2023 წლის დასაწყისიდან კონკრეტულ მედიკამენტებზე ფასის ზედა ზღვარი დაწესდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა განაცხადა.
“თავდაპირველად, ზედა ზღვარს ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტებისთვის განვსაზღვრავთ, რადგან სწორედ ისინი იყიდება ყველაზე დიდი რაოდენობით და არის ყველაზე ძვირადღირებული. ახლა სწორედ მეთოდოლოგიის შერჩევის ეტაპზე ვართ. პროცესში ჩართულები არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები, მათ შორის, ვისაც ამ რეფორმაზე ნამუშევარი აქვს ბულგარეთში, სლოვენიაში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში და ა.შ”. – ამბობს ღუდუშაური.
მინისტრის მოადგილის თქმით, რეფერენტული ფასები გენერიკების დონეზე დაწესდება და ნებისმიერი კომპანია, რომელიც კონკრეტული გენერიკის გაყიდვას გადაწყვეტს, ვალდებული იქნება, დადგენილ ტარიფზე მაღალი ფასი არ დააწესოს.
ღუდუშაური განმარტავს, რომ რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვისა თუ მედიკამენტების მიწოდებაა.
კომენტარები