ანი დვალიშვილი
დღევანდელი გადმოსახედიდან, ნაციონალური მოძრაობა პოზიციებს თმობს და რეგიონებში ამომრჩეველს კარგავს. სწორედ მათ გადაბირება სურს „ოცნებას“ და ყოფილი ნაციონალების დასაქმება პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. რაც მთავარია, ნაც-მოს ამოეწურა ფინანსური რესურსი და ის ადამიანები, რომლებიც პარტიას აფინანსებდნენ, ახლა უარს აცხადებენ ფულის გადახდაზე, რადგან წლებია, ვერანაირი შედეგი ვერ მიიღეს და რეიტინგი ყოველდღიურად უკან მიდის.
და მთავარი – ბიძინა ივანიშვილმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ კვლავ პოლიტიკაშია, რადგან მან აღიარა ელჩთან შეხვედრა და აღიარა ისიც, რომ მოქმედი ხელისუფლების მუშაობით კმაყოფილია. თუ გახსოვთ, ორიოდე კვირის წინ, აქტიურად დაიწყო საუბარი ღარიბაშვილის შეცვლაზე და მაშინ ვთქვით, რომ ამ ეტაპზე ეს გამორიცხული იყო, რაც ივანიშვილმაც დაადასტურა. თუმცა, ერთი საინტერესო დეტალი – ივანიშვილის მითითებით, მმართველი გუნდი იმ მესიჯ-ბოქსით მოქმედებს, რომელსაც ირაკლი კობახიძე ახმოვანებს. ანუ, კობახიძეს სრული კარტ-ბლანში აქვს და ის არამარტო ყველაფერს წყვეტს, არამედ მის ხელშია როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ორგანო. კობახიძის სვლებით ივანიშვილი იმდენად კმაყოფილია, რომ მას მადლობა პირადადაც გამოუცხადა და თუ ატყობთ, დანარჩენი ლიდერების ტონი, კობახიძისგან განსხვავებით, შერბილებულია და ხისტ ფრაზებს მხოლოდ ის და… პარტიიდან გასული სამეული აკეთებს.
და კიდევ – ადვოკატების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად გამოაცხადებს ქართული პოლიტიკიდან გამიჯვნისა და ნაციონალურ მოძრაობასთან ყოველგვარი ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ. ამაზე პარტიის შიგნით საუბრობენ, თუმცა შინაგანად არავის სჯერა, რომ მიშა ნაც-მოს ჩამოშორდება და ქართული პოლიტიკისკენ აღარ გამოიხედავს. ისიც გვითხრეს, რომ მიშა ამის პირობას დასავლეთსაც მისცემს და თავის მხრივ, დასავლეთი შუამდგომლობას დააყენებს მმართველ გუნდთან, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში, კონკრეტულად კი გერმანიაში გადაიყვანონ. რამდენად დაიჯერებს „ოცნება“ მიშას სიტყვებს, სხვა საკითხია, მაგრამ როგორც გვეუბნებიან, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც რთულია და მას ხანგრძლივი რეაბილიტაცია ესაჭიროება და მკურნალობას მავე თუ არ დაიწყებს, შემდეგ შესაძლოა დაგვიანებულიც იყოს. ამიტომ, პოლიტიკაზე მეტად, მას საკუთარი სიცცოცხლე ადარდებს და ყველა პირობაზე თვალდახუჭული წავა. გამოჯანმრთელების შემდეგ გაახსენდება თუ არა მიცემული პირობა, ესეც არანაკლებ საინტერესოა.
კომენტარები