დღეს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ევროკავშირის მხარდაჭერით, არაგადამდებ დაავადებათა საინვესტიციო პაკეტის და ფიზიკური აქტივობის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტები წარადგინეს.
ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყოველწლიურად საქართველოს არაგადამდები დაავადებების მხოლოდ ოთხი ჯგუფის გამო 3,000,000,000 ლარის ეკონომიკური ტვირთი აქვს.
„არაგადამდები დაავადებების (NCD) საინვესტიციო პაკეტი, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტთა მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა მოამზადა, საქართველოში არსებულ არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის მიზნით პოტენციური ინტერვენციების ეკონომიკური და პოლიტიკური ანალიზია. დოკუმენტში აღწერილია არაგადამდები დაავადებების ამჟამინდელი ეკონომიკური ტვირთი, განსაზღვრულია პრიორიტეტული სფეროები, რომელშიც საჭიროა ღონისძიებების განხორციელება, შეფასებულია ამ ქმედებების და ჩადებული ინვესტიციისგან მიღებული სარგებელი. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ინვესტიციებს არაგადამდებ დაავადებებში, მოაქვს გაცილებით დიდი სარგებელი ეკონომიკური, ჯანმრთელობის და სოციალური კუთხით. ქვეყანაში, უკანასკნელ პერიოდში, ურბანიზაციის პროცესების გაძლიერება, კერძო მანქანებისა და მოტორიზებული ტრანსპორტის რაოდენობის მკვეთრი ზრდა, ახალი ტექნოლოგიების გავრცელება დადებით ეფექტთან ერთად ასევე უკავშირდება ფიზიკურად აქტიური ადამიანების რაოდენობის შემცირებას. მწვანე სივრცეების არასაკმარისი რაოდენობა და ფართობი ქალაქებში, სკოლებში ფიზიკური აქტივობის და სპორტის გაკვეთილების ინფრასტრუქტურული თუ სხვა პრობლემები, ფიზიკური აქტივობის მიზანმიმართული საკომუნიკაციო კამპანიების ნაკლებობა და მრავალი სხვა პრობლემა ასევე ხელს უწყობს ამ ტენდენციას. ამ მიზეზით, ფიზიკური აქტივობის სფეროში ყოვლისმომცველი პოლიტიკის საჭიროება იზრდება. ფიზიკური აქტივობის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც დღეს განიხილეს, მიზნად ისახავს ეროვნულ დონეზე ეფექტური პოლიტიკის განხორციელებას მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის დონის ამაღლებისათვის“, – აღნიშნულია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია არაგადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებლად ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა და პრევენციული პროგრამები განვითარდეს.
„არაგადამდები დაავადებები, მათ შორის გულის დაავადებები, კიბო, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ქმნის ყველაზე დიდ ტვირთს როგორც ავადობის, ასევე გარდაცვალების გამომწვევ მიზეზების შორის. დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება ეკონომიკური ტვირთის შეფასებას. შეფასებული მაჩვენებლით, მხოლოდ 2019 წელს ამ არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული დანაკარგი და პირდაპირი დანახარჯი შეფასებულია 3 მილიარდ ლარამდე. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია განვითარდეს ინფრასტრუქტურა და პრევენციული პროგრამები, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს თავთან ავიცილოთ არაგადამდები დაავადებები სამომავლოდ”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, სილვიო დომენტეს განცხადებით, საქართველოში სიკვდილიანობის 90% არაგადამდები დაავადებებითა და მათი რისკის ფაქტორებით არის გამოწვეული. როგორც დომენტემ ჟურნალისტებს განუცხადა, ზიანისგან გამოწვეული ეკონომიკური ზემოქმედება საქართველოზე უზარმაზარია.
ცნობისთვის, ფორუმის მიზანი იყო მაღალი დონის დიალოგის დაწყება, გადაწყვეტილების მიმღებთა, ჯანდაცვის პროფესიონალებისა და საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის სრულმასშტაბიანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის; ასევე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ქმედებათა განხორციელების, საკმარისი ადამიანური რესურსებისა და ადეკვატური და მდგრადი დაფინანსების უზრუნველყოფა. ამასთან ერთად, ფორუმის მიზანი იყო მსგავსი მხარდაჭერის მიღება და დიალოგის წამოწყება ქვეყანაში ფიზიკური აქტივობის ეროვნული პოლიტიკის შექმნისა და დანერგვისათვის. ფორუმი, ისევე როგორც ზემოაღნიშნული დოკუმენტების შემუშავება, შესაძლებელი გახდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ექსპერტული და ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით.
კომენტარები