პროფესორი გია ნოდია:
„თვალსაჩინოა, რომ ანტირუსული (იგულისხმება თბილისში ჩამოსული რუსები და არა რუსეთის სახელმწიფო) გრძნობები ახლა გაცილებით ძლიერია, ვიდრე 2008 წლის ომის შემდეგ. ეს პარადოქსია: რაც არ უნდა სოლიდარობა გვქონდეს უკრაინის მიმართ, უშუალოდ საქართველოზე თავდასხმა მაინც სხვაა. წესით, რუსებზე მაშინ უფრო უნდა ვყოფილიყავით გაბრაზებულები. რა ხსნის ამას?
ზედაპირული ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ იმ ომის შემდეგ რუსების ასეთი რაოდენობით „შემოსევა“ არ ყოფილა, შესაბამისად, ამ დონის ვიზუალური გამღიზიანებელი არ გვქონია (ადამიანები, როგორც ვიცით, თვალს უფრო აყვებიან, ვიდრე რაციონალურ არგუმენტებს).
ესეც ფაქტორია. მაგრამ მე მგონი, მთავარი მიზეზი შიდაპოლიტიკურია: მაშინდელ მთავრობას ბევრი ემტერებოდა სხვადასხვა ნიშნით, მაგრამ პრორუსულს (ოდნავ ჭკუათმყოფელი) ვერავინ უწოდებდა. ცხადია, რუსეთის ახალი აგრესიის შიში არსებობდა, მაგრამ არავის ეშინოდა, რომ ხელისუფლება რუსეთის ჩვენს მიმართ აგრესიულ პოლიტიკას წაახალისებდა და ხელს შეუწყობდა. ამიტომ, ვთქვათ, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შექმნა და მათი ტურიზმის წახალისება პრაქტიკულად არავის გაუპროტესტებია. არავინ ჩაუთვლია ეს „პრორუსულ“ ნაბიჯად (ჩემი აზრით, სრულიად სამართლიანად), რადგან მიშასგან პრორუსულ ნაბიჯებს არ ელოდნენ.
ახლა კი გვყავს მთავრობა, რომლის „პრორუსულობა“ სულ უფრო თვალსაჩინო ხდება და რომელიც მხოლოდ რიტუალურ პროდასავლურობას ინარჩუნებს; ის სულ უფრო მეტად ეყრდნობა ხალხს, ვისთვისაც მისი პრორუსულობა სულაც არ არის ნაკლი. შესაბამისად, რაკი არ გვწამს (ვისაც არ გვწამს), რომ ხელისუფლება მოტივირებულია რუსეთის მხრიდან პოლიტიკური (და არა მხოლოდ სამხედრო) აგრესიისგან ჩვენს დასაცავად, რუსეთის და რუსების წინაშე გაცილებით უფრო დაუცველად ვგრძნობთ თავს. ეს დაუცველობის განცდა ბადებს რეაქციას, რომ ნებისმიერი კაფეში მჯდომი რუსი წყვილი ოკუპაციური პროექტის ნაწილია.
რამდენად შეადგენს რუსების „შემოსევა“ რეალურ საფრთხეს, ან როგორი უნდა იყოს მათ მიმართ დამოკიდებულება – სრულიად სხვა საკითხია. ამაზე არ ვწერ (რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას მეც მხარს ვუჭერ – მაგრამ ეს არსებული ხელისუფლების პირობებში წმინდად თეორიული საკითხია), მხოლოდ იმ ფაქტის გაგებას ვცდილობ, რატომ არის ჩვენი სპონტანური ფსიქოლოგიური რეაქცია რუსის დანახვაზე დღეს გაცილებით უფრო მძაფრი, ვიდრე 2008 წლის ომის შემდეგ.
ამიტომ გავიმეორებ, რაც აქ რადმენჯერმე ვთქვი: როგორც არ უნდა ვაფასებდეთ რუსეთის მოქალაქეების “შემოსევას”, როგორც პრობლემას, ის მაინც მეორადია უფრო სტრატეგიულ პრობლემასთან შედარებით, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც გვყავს.“
კომენტარები