ანი დვალიშვილი
როგორც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი „ალიას“ უყვება, სააკაშვილი ამ კვირაში აპირებს ოფიციალური წერილის გავრცელებას, რომელშიც დეტალურად აღწერს საკუთარ გეგმებს და მის მიერვე შექმნილ პარტიას ოფიციალურად გაემიჯნება და ქართული პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლასაც ასევე ოფიციალურად დაადასტურებს. როგორც „ალიას“ წყარო ეუბნება, ამ წერილის შემდეგ, სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე განცხადებას აღარ გააკეთებს და საკუთარ მოსაზრებას აღარ გამოთქვამს. გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე მმართველი გუნდი უნდა დარწმუნდეს სააკაშვილის სიტყვებში და შემდეგ უკვე თანხმობა უნდა თქვას მის საზღვარგარეთ გაშვებაზე. მიშა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ოპოზიცია მას ციხიდან ვერანაირი გზით ვერ გამოიყვანს და ისიც ზუსტად იცის, რომ მისი ქართული პოლიტიკიდან გასვლითა თუ წასვლით, ნაციონალები ამომრჩეველს დაკარგავენ, მაგრამ ის ახლა უბრალოდ თავისუფლებისთვის იბრძვის და იბრძვის ყველა ხერხითა თუ საშუალებით.
სხვათა შორის, ბოლო დროს, აქტიურად მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ საზღვარგარეთ ყალიბდება ახალი ძალა, რაზეც „ალია“ ექსკლუზიურად წერდა და რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდი ფულით და ახალი ხალხით მოვა. ანუ, ეს იქნება ადამიანთა ერთობა, რომლებმაც წარმატებას საზღვარგარეთ მიაღწიეს და ახლა საქართველოში დაბრუნება სურთ და… როგორც გვიყვებიან, „ოცნება“ ამისთვის თავისებურად ემზადება – მმართველი გუნდი აუცილებლად მონახავს ვინმეს იმ ახალ ძალაში, ვისზეც იტყვის, რომ ნაციონალია და თუ ეს არ გამოვა, ნახავს ისეთ ვინმეს, ვისზეც უკვე ოპოზიცია იტყვის, რომ ახალი ძალა ივანიშვილის პროექტია და ამ ახალი ძალის ამბიცია ჩანასახშივე მოკვდებაო. იმასაც შეამჩნევდით, რომ მმართველი გუნდი რეგიონებში დადის და მართალია, დარბაზში ძირითადად საკრებულოს წევრები და საჯარო მოხელეები სხედან, სათქმელი მაინც თქვეს და შელამაზების გარეშე აღნიშნეს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც გამარჯვებას აპირებენ და ხელისუფლებაში დარჩენა მეოთხე ვადით სურთ. როგორც ამ ხელისუფლების საყვარელ ოკუპანტ ქვეყანაში იტყოდნენ „ნაგლასწ ვტაროე სჩასტიე“…
კომენტარები