ. როდესაც მთავრობისთვის კადრებს არჩევ, ბუნებრივია, უცხო ხალხს ვერ მიიყვან.“
როგორ ჩნდებიან საარჩევნო უბნებზე „უცხო, კუნთიანი ბიჭები?“ – სამართალდამცავ ორგანოთა თანამშრომელთა საარჩევნოდ მობილიზება
არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ფაილებში, ათობით „მოხსენებითი ბარათებია“, რომლითაც სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ რეგიონული ხელმძღვანელები, პარტიის ხელმძღვანელების სახელზე – ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, აგრეთვე რეგიონული მდივანი – დიმიტრი სამხარაძე წერდნენ განცხადებას და ითხოვდნენ საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის სხვადასხვა უწყების თანამშრომლების პარტიის შტაბში გადმოყვანას.
როგორც ხედავთ ყველა დოკუმენტის ყველაზე საინტერესო გრაფა – შენიშვნაა – თუმცა, შენიშვნა კი არა, პირდაპირ ბრძანებისაა ეს გრაფა, ვისთვის გათავისუფლების ბრძანების, ვისთვის დაჭერის, ვისთვის შემოსავლების სამსახურის მიქსევის, ვისთვის პოლიციის, ვისთვის შვილისთვის ჯარში გაწვევის გადავადების, ვისთვის შვილის ჯარში გაგზავნით დაშინების… რა შეიძლება იყოს იმაზე ტრაგიკული, რომ ადამიანზე, რომელიც აცხობს პურს თონეში და ამით ირჩენს თავს – წერ, მოდი, მოვუგზავნოთ შემოსავლების სამსახური და ამით მოვახდინოთ ზემოქმედებაო, ან ადამიანზე, რომელსაც საკუთარ ეზოში, აქვს პატარა სავაჭრო ობიექტი, ანუ, როგორც ბიძინა იტყოდა – „ბუტკა“, როგორ იწერება მთელი გეგმა…
ისე, მოსყიდვაშიც რა საწყლები ვართ – სახლი ვუყიდოთ, შვილი დავუსახლოთ, მრავალშვილიანია და რამე ვაჩუქოთო კი არა, მოდი, წავართვათ და მერე წართმეული დავუბრუნოთო… წინა დაპირებები, მილიონები სოფლებს და 100 ქარხანა და კომუნალურების შემცირება კი არ შევუსრულოთ, მაგათ ისიც ეყოფათ 300–500 ლარზე რომ მუშაობენ და შევახსენოთ, რომ ეგაც არ დაკარგონო…
სოსო გოგაშვილმა დღეს ციხიდან კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერს: „ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება და ამას თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდი. მქონდა სამი არჩევანი: 1. სამსახურიდან წამოსვლა 2. ყველაფერზე ხელის მოწერა და ჩაყოლა 3. დარჩენა, ყველა მტკიცებულების მოგროვება და სისტემის მხილება.“
პირდაპირ ადებს ხელს ბრძანებების გაცემაში ბიძინა ივანიშვილს, როგორც ვხედავთ, მაგრამ ვინ იღებდა და ასრულებდა უკანონო ბრძანებებს ამ დოკუმენტაციის მიხედვით?
თეა წულუკიანი, ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში იყო იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტების ყველაზე დიდი წილი სწორედ იუსტიციის სამინისტროზეა. პენიტენციურ სისტემაზე სრული მმართველობის უფლება წულუკიანმა სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, 2018 წლის 11 ივლისს მოიპოვა, როცა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეერწყა. რომ არა ეს შერწყმა, იუსტიციის მინისტრს ბევრი გადაწყვეტილების შეთანხმება მოუწევდა სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრთან, სუსსაც ორი მინისტრთან მოუწევდა წერილების და მოთხოვნების დაგზავნა, პარტიასაც გაურთულდებოდა საქმე – ასე რომ ძალიან სწორ და საჭირო დროს გააერთიანა ოცნებამ ეს ორი სამინისტრო და არც თუ ტყუილად, როგორც ვხედავთ.
გამოძიებას სურვილის შემთხვევაში, არ გაუჭირდება პროკურატურას სიმართლის დადგენა და თუ დადგინდა, რომ არჩევნებისთვის იყენებდნენ ციხეს, კანონიერ ქურდებს, პატიმრების გადაყვანას ციხიდან ციხეში, პატიმრების გამოშვებას, პირობითის მოხსნას და ა.შ. – თეა წულუკიანს მოუწევს პასუხისგება და თუ მისი პასუხი იქნება, რომ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებებს ასრულებდა, ეს მაინც არ გაათავისუფლებს შემსრულებლის სასჯელისგან, მაგრამ მაშინ იმის ახსნა მოუწევს, რის სანაცვლოდ ასრულებდა ივანიშვილის უკანონო ბძანებებს.
შსს – აღნიშნულ (2018–2019 წლის დასაწყისი) პერიოდში შსს–ს ხელმძღვანელობდა გიორგი გახარია – ჩამორთმეული მართვის მოწმობების დაბრუნება, საპატრულო ჯარიმების გაუქმება, სისხლის სამართლის საქმეებზე ზემოქმედება და ა.შ. – ამ დოკუმენტების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, მასაც მოუწევს პასუხის გაცემა, რატომ მონაწილეობდა მისი სამინისტრო არჩევნების დროს, ადამიანების მოსყიდვასა და დაშინებაში და შესაბამისად, არჩევნების შედეგების ცვლილებაში ქართული ოცნების სასარგებლოდ.
განათლების სამინისტრო – მიხეილ ბატიაშვილი და მიხეილ ჩხენკელი – ორივეს აქვს თავისი პასუხისმგებლობა, ამ დოკუმენტების დადასტურების შემთხვევაში, გამოდის, რომ განათლების სამინისტროს სუსი და პარტია განაგებს და იმას, რასაც სუსი განაგებს, მინისტრი არაფერში სჭირდება. თუმცა, რაკი ეს ბატონები მაინც სხედან მინისტრებად, უკანონო ბრძანებების ხელმომწერის პასუხისმგებლობა მათზეც იქნება.
სამხარაულის ბიურო – თუ დადასტურდება აქ მოყვანილი ფაქტი და სულაც არ იქნება მისი გარკვევა რთული, რადგან დოკუმენტში პირადი მონაცემებიცაა მოცემული – თუ მართლაც არსებობს ამ პირზე გაცემული დასკვნა – გამოდის, სამხარაული პარტიის დავალებით ყალბ დასკვნებს აკეთებს, ასე რომ მას და მის ყოფილ უფროსს, იმ დროინდელ პრემიერ, ბახტაძესაც უნდა მოუწიოს პასუხისგება.
სუსი – 2019 წლის 8 სექტემბრამდე ვახტანგ გომელაურია მისი უფროსი, თუ ამ ფაილებს გამოიძიებენ, მასზეა 2018 წლის არჩევნების შესახებ ჩანაწერებზე პასუხისგება – იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა უბრძანა? – რის სანაცვლოდ ასრულებდა უკანონო ბრძანებებს? არ უბრძანა ივანიშვილმა და თავისი ინიციატივით დასდევდა ადამიანებს მარნეულში, კახეთში, იმერეთში, თბილისში და ყველგან? თავისი ნებით ახდენდა მოქალაქეების დაშანტაჟებას და მოსყიდვას? ისევ სუსი – 2019 წლის სექტემბრიდან დღემდე – გრიგოლ ლილუაშვილი, 2020 წლის, დირექტორებზე გაკეთებული ჩანაწერის ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში, მასზეა სრული პასუხისმგებლობა.
და ბოლოს – მისი უდიდებულესობა პარტია – არავის დაავიწყდეს, რომ ამ ფაილების დიდ ნაწილს სწორედ პარტია ადგენდა, პარტიის წევრები, პარტიულ თანამდებობაზე მყოფი პირები აგზავნიდნენ ამ მოთხოვნებს, პატიმრების გათავისუფლებაზე, დირექტორების გათავისუფლებაზე პარტიული ნიშნით, ადამიანების დაშინებაზე შვილებით და ა.შ. და არც ის უნდა დაავიწყდეს ვინმეს, რომ 2018–2019 წლებში პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გახლავთ. შესაბამისად, ის გახლავთ პასუხისმგებელი, ამ ჩანაწერების სინამდვილის დადასტურების შემთხვევაში, ყველა გაგზავნილ უკანონო, ბინძურ მოთხოვნაზე, ყველა შანტაჟსა და მოსყიდვაზე. კი იძახის ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილს ვერაფერს უპოვითო, მაგრამ პარტია, რომ შსს–ს არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ სისხლის სამართლის საქმეში ჩარევას სთხოვს, ან სამხარაულის დასკვნის გაყალბებას, აბა, ვინაა პასუხისმგებელი, თუ არა პარტიის თავმჯდომარე? მხოლოდ ბექა მიქაუტაძე? – სერიოზულად? ვინ არის პასუხისმგებელი, როცა პარტია იუსტიციის მინისტრს ციხეებიდან ადამიანებსი გამოშვებას, ან ციხეში ე.წ. ავტორიტეტებისთვის და კანონიერი ქურდებისთვის სასათბურე პირობების შექმნას სთხოვს? ან პირობითი სასჯელის გაუქმებას? თეა წულუკიანი შემსრულებელია და კი, ისიც დამნაშავეა, მაგრამ დამკვეთი ვინ არის, თუ არა პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი?
ბევრმა განაცხადა – რაც აქ წერია ეს ხომ ისედაც ვიცოდიო, მაგრამ ამ რაოდენობის, ამ მასშტაბის გაყალბების მტკიცებულება, ამდენი ასეული პირადი მონაცემით გამყარებული, არავის გაუვრცელებია ჯერ. ოპოზიცია არ ჩქარობს, ამ ჩანაწერებზე აპელირებას, შესაბამისად, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ რაღაცას და ვიღაცას ელიან და ეს ვიღაცა, დიდი ალბათობით, დასავლეთი უნდა იყოს, რადგან. გოგაშვილის თქმით, მან ეს დოკუმენტაცია ელჩებს და დიპლომატებსაც მიაწოდა. როდის გაიღებს ხმას დასავლეთი და როგორი იქნება მისი პასუხის ბიძინასთვის? – ეს ის კითხვაა, რომელიც ახლა ივანიშვილს ყველაზე მეტად აწუხებს, რადგან, ვინ ვინ და მან ყველაზე კარგად იცის, რა როლი აქვს ბოლო 10 წელში საქართველოში განვითარებულ თუ ვერ განვითარებულ მოვლენებში. გარდა ამისა, კულუარულად საუბრობენ იმაზეც, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და დოკუმენტების და მტკიცებულებების ცვენას უნდა ველოდოთ.
კომენტარები