საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ლევან იოსელიანი, ავრცელებს ფოტოს და სკანდალურ წერილს:
“დღეს საქართველოს რკინიგზამ გეგმიური სამუშაოების შესასრულებლად სამი დღით შეაჩერა სამგზავრო მატარებლების გადაადგილება. მთელი სეზონი ისედაც დეფიციტშია ბილეთები, მატარებლების რაოდენობა არ არის საკმარისი, რომ მგზავრთა ნაკადი სრულად დააკმაყოფილოს. ყველაზე აქტიურ სამგზავრო პერიოდში, მატარებლების მოძრაობის შეზღუდვა, წარმომიდგენია რამხელა ტვირთად დააწვებოდა ჩვენს მოქალაქეებს.
თუმცა, ამას კიდე არაუშავს. საქართველოს რკინიგზა ჯერ კიდევ მაისში წერდა, რომ 2022 წლის პირველი კვარტალი როგორც ტვირთის გადაზიდვის, ისე სამგზავრო გადაყვანების მიმართულებით დიდი მოგებით დაასრულა. გუშინაც გამოაქვეყნეს მონაცემები, რომ სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები აქვს. გაზრდილ მოგებაზე საუბრობდა პრემიერი ღარიბაშვილიც საპარლამენტო ანგარიშშიც.
თუმცა, მიუხედავად ამხელა მოგებისა, ზაფხულში მგზავრებისთვის ბათუმის მატარებლის ბილეთები მხოლოდ გაძვირდა.
ფასებსაც კიდე არაუშავს, მატარებლები საოცარი სიხშირით რომ არ ფუჭდებოდეს. პირველ აგვისტოს ზუგდიდი-თბილისის მატარებელი შუა გზაში გაჩერდა, მგზავრებს სიცხეში მოუწიათ ლოდინი და საბოლოოდ ლამის მთელი ღამის დაგვიანებით ჩაიყვანეს დანიშნულების ადგილზე. აქედან ზუსტად ორ დღეში, 3 აგვისტოს თბილისიდან ფოთში მიმავალი მატარებელი გაფუჭდა შუა გზაში, მგზავრები სამტრედიაში ჩამოსვეს, რომელთა დიდმა ნაწილმა საკუთარი სახსრებით განაგრძო მგზავრობა სხვა სატრანსპორტო საშუალებებით. თავად რკინიგზამ კი სხვა მატარებელი გამოუშვა. მგზავრებს კომპენსაციის სახით, საკუთარი სურვილისამებრ, შეეძლოთ ბილეთის თანხა უკან დაებრუნებინათ. არადა, ამ ადამიანებს გაცილებით დიდი ზარალი მიადგათ, დაკარგეს ბევრი დრო და იმგზავრეს ტანჯვით.
ამ დროს მხოლოდ ერთი შეკითხვა შეიძლება გაგიჩნდეს, სად არის და რას აკეთებს, მგზავრთა გადაყვანის ფილიალის დირექტორი, ბატონი დაჩი ცაგურია, რომლის პირდაპირი ვალდებულება მგზავრების კომფორტული გადაადგილებაა.”
კომენტარები