ლევან ჯავახიშვილი
სოსო გოგაშვილის დაჭერის მერე, ხელისუფლება დაფიქრებულია. გოგაშვილი იმიტომ დაიჭირეს, რომ უცხოეთში აპირებდა წასვლას და იქიდან ხელისუფლების წარმომდგენლებზე კომპრომატების გამოქვეყნებას, ასევე, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებათა გასაჯაროებას. თუმცა, გოგაშვილმა ციხიდან დაიწყო ხელისუფლების მხილება. ვინც ბიძინა ივანიშვილს უმტკიცებდა, გოგაშვილის დაჭერით პრობლემა მოგვარდება, გაჩუმდება და ხმას აღარ ამოიღებსო, ის ხალხი დღეს ემალება ივანიშვილს. მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, ნიკა შარაძე, ვახტანგ გომელაური, ირაკლი კობახიძე და გია ვოლსკი. არავინ იცის, ზუსტად რა კომპრომატები აქვს გოგაშვილს, მაგრამ სუს-ში არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი და ყველას ეშინია, ის არ ჰქონდეს გოგაშვილს და არ გამოაქვეყნოს. სუს-ი სასულიერო პირებს და საპატრიარქოს რომ უსმენს, ეს ყველამ კარგად იცის: „სოსო გოგაშვილის სუს-ში მუშაობის პერიოდში, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორესაც უსმენდნენ და ამ ჩანაწერებთან წვდომა, რამდენიმე ადამიანს ჰქონდა, მათ შორის, გოგაშვილს. ერთ-ერთ ჩანაწერში პატრიარქი თავის ერთგულ მაღალი რანგის სასულიერო პირებს ელაპარაკება და ბიძინა ივანიშვილზეც საუბრობს. პატრიარქი ამბობს, რომ ივანიშვილმა ის არაერთხელ მოატყუა და დეტალურად ჰყვება, როდის და რაში მოატყუა. ყველაზე მთავარი ამ ჩანაწერში ერთი ეპიზოდია. პატრიარქი თანამოაზრეებს ეუბნება, რომ „ქართული ოცნება“ აღარ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში, რადგან მისი ხელისუფლებაში მოსვლის მერე, ემიგრანტთა რაოდენობამ კატასტროფულად იმატა, ქვეყანაში უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობაა და მომავალში კიდევ გაუარესდება. მალე საქართველოში ქართველი სანთლით საძებნელი გაგვიხდებაო. პატრიარქი, ასევე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს, ქვეყნის ბუნებრივი რესურსების დიდი ნაწილი გაიყიდა, განიავდა და ეს ქვეყნის მტრობაა და მეტი არაფერი. ჩანაწერში კიდევ ბევრი სხვა დეტალია, ვინც ეს მოისმინა სუს-ში, იმან გამოიტანა ეს ამბავი და მისგან იცის ივანიშვილის გარემოცვამ. ვნახოთ, ჯერ თუ აქვს და მერე თუ გასაჯაროებს ამ ჩანაწერს გოგაშვილი. ზოგადად, სუს-ის მაღალჩინოსნებს, ვისაც საიდუმლო ინფორმაციაზე აქვთ წვდომა, ყველას აქვს ეს საიდუმლო ინფორმაციები გამოტანილი. ეს არის უზარმაზარი ინფორმაცია მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსების, ჩინოვნიკების დანაშულებრივი საქმიანობის შესახებ, პროკურორების, მოსამართლეების შესახებ კომპრომატები და ვინც ჩამოვთვალე, ასევე, მათი ოჯახის წევრების შესახებ კომპრომატები. სოსო გოგაშვილის გარდა ბევრი მაღალჩინოსანი შეიცვალა სუს-ში და ყველამ გაიტანა ეს მასალები. ცხადია, სუს-ის მოქმედ ჩინოსნებსაც აქვთ გატანილი და საიმედო ადგილას შენახული. ეს არის მათი დაზღვევა, უსაფრთხოების გარანტია, რადგან არავინ იცის, ვინ როდის აღმოჩნდება სოსო გოგაშვილის ადგილზე – ციხეში. აქ იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ დღეს ან ახლო მომავალში ეს ხალხი გოგაშვილივით ალაპარაკებას და მასალების გამოქვეყნებას აპირებს. ვიდრე უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნებიან, ხმას არ ამოიღებენ. თუ ვითარება ცოტა აირია ქვეყნაში, არავინ იცის, ვის გასწირავენ და ვისზე გადატყდება ჯოხი. სუს-ს ბევრი უკანონობა აქვს ჩადენილი და შესაძლოა, ისეთი ფაქტი გამოაშკარავდეს, რომ საზოგადოებაში სერიოზული პროტესტი გაჩნდეს. ასეთ დროს, როგორც წესი, ვიღაცაზე ტყდება ჯოხი და არავის უნდა, ეს „ვიღაც“ თავად აღმოჩნდეს. თუ ვინმეს დაუპირებენ გაწირვას, ეს მასალები მათ ხელისუფლებასთან სავაჭროდ გამოადგებათ თავისუფლების თუ სხვა რაიმეს სანაცვლოდ“ – უთხრა წყრომ „ალიას“.
მკითხველს შევახსენებ, რომ დაახლებით ერთი თვის წინ, ამავე წყარომ „ალიას“ მოაწოდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნებიდან“ გასული მიხეილ ყაველაშვილი, სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე პარტიის ჩამოყალიბებას აპირებდნენ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებდა. მაშინ ეს ინფორმაცია არასერიოზულად მიიჩნიეს ჩვენმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა, რომელთაც თავად დავუკავშირდი და ვკითხე ამ შესაძლებლობის შესახებ. თუმცა, ცოტა ხნის წინ, „წასულებმა“ თავად განაცხადეს, რომ პარტიის შექმნას აპირებენ. ხოლო ამ პარტიის თავმჯდომარეობის ყველაზე მეტი შანსი რომ სოზარ სუბარს აქვს, ამის შესახებ უკვე რამდენიმე მედიასაშუალებამ განცხადა.
კომენტარები