დაახლოებით ერთი წლის წინ, ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე წერდა, რომ 81 წლის მამას, მეცნიერ დათო ხაზარაძეს აქვს დემენცია, რომელიც მწვავე ფორმებით მიმდინარეობს – ავადმყოფს დრო, სივრცე, გარემო აქვს არეული და ამ დაავადებით გამოწვეული არაადექვატური ქცევა, უპირველესად მისივე ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს. ტელეწამყვანმა მამის საოჯახო ტიპის სახლში მიყვანა გადაწყვიტა, ამის გამო საზოგადოების ნაწილმა ის მკაცრად გააკრიტიკა.
მძიმე პერიოდს ნანიკო “რადიო თავისუფლებასთან” იხსენებს:
“ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო, აგონიაში ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა. ამის შემდეგ დავწერე ვრცელი პოსტი და ამას მოჰყვა საშინელი ტალღა ჩემი ნათესავების. ზოგმა ჩემი ფოტო გამოდო წარწერით, რომ ნანიკომ მამა გადააგდო, ჩააბარა, ჩვენ წამოვიყვანთ მას და არ დავუტოვებთო. ამის შემდეგ მივმართე სოციალურ სააგენტოს და მომანიჭეს მხარდამჭერის სტატუსი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მე მამას ვეღარავინ წამართმევდა.
გავიდა დრო და მივხვდი, რომ მამასთან ერთად პანსიონატში ზუსტად იმ ოჯახის ნათესავები იყვნენ, ვინც მე მლანძღავდნენ. ახლაც ვთვლი, რომ ძალიან სწორედ მოვიქეცი. ხელმეორედ რომ ეს ვითარება გაჩნდეს, მე ისევ ასე მოვიქცევი.
მამა ნელ-ნელა დამძიმდა, მომვლელი კი ჰყავდა, ვცდილობდით კომფორტულად ეცხოვრა, მაგრამ არ გამოვიდა. გაუსაძლისი იყო მართლა ყოფა. სახლიდან ყველაფერი გავიტანე, რაც მამასთვის საშიში იყო. ბოლოს გასაღებიც წავართვი და გამოვკეტე ადამიანი. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. ამ დროს მე დავიწყე ძებნა ამ ტიპის სახლების. ჩვენ მდიდარი ფანტაზია გვაქვს და ჩვენი წარმოდგენები არის ის, რაც ვიცით. მე ასეთ სახლებში ბევრად კარგ პირობებს ველოდი. ჩვენი ქვეყანა ამ პირობებს არ აკმაყოფილებს. თუმცა ძალიან კარგ სახლშია მამა, მაგრამ მე მაინც სხვა წარმოდგენა მქონდა ამ ყველაფერზე.
როდესაც მივიყვანე, დამძაბა იმ გარემომ რაც დამხვდა. ძალიან კარგად მიიღეს მამა და იქ ის ძალიან დამშვიდდა. იქიდან არც ერთხელ არ გაქცეულა და მივხვდი, რომ ეს ის არის, სადაც არის მამა. ყველაზე მძიმე არის ის, რომ მე ვიცი, მამა იქ დაასრულებს სიცოცხლეს.
როცა მამა იქ წავიყვანე, თავიდან ერთი კვირა, ვერაფერს ვგრძნობდი. ჩემი ტელეფონი გაჩერდა ანუ დღეში ათასი ზარი არ შემოდიოდა, რომელიც მთხოვდა, გახარია გამეყვანა სახლიდან, ან მებნებოდა, რომ ია ფარულავა იყო სახლში, რადგან მას ტელევიზიით ხედავდა და ასე შემდეგ… შემდეგ იყო ის, რომ იმოქმედა საზოგადოებრივმა აზრმა. ჩემს შეგრძნებებზე ეს მაინც მოქმედებდა. ახლაც ძალიან მიჭირს იმაზე ფიქრი, რომ ვიცი, მამამ იქ უნდა დაასრულოს სიცოცხლე. “
კომენტარები