ანი დვალიშვილი
თუ გახსოვთ, თავის დროზე, ლამის ყველა საინფორმაციო საშუალების თუ ტელევიზიის მიერ სახლში გაშვებული ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობაზე მხოლოდ „ალიამ“ „დატოვა“ და ვწერდით, რომ ივანიშვილი მას იმ დროს არ გაუშვებდა. ახლა ეს თემა „ოცნების“ კულუარებში აქტიურად დაიძრა და ამბობენ, რომ შემოდგომისთვის არამარტო ახალი პრემიერი გვეყოლება, არამედ რადიკალურად სხვა მთავრობა. ისიც გვითხრეს, ივანიშვილი ღარიბაშვილს ზამთრამდე დააცდის, შემდეგ, უკვე მეორედ რომ გვეტყვიან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარს, პასუხისმგებლობას ააღებინებს და თან ევროპელებსაც კოჭს გაუგორებს, აგერ, პასუხი მთავრობის მეთაურმა აგოო. ასეა თუ ისე, ღარიბაშვილის თავზე საავდრო ღრუბელი აშკარად არის და ეს ყველაზე კარგად თავად იცის. საგარეო პოლიტიკაში კი საქმეები საქართველოსთვის სასიკეთოდ ნამდვილად არ ვითარდება. ომი დაიწყო პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ, რომელსაც მეზობელთან სადაო ტერიტორიები ჰქონდა. თუ ეს პრაქტიკა გაგრძელდება, საქართველოს აუცილებლად მიანიშნებენ სამაჩაბლოსა და აფხაზეთზე, თუმცა ეს ყველაფერი არ არის – ბოლო დროს ძალიან სერიოზულ მოთამაშედ ქცეულმა თურქეთმა, შესაძლოა, პრეტენზია გამოთქვას იმ ტერიტორიებზე, რომლებიც თავისი ჰგონია და ეს შესაძლოა საქართველოსაც შეეხოს. კულუარებში ამის მოლოდინი კი არა, შიშიც არსებობს და ამიტომაც არის, საქართველოს ხელისუფლება იმ მოლაპარაკებებში რომ არ ერთვება, რომლითაც თურქეთი შავ ზღვაზე პრაქტიკულად მთლიანად იღებს კონტროლს და უკრაინიდან წამოსული ნებისმიერი ტვირთი მხოლოდ თურქულ პორტებში შედის და საქართველოს გვერდს უვლის. გამოსავალი ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება შეიძლება იყოს, რადგან, ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთი უდიდესი კონტრაქტორი, ვინც ამ პორტის მშენებლობაზე განაცხადებს პრეტენზიას… თურქული კომპანია იქნება. „ალიას“ ინფორმაციით, მშენებლობის სანაცვლოდ, თურქული კომპანია ფულის გარდა მოითხოვს, რომ ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, პორტის ოპერირება მომდევნო 20 წლის განმავლობაში სწორედ თურქულმა მხარემ განახორციელოს. სანაცვლოდ, თურქები რუსეთთან, რომელსაც ამ პორტის აშენებაზე ელეთ-მელეთი ემართებოდა, ურთიერთობის დალაგების პირობას დადებენო.
კომენტარები