ბოლო ცნობები თეთრი არაგვის ხეობაში მომხდარი ტრაგედიიდან – რუსთავი2–ის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენში, 2 პილოტთან ერთად რამდენიმე მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა, საუბარია 8-9 ადამიანზე.
ამ ეტაპზე ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
“კურიერი” ერთ-ერთ თვითმხილველსაც ესაუბრა.
“ზუსტად ჩამოვარდნას არ შევსწრებივარ, რომ ჩამოვარდა, მაშინ გამოვიარე, როცა კვამლმა დაიწყო ამოსვლა. საშინელი კვამლი იყო, ხალხი ყვიროდა, ტიროდა, ძალიან მძიმე სიტუაცია იყო. იქ ყველა ამბობდა, რომ ძალიან საეჭვოა ცოცხლები იყვნენ, დაზუსტებით ვერ გეტყვით,” – განაცხადა “კურიერთან” ერთ-ერთმა თვითმხილველმა მარიამ მოსეშვილმა.
ცნობისთვის, ვერტმფრენი რომელიც გუდაურში სამაშველო ოპერაციას ასრულებდა, ჩამოვარდა. კადრებში ჩანს აფეთქებაც. ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ მაშველები და მედიკოსები. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. მაშველები ცდილობდნენ მიდგომოდნენ პარაპლანისტებს, რომლებიც კლდეს შეეჯახნენ. ისინი ამ დრომდე მიუვალ ადგილას რჩებიან. უცნობია მათი მდგომარეობა.
კომენტარები