ანტიკორუფციული მოძრაობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ალია” უცვლელად გთავაზობთ:
“სამწუხაროა როცა ოლიგარქიულ რეჟიმთან ერთად ანტიკორუფციულ მოძრაობას, ირაკლი კობახიძის სტილში, თავს ესხმის გიორგი ისაკაძე, რომელიც ღიად წარმოჩინდა ოლიგარქიული კლანის ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერის უჩა მამაცაშვილის მხარედ და მისი ინტერესების დამცველად.
დღეს ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორი იმყოფებოდა სტუმრად გიორგი ისაკაძის საავტორო გადაცემაში, “საქმიან დილაში” სადაც მას დაახვედრეს მტრული გარემო და ცდილობდნენ მის პროვოკაციაზე წამოგებას. მიუხედავად იმისა, რომ ლაშა ფარულავა სრული კონსტრუქციულობის დაცვით ცდილობდა არგუმენტირებულად გაეცა კითხვებზე პასუხი საპასუხოდ გიორგი ისაკაძე გასცდა თავის მედია წამყვანობის როლს და ქუჩური ლექსიკით გადავიდა შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ განცხადებებზე.
გადაცემის შინაარსი უნდა ყოფილიყო უჩა მამაცაშვილის სარჩელი ანტიკორუფციული მოძრაობის წინააღმდეგ და ლაშა ფარულავას მიერ გამოთქმული მოსაზრება სოციალურ ქსელში, თუმცა ნაცვლად არგუმენტირებული დისკუსიისა გიორგი ისაკაძე ცდილობდა ანტიკორუფციული მოძრაობის და მისი ხელმძღვანელის, ლაშა ფარულავას შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც მას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს უჩა მამაცაშვილის და ოლიგარქიული კლანის მხარედ.
ეთერიდან გასვლის შემდეგ გიორგი ისაკაძემ შეურაცხმყოფელი წინადადებებით გააგრძელა პროვოკაციული თავდასხმა ლაშა ფარულავაზე, ის უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა ანტიკორუფციულ მოძრაობას და მის წევრებს. გიორგი ისაკაძე ცდილობდა ლაშა ფარულავას პროვოკაციაზე წამოგებას და ფიზიკური დაპირისპირების ინსცენირებას, რის შემდეგაც ის თავს მსხვერპლად წარმოაჩენდა.
ცხადია ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ფარულავა არ წამოეგო დაგეგმილ პროვოკაციას და პირნათლად შეასრულა საჯარო პირის მიერ თმენის ვალდებულება.
ბოლო პერიოდია გიორგი ისაკაძე დაკავებულია კლეპტოკრატიული რეჟიმის ყველაზე ოდიოზური ფიგურების დაცვით, ამის მაგალითია ბიძინა ივანიშვილის პირადი გარემოცვის წევრების სოსო ტყემალაძის და საყვარელი დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის მიმართ გამოხატული ღია და დაუფარავი სოლიდარობა.
თუმცა ბატონ ისაკაძის ოდიოზურ ფიგურებთან კავშირი არ ახალია და ის ფესვებს ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან იღებს, როდესაც კორუმპირებული ხელისუფლების ნაწილი იყო და ვანო ჩხარტიშვილის დავალებებს ასრულებდა.
,,ანტიკორუფციული მოძრაობა” აღნიშნულ ფაქტს აფასებს ოლიგარქიული რეჟიმის მხრიდან მორიგ თავდასხმად.
საზოგადოებისთვის არახალია, რომ ანტიკორუფციულ მოძრაობას ღიად გამოუცხადა ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულმა რეჟიმმა.
ოლიგარქიული კლანის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ანტიკორუფციულ მოძრაობას და მის ხელმძღვანელ პირებს: ვასო ურუშაძეს და ლაშა ფარულავას სასამართლოში გვიჩივის, მისი შეფასებით მან სულიერი ტკივილი განიცადა და მორალური ზიანის ასანაზრაურებლად 150 000 ლარს ითხოვს.
ცნობისთვის, ანტიკორუფციული მოძრაობა საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ვამხელთ ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის ე.წ. «ქოლცენტრების» მფარველებს საქართველოში და ვიკვლევთ კორუფციულ ინტერესებს ელექტროენერგიის იმპორტში, რის გამოც ჩვენს მოქალაქეებს ბოლო წლების განმავლობაში გაუძვირდათ კომუნალური გადასახადები.
სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რადიო ,,თავისუფლების” მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლინდა უჩა მამაცაშვილის კავშირები, რის შემდეგაც ანტიკორუფციული მოძრაობა დაინტერესდა მისი არაფორმალური გავლენებით.
კომენტარები