„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები განცხადებას ავრცელებენ:
„ამერიკის საელჩომ საქართველოს პარლამენტს ორიოდე დღის წინ წერილობით წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც დამატებით ამყარებს ჩვენს დასკვნას იმის თაობაზე, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული
დავიწყებთ იმით, რომ დოკუმენტში სიტყვა „უნდა“ 60-ჯერ არის გამოყენებული, ხოლო საელჩო პარლამენტს „რეკომენდაციას“ კონკრეტულ საკითხებზე მხოლოდ 9-ჯერ უწევს. უკვე ეს ფაქტიც აჩვენებს სრულიად უპატივცემულო და უხეშ დამოკიდებულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ასეთ დოკუმენტს არა „რეკომენდაციები“, არამედ მხოლოდ „ინსტრუქცია“ შეიძლება ეწოდოს, რაც, სამწუხაროდ, საბჭოთა წარსულს გვახსენებს და შესაბამის მძიმე ასოციაციებს აღძრავს.
რა თქმა უნდა, საელჩო შეიძლება გამოთქვამდეს მოსაზრებებს საქართველოს კანონმდებლობის შესახებ. თუმცა, სუვერენულ სახელმწიფოში მოქმედი და სუვერენიტეტის მიმართ პატივისცემით გამსჭვალული საელჩო რეკომენდაციების გაცემისას მხოლოდ სამართლიანობის ასპექტით უნდა შემოიფარგლებოდეს, ხოლო მიზანშეწონილობაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ერეოდეს. კერძოდ, საელჩოს შეუძლია თქვას, რომ კანონმდებლობის ესა თუ ის ნორმა უსამართლოა, მაგრამ სამართლიანი ნორმები როგორ უნდა შეიცვალოს, ამის თქმის უფლებას, საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემის პირობებში, საელჩო საკუთარ თავს არ უნდა აძლევდეს.
სამწუხაროდ, გასული წლების განმავლობაში დამკვიდრდა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც საელჩოს წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფებში უშუალოდ ისხდნენ და კანონშემოქმედებით პროცესში იღებდნენ მონაწილეობას. სუვერენულ სახელმწიფოში ასეთი პრაქტიკა სრულიად მიუღებელია, როგორი სტრატეგიულიც არ უნდა იყოს პარტნიორობა ორ სახელმწიფოს შორის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამგვარი პრაქტიკა სამომავლოდ მაინც აღიკვეთოს და კანონები, დემოკრატიისა და სახალხო სუვერენიტეტის პრინციპების შესაბამისად, მხოლოდ იმ სახელმწიფო ინტიტუტების წარმომადგენლების მიერ დაიწეროს, რომლებსაც შესაბამისი ლეგიტიმაცია საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე აქვთ მინიჭებული.
რადგან კონსტიტუციაზე ჩამოვარდა სიტყვა, აქვე აღვნიშნავთ, რომ საელჩო საქართველოს პარლამენტისგან ხუთი კონსტიტუციური ნორმის შეცვლას ითხოვს. ამასთან, საუბარია ნორმებზე, რომლებიც ვენეციის კომისიის მიერ უკვე არის სამართლიანად და უხარვეზოდ შეფასებული. ესეც არის სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულო და უხეში დამოკიდებულების გამოვლინება. კონსტიტუციის სტაბილურობა სახელმწიფოს სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. როდესაც საელჩო გამუდმებით ცდილობს, საქართველოს პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა აიძულოს, ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ საელჩოსთვის სახელმწიფოს სტაბილურობის შესუსტება ერთგვარი თვითმიზანია“
კომენტარები