ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, პოლიტიკოსი, ლევან გოგიჩაიშვილი.
– ლევან, ირაკლი ღარიბაშვილს პრორუსი პოლიტიკოსი უწოდე და მისი გარემოცვის წევრად კახა თარგამაძე დაასახელე, რამაც პრემიერის მომხრეების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. კახა თარგამაძე რომ მისი გარემოცვის წევრია, ამის კონკრეტული მტკიცებულები გაქვთ?
– ეს რომ ვთქვი, მას შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ სიმშვიდე დაეკარგათ. ცხადია, არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები და ყველამ იცის, ირაკლი ღარიბაშვილი ერთგვარი მაგნიტია იმ ადამიანებისთვის, ის იზიდავს მათ. ვინც რუსეთთან მეგობრობს, ვინც თავის დროზე რუსეთში გაიქცა თავშესაფარისთვის, რადგან აქ აღარ დაედგომებოდათ. ბევრი კანონს გაექცა. აქ უკნონოდ ნაშოვნი ფული გადაიტანეს რუსეთში და იქ დაიწეს ბიზნესი. ბევრი მათგანი რუსეთში ნაშოვნი ფულით, საქართველოში პრორუს დაჯგუფებებს აფინანსებს. სწორედ ღარიბაშვილის მმართველობის დროს დაბრუნდნენ საქართველოში ღიად პრორუსი ქართველი პოლიტიკოსები და შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკები. ეს პროცესი ახლაც გრძელდება, ამ ხალხმა რუსეთში დააგროვა ფული და ნელ-ნელა ბრუნდებიან საქართველოში. ამ წრისთვის, ღარიბაშვილი ძალიან ახლო ადამიანია და მათ შორის არის კახა თარგამაძეც. არის ადამიანთა კატეგორია, რომელნიც გაიზარდნენ საბჭოთა პროპაგანდის ქვეშ და მყარად სჯერათ, რომ რუსული ჩექმა არის უძლეველი. მათ სულ დანგრეული და წაქცეული რუსეთი რომ ანახო, არ დაიჯერებენ. ყველა სძულთ, ვინც მათ ამ ილუზიას უნგრევს. მათ შორის, ჩემნაირი ადამიანებიც შეიძლება შეიძულონ. მათი აღქმები რეალობასთან შესაბამისი არ არის. შიშში გაიზარდნენ და უჯრედების დონეზე აქვთ კგბ-ს შიში, რუსული სამხედრო ძალის, რუსული ჩექმის შიში. 200 წელი მუშაობდა საქართველოში რუსული პროპაგანდა ხალხის დაშინებაზე და ამან შედეგიც გამოიღო. ამ ადამიანებმა მთელი ცხოვრება რუსეთის მიმართ მლიქვნელობას, რუსეთის დახმარებით ძალუფლების ჯერ მოპოვებას და მერე მის შენარჩუნებას მოანდომეს. მერე, ძალაუფლება ვინც დაკარგა, ყველა რუსეთში გაიქცა – კახა თარგამაძე, იგორ გიორგაძე, ასლან აბაშიძე… ეს ადამიანები რუსეთმა აქცია საკუთარი ინტერესებისთვის მომუშავედ. ეტყობა, მათზე ზემოქმედების ბერკეტები მოიპოვა. რუსეთი როგორია? თუ ამგვარი ბერკეტები აქვს, ბოლომდე გამოიყენებს მათ. ახლა ამ ხალხს რუსეთი ნელ-ნელა გვიბრუნებს უკან. ლევან მამალაძე უკვე დაბრუნდა. ლაპარკია ასლან აბაშიძისა და იგორ გიორგაძის დაბრუნებაზე. მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ ძებნილ იგორ გიორგაძეს ადვოკატები ჰყავს აყვანილი და ეძებს გზებს, როგორ დაბრუნდეს საქართველოში.
– ეს ხელისუფლება ამნისტიას ამზადებს, რომ იგორ გიორგაძე დააბრუნოს საქართველოში, იმ მუხლებს შეეხოს ამნისტია, რომლებითაც გიორგაძეს ამჟამად ბრალდებები აქვს წაყენებული. ერთ კაცს არგებენ ამნისტიას და მეტი რაღა უნდა ქნან?
– კი, ყველაფერს აკეთებენ, რომ დააბრუნონ იგორ გიორგაძეც და სხვებიც. ამ კაცს, ქართული გვარი აქვს, თორემ რეალურად რუსი კაგებეშნიკია, რუსეთის ინტერესებს ემსახურება მთელი ცხოვრება და საქართველოში დაბრუნების შემდეგაც იმავეს გააკეთებს. დღეს ეს ხალხია, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური დასაყრდენი. გარდა იმისა, რომ ღარიბაშვილია ივანიშვილის ხელის ბიჭი (ივანიშვილმა განაცხადა, რაც გინდათ, დაუძახეთო და მე ასე დავუძახებ), თავის პოლიტიკურ დასაყრდენს მაინც აშენებს და ეყრდნობა ამ ყველაზე ბნელ, გაუგებარ ადამიანებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამოვძირკვოთ ეს რუსეთის დასაყრდენი საქართველოში. თუ გვინდა, ცივილიზებული ქვეყანა გავხდეთ, ევროპული სახელმწიფო ავაშენოთ, ცხადია, ამგვარი ადამიანების ადგილი აღარ უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში. რუსეთის ინტერესების გამტარებელი ყოფილი პოლიტიკოსები კი არ უნდა ჩამოდიოდნენ რუსეთიდან, პირიქით, ახლა რუსეთში უნდა მიდიოდნენ. რუსეთ-უკრაინის ომმა ყველაფერი გააშიშვლა. რუსეთმა მთელი თავისი პროპაგანდისტული, აგენტურული რესურსი გაააქტიურა და ჩვენდა სამწუხროდ, „ქართული ოცნება“ აღმოჩნდა ამ პროპაგანდის მხარეს. რუსულ პრესას თვალი რომ გადაავლო, რასაც იქ წაიკითხავ, მეორე დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერები იმავეს ლაპარაკობენ სიტყვა-სიტყვით, განსხვავება არ არის, მესიჯ-ბოქსშიც არ არის განსხვავება. ამ პარტიაში არიან პატრიოტი და წესიერი ადამიანები, მაგრამ მათ ატყუებენ, მათ არ უნდათ დაჯერება, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსეთის მხარეს და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ამის გამოძახილი იყო ივნისში, რუსთაველზე გამართული ორი მიტინგი, სადაც ასი ათასზე მეტი ადამიანი იყო და ეს მხოლოდ თბილისი გამოვიდა. მათ შორის, „ქართული ოცნების“ მომხრეები, სახელწიფო სამსახურების თანამშრომლები იყვნენ. ამ ორმა აქციამ, ყველა კითხვას გასცა პასუხი, გამოჩნდა, სად დგას ხალხი და სად „ქართული ოცნება“ თავისი მცირერიცხოვანი მომხრეებით. დღეს „ქართული ოცნება“ არის არალეგიტიმური ხელისუფლება. ის ძალაუფლება, რასაც ფლობს, არ შეესაბამება იმ ლეგიტიმაციას, რაც დღეს გააჩნია. მიუხედავად ამისა, მაინც ცდილობენ, ბინძური მეთოდებით, ძალოვანების მიერ ხალხზე კონტროლით, „ტროლების“ მიერ ოპონენტების მიმართ გავრცელებული უკადრისი ბრალდებებით შეინაჩუნონ ძალაუფლება. თუმცა, ამას დიდხანს ვერ მოახერხებენ. ამ „ტროლების“ სიმამაცე არ სცდება კლავიატურზე თითების დაჭერას. ეს არ არის რეალური საფრთხე. მთავარი საფრხე ის რის, სადამდე დაეცემა „ქართული ოცნება“, სადამდე შეიძლება წავიდეს, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ძალისმიერი მეთოდები გამოიყენოს. რას იკადრებენ და ვის მოუხმობენ დასახმარებლად ძალაუფლების შესანარჩუნებლად, როდესაც მისი დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დადგებიან?! აი, ეს არის ყველაზე მთავარი ამოცანა, ეს არის ამოსახნელი და შემდეგ, ის საფრთხე, რაც გამოჩნდება, აღმოსაფხვრელი. მერე, მეთოდურად არის დასახვეწი ის პროცესი, რომ ეს ძალა აღარ ახდენდეს გავლენას და არ იყოს შემაფერხებელი საქართველოსთვის ამ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც მივისწრაფვით ევროპული სივრცისკენ. არსებობენ ადამიანები, რომელთაც არ ესმით, რა არის ევროპა. დიდი ხანი არ არის, რაც იმ ბნელი პერიოდის შემდეგ, ევროპული ფანჯარა გავაღეთ. 30 წელი ევროპასთან ურთიერთობისთვის ბევრი არ არის. კი, ზოგს ენობრივი ბარიერის გამო აქვს შეუთავსებლობა ევროპასთან, ზოგს კულტურული სხვაობის გამო და არსებობს სხვა მიზეზებიც, რომელთა გამოც საზოგადოების ნაწილი ბოლომდე ვერ ხვდება, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაცია. თუმცა, ეს ადამიანებიც ხვდებიან და თანხმდებიან იმაზე, რომ მათი შვილებისთვის ევროპული გზა არის უფრო მეტი სიკეთის მომტანი, ვიდრე იზოლირება ამ სამყაროსგან, რა გზასაც ადგას „ქართული ოცნება“. ამ ხალხმა იცის, რა არის ჩრდილოეთის, რუსეთის ორბიტა, როგორ ნადგურდება ამ სივრცეში ადამიანს ცხოვრება, როგორ ვერ ვითარდება ადამიანი და რჩება ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე. ასეთი ადამინები, შვილების, მათი პერსპექტივის გამო, ზურგს აქცევენ „ქართული ოცნების“ კარჩაკეტილ, რუსეთზე ორიენტირებულ, დასავლეთისგან იზოლირების პოლიტიკას. ამიტომ, „ქართულ ოცნებას“ მოკავშირე არ ჰყავს. კრიტიკულ მომენტში „ქართულ ოცნებას“ მოკავშირედ დარჩება რუსეთის აგენტურა და ჩინოვნიკთა მცირე რიცხვი, რომელთაც დიდი ფული და ქონება დააგროვეს ბოლო წლებში და მათი დაკარგვის საფრთხის გამო, იძულებულნი არიან, მმართველ პარტიას დაუჭირონ მხარი. ამ ხალხს თავისუფალი არჩევნის უფლება რომ ჰქონდეს, არც კი დაფიქრდებიან, ევროპულ გზას აირჩევენ.
კომენტარები