ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 17 შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რიცხვი 62-ს შეადგენს. ვირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა.
ვუჰანის ჯანდაცვის კომიტეტის ინფორმაციით, 17 ახალი შემთხვევიდან 12 ინფიცირებული მამაკაცია, ხუთი კი ქალი. მათი ასაკი 30-დან 80 წლამდე მერყეობს. მათ სიმპტომების გამოვლენა 13 იანვრიდან შენიშნეს და ძირითადად მაღალი ტემპერატურითა და ხველით გამოიხატებოდა. სამი პაციენტის მდგომარეობა რთულია.
ქალაქ ვუჰანში უცნობი წარმომავლობის პნევმონიის ეპიდემია დეკემბერში დაიწყო. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი გახდა. ახალი ვირუსიც კორონავირუსების იმავე ოჯახიდანაა, როგორც მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (მმრს), რომელმაც 2002-2003 წლებში, მსოფლიოს მასშტაბით 800-მდე ადამიანი იმსხვერპლა. მაშინაც ეპიდემიის გავრცელება ჩინეთიდან დაიწყო. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ახალი ვირუსი ისეთივე ლეტალური არ ჩანს, როგორც მმრს-ია, თუმცა ამ ეტაპზე მისი წარმოშობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, ასევე უცნობია, თუ რამდენად მარტივად ვრცელდება ვირუსი.
ფართო ეპიდემიის გავრცელების საფრთხის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გავრცელებული გაფრთხილების შემდეგ, აშშ-მა და აზიის უმეტესობა ქვეყნებმა, მათ შორის ტაილანდმა, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ, სინგაპურმა და მალაიზიამ ვუჰანიდან ჩასული მგზავრების აეროპორტში შემოწმება დაიწყეს.
ახალი ვირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ტაილანდსა და იაპონიაშიც. ორივე შემთხვევაში, დადასტურდა, რომ ინფიცირებულები ვუჰანიდან ჩასულ პირებთან არიან დაკავშირებული.
ლონდონის იმპერიალ კოლეჯის გლობალური ინფექციების დაავადებების ანალიზის ცენტრის სპეციალისტების ანგარიშში საუბარია, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ამას ვუჰანის ხელისუფლება ასაჯაროებს. მათი შეფასებით, სულ მცირე 1723 შემთხვევა უნდა იყოს დაფიქსირებული 12 იანვრის მონაცემებით.
ახალი ვირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია სწრაფად ვრცელდებოდა ჩინეთის ადგილობრივ სოციალურ ქსელს „ვეიბოში“, თუმცა როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მიკრობლოგს მსგავსი ტიპის ინფორმაციაზე ცენზურა აქვს დაწესებული და ფილტრავს. ასევე „როიტერთან“ საუბრისას ორმა პირმა დაადასტურა, რომ პოლიციამ მათ მოსთხოვა, წაეშალათ სოციალურ ქსელში ვირუსთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ინფორმაცია.
კომენტარები