ოზურგეთში მოკლული ქალის ძმის განცხადებით, ყოფილი ქმრის მხრიდან მის დაზე ძალადობა მუდმივად ხორციელდებოდა.
ამასთან, როგორც მოკლული ქალის ძმა აცხადებს, მისი ყოფილი სიძე სამჯერ ნასამართლევია. მისივე ინფორმაციით, ნასამართლეობის გარდა, მის მიმართ რამდენჯერმე იყო გამოცემული შემაკავებელი ორდერი, საიდანაც პოლიციის მხრიდან ბოლო შემაკავებელი ორდერი მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე გაიცა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობის დროს დედასთან ერთად 4 წლის ბავშვი იმყოფებოდა, რომელიც ამ დროისთვის პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი და ფსიქოლოგის და შესაბამისი სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.
შეგახსენებთ, ოზურგეთში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მოკლული ქალი სამ შვილთან ერთად ლესელიძის ქუჩაზე ნაქირავებ კერძო სახლში ცხოვრობდა.
წყარო – ინტერპრესნიუსი
კომენტარები