„სამართლიანი არჩევნები“ ახალ კვლევას აქვეყნებს:
რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად, საქართველოში მომძლავრდა ანტიდასავლური და, რიგ შემთხვევებში, ღიად პრორუსული გზავნილები. გავრცელებული ნარატივის მიხედვით, დასავლეთი საქართველოზე ახდენს ზეწოლას, რომ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაერთოს. მსგავსი რიტორიკა და ირიბი მინიშნებები მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგანაც ისმის. დასავლეთთან ერთად, ქვეყანაში ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნის სურვილის შესახებ ბრალდებები ისმის ოპოზიციის, განსაკუთრებით კი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მისამართითაც.
საზოგადოებაში ომში ჩათრევის შიშების დასანერგად და დასავლეთის უარყოფითი როლის წარმოჩენის მიზნით დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიაში ჩართულნი არიან ხელისუფლებასთან დაკავშირებული, ექსპერტებად ცნობილი პირები, მმართველი გუნდის ამჟამინდელი თუ, უკვე, ყოფილი წევრები და სხვა აქტორები. მართველი პარტიის რიტორიკისა და ტრადიციულ პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებში გააქტიურებული კამპანიის პარალელურად, ანტიდასავლური გზავნილები მომძლავრდა სოციალურ ქსელებშიც. მათ შორის, თვალსაჩინო გახდა ფეისბუქზე გიორგი (გია) გაჩეჩილაძის (“უცნობის”) მიერ დაარსებულ მოძრაობასთან დაკავშირებული გვერდების ქსელი, რომლებიც ფეისბუქზე შექმნილი ინფრასტრუქტურის (გვერდები და არაავთენტური ანგარიშები) მეშვეობით ცდილობენ, ხელი შეუწყონ დასავლეთის საწინააღმდეგო ნარატივის პოპულარიზაციას. ამასთანავე, აღნიშნული ქსელი სცდება ფეისბუქის მასშტაბებს და მასთან ერთად, იუთუბის, ტელეგრამის, ტიკტოკისა და ინსტაგრამის პლატფორმებზეცაა წარმოდგენილი, რაც მისი საინფორმაციო კამპანიის ხასიათზე მიუთითებს და საზოგადოებაზე გავლენის გაზრდის ინტერესს ნათელს ხდის.
გია გაჩეჩილაძის საზოგადოებრივ მოძრაობასთან დაკავშირებული გვერდები ფეისბუქზე
„აი ია“ საზოგადოებრივი მოძრაობაა, რომლის დაარსებაც გია გაჩეჩილაძემ 2021 წლის 9 აპრილს დააანონსა და მოძრაობის მიზნად ქვეყნის პოლიტიკური მოცემულობის შეცვლა გამოაცხადა. მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელია თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი და მანამდე „ქართული ოცნების“ წევრი, ვატო შაქარიშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ მოძრაობას სამოქალაქო კონტროლის ფუნქცია ექნებოდა. შაქარიშვილი და გაჩეჩილაძე თავიანთ განცხადებებში ხშირად ესხმიან თავს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედიას და გამოირჩევიან ანტიდასავლური რიტორიკით. რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დაწყებიდან თითქმის ორ თვეში გაჩეჩილაძემ ახალი საზოგადოებრივი ინიციატივა, „არ აგარევინებთ“ დააანონსა, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩათრევისგან თავის არიდებაა, რომელსაც, მისი თქმით, შიდა და გარე ძალები, მათ შორის, ოპოზიცია ცდილობს.
„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ფეისბუქზე “აი ია”-სთან დაკავშირებულია ღიად ანტიდასავლური, ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ქსელი, რომელშიც 7 გვერდი შედის: „არ აგარევინებთ“, „არ აგარევინებთ • ar agarevinebt“, „აი უცნობი • i ucnobi“, „აი ია“, „ Vato Shakarishvili • ვატო შაქარიშვილი”, “Fun Politic“ და „მიშინგი“. გვერდების პოსტების უმეტესობა ჯგუფებში ყალბი ანგარიშების მიერ კოორდინირებულად ვრცელდება. ოპოზიციის წინააღმდეგ გამოქვეყნებული პოსტების ნაწილი რეკლამების სახითაც ვრცელდება.
ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტის, CrowdTangle-ის, მიხედვით, გვერდები „აი ია“, „არ აგარევინებთ“, „არ აგარევინებთ • ar agarevinebt”, „Vato Shakarishvili • ვატო შაქარიშვილი“ და „აი უცნობი • i ucnobi“ ერთმანეთის გვერდებიდან აქვეყნებენ ვიდეოებს ე.წ. ქროსფოსთინგის ფუნქციის მეშვეობით,[1] რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულია და შესაძლოა, საერთო ადმინისტრატორებიც ჰყავთ.
არაავთენტური ანგარიშების კოორდინირებული აქტივობა ფეისბუქ ჯგუფებში
“სამართლიანმა არჩევნებმა” აღმოაჩინა ფეისბუქზე მოქმედი ყალბი ანგარიშები, რომლებიც შესწავლილ გვერდებზე გამოქვეყნებულ პოსტებს ჯგუფებში კოორდინირებულად ავრცელებენ. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული არაავთენტური ანგარიშები პოსტების ჯგუფებში გაზიარებას მათი გამოქვეყნებისთანავე იწყებდნენ, რაც მათი ადმინისტრატორების კოორდინირებულ მოქმედებაზე მიუთითებს. საყურადღებოა ისიც, რომ თითოეული ყალბი ანგარიში ჯგუფებში პოსტებს რამდენიმე გვერდიდან აზიარებდა.
მასალა სრულად იხილეთ აქ
კომენტარები