ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.
– რა მდგომარეობაა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის კუთხით და მისი უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით?
– მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მხრივ უმძიმეს მდგომარეობაშია და ამის დამადასტურებელი არაერთი სამედიცინო დასკვნა დაიდო, არერთმა კომპეტენტურმა ექიმმა განაცხადა ამის შესახებ. რაც შეეხება მის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას, კანონში სწერია ეს, რომ თუ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, სასამართლოს აქვს უფლება, რომ მას გადაუვადოს სასჯელის აღსრულებადა გაუშვას, რომ იმკურნლოს, გამოჯანმრთელდეს. კანონში არ წერია, საზღვარგარეთ უნდა გაუშვას, სახლში თუ ადგილობრივ კლინიკაში. ეს უკვე პატიმრის თუ მისი მესვეურების გადასაწყვეტია, სად იმკურნალებს. სააკაშვილის შემთხვევაში, უკვე ცნობილია, რომ აუცილებელია მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. ახლა, რადგან მიხეილ სააკაშვილია, ხელისუფლება ამბობს, მე არ გადავუვადებ, არ გავუშვებ საზღვარგარეთ სამკურნალოდო. ნებისმიერი სხვა პატიმარი რომ იყოს, კანონი ავალდებულებს, რომ გაუშვან და სხვას გაუშვებდნენ კიდეც. ეს არის და ეს.
– თუ გაუშვეს პატიმარი, მსჯავრდებული სააკაშვილი უცხოეთის კლინიკაში სამკურნალოდ, იქ ვინ გააკონტროლებს მის უსაფრთხოებას და იმას, რომ დავუშვათ, არ გაიქცეს კლინიკიდან და არ მიიმალოს? ჩვენი თუ იმ ქვეყნის შესამაბისი სამსახურები, სადაც იმკურნალებს? თუ ამგვარი რამ არც იქნება საჭირო?
–კანონმდებლობა ამბობს, რომ არანაირი გაქცევის, მიმალვის, ასე ვთქვათ, არანაირი გარემოება არ აფერხებს სასჯელის გადავადებას. უპირობო გადავადებაზეა ლაპარაკი კანონში. სადაც უნდა წავიდეს, არსად არ სჭირდება ზედამხედველი თუ მაკონტროლებელი. არანაირი განსაკუთრებელი ღონისძიებები არ სჭირდება. გამოჯანმრთელდება და მერე მოიხდის სასჯელს.
-სააკაშვილის გამოქვეყნებულმა წერილმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ფაქტიურად, ამბობს, რომ მიდის პოლიტიკიდან…
–პოლიტიკიდან მიდის კი არა, იმ წერილში ისიც კი თქვა, საერთოდ აღარ მაინტერესებს პოლიტიკაო.
–სააკაშვილის გუნდის ზოგიერთი წევრი აცხადებს, რომ ის არ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან და ეს არის გარიგება ხელისუფლებასთან, რაზეც აკრიტიკებენ. თქენი შეფასებით, ეს ადამიანები ექს-პრეზიდენტის მეგობრები არიან თუ მტრები?
–პოლიტიკოსების გამონათქვამებზე კომენტარს არ ვაკეთებ. რაც თქვა სააკაშვილმა, შემიძლია, ის გავიმეორო. ვინ რას იტყვის, ის არ ვიცი, ჩემთვის, როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატისთვის, მთავარია, თავად რას იტყვის.
– სოციალურ ქსელში თქვენზე გავცელდა ასეთი ინფორმაცია, ჯერ გოგი წულაიას ადვოკატი იყო და ის წაიყანა უცხოეთში სამკურნალოდ, ახლა სააკაშვილის ადვოკატია და მას წაიყვანსო. ეს ისე გავიგე, თითქოს ხელისუფლებასთან გარიგებას გაბრალებენ?!
-არ ვიცი, ჩემზე რას ამბობენ სოციალურ ქსელში, მაგრამ თუ ვინმე მასწავლის როგორ უნდა გავურიგდე ხელისუფლებას, მისი მადლობელი დავრჩები. სამწუხაროდ, არ ვიცი, ეს ამბავი. გოგი წულაიას ეკუთვნოდა სასჯელის გადავადება და გადაუვადეს, უცხოეთში სამკურნალოდ კი გოგი მე არ წამიყვანია, თავად გადაწყვიტა იქ მკურნალობა. არაერთი პატიმრის ინტერსებს ვიცავ და თუ მასწავლიან, როგორ გადავუვადო მათ სასჯელი, მართლა კარგი იქნება. აქ სხვა რაღაცაშია საქმე. ენას ძვალი არ აქვს. მიშას ადვოკატი რადგან ვარ, ამას იმიტომ ამბობენ, პოლიტიკური ნიშნით სჯიან ყველაფერს. მიშას ადვოკატი ხარ? დამნაშვე ხარ. რატომ ხარ მიშას ადვოკატი? – ასე აზროვნებენ. სხვების ადვოკატიც ვარ და მათთვისაც ვითხოვ სასჯელის გადავადებას, მაგრამ იცის ვინმემ, ვინ არის ის ხალხი? არავინ იცის მათი ვინაობა. ადამიანი ღირებულებად აღარ მიაჩნია არც ამ ხელისუფლებას და არც ოპოზიციას. ვინც ამას ამბობს, ღირებულებითი შეფასების რაღაც პრობლემა აქვს. გადაარჩინო ერთი ადამიანის სიცოცხლე, ის იმაზე მეტია, ვიდრე ნებისმიერი სიკეთის გაკეთება და ეს უფლის წინაშეც დიდი მადლია.
კომენტარები