„ჩემი სამუშაო კაბინეტი ბოქსირებულ განყოფილებაშია, ჩემი სამსახური მეხვეწება, გადადი სხვა განყოფილებაშიო, ეს გამორიცხულია“, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „ფორმულას ეთერში განაცხადა.
„ჩემი სამუშაო კაბინეტი ბოქსირებულ განყოფილებაშია. ეს არის განყოფილება, სადაც თავსდებიან ყველაზე საშიში ინფექციებით ავადმყოფები.
ამ დროს, მთელი ჩემი სამსახური მეხვეწება, გადადი სხვა განყოფილებაშიო. ეს გამორიცხულია, მთელი ჩემი ცხოვრების მიზანი ის იყო, რომ ასეთი ინფექციების წინააღმდეგ მებრძოლა და სახეში შემეხედა ასეთი რისკისთვის.
როგორ, ეს მივატოვო და წავიდე სხვაგან?! ეს გამორიცხულია! ცუდი სიტყვაა, მაგრამ ძალიან დიდი აზარტიცაა ამაზე მუშაობა“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
ჟურნალისტის კითხვაზე დაიღალა თუ არა, ცერცვაძე ასე პასუხობს :
„ალბათ, ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ ამას ვერ ვგრძობ. იმდენად დიდია ეს პასუხისმგებლობა, პროფესიული მოვალეობის შეგრძნება, თუნდაც, როგორც ჩანს, ჩემთვის ბავშვობიდან დამახასიათებელი რაღაც, ასეთი ლტოლვა საინტერესოსკენ, ამოუცნობისკენ და საშიშისკენ. ეს იმდენად დიდია, რომ მე, ალბათ, ძალიან დაღლილი ვარ მაგრამ, ამ დაღლას ვერ ვგრძნობ”
კომენტარები