სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი, ციხიდან კიდევ ერთ წერილს ავრცელებს, სადაც შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და მას ღიად ადანაშაულებს პანკისის ოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაში, რომელიც სპეცოპერაციას მოჰყვა:
“ვახო, ერთხელ მაინც იქნებ გეყოს კაცური გამბედაობა და შენს ნამოქმედარზე აიღო პასუხისმგებლობა. შენ აღარ ხარ ,,ლიჩნიკი’’, შენ ხარ შსს მინისტრი, პოლიტიკური თანამდებობის პირი და მმართველი ბანდის პოლიტსაბჭოს წევრი. ვიცი, რომ წლების მანძილზე პრაქტიკაში კარგად მოირგე შენი გაფუჭებულის სხვაზე გადაბრალება, სხვისი დასჯა და შენი თანამდებობის, ასევე არაოფიციალური კოლოსალური შემოსავლის შენარჩუნება, რომელიც ყოველთვიურად უტოლდება 10 000 რიგითი პოლიციელის შემოსავალს.
სხვის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ, მაგალითად მინდა გავიხსენო, მაჩალიკაშვილის საქმე, როდესაც ჩემს წინააღმდეგ აგორებული, ბინძური ცილისმწამებლური კამპანია შეგეძლო გაგეჩერებინა ერთი შენი განცხადებით, მაგალითად: შავნაბადას სპეცრაზმი არ ექვემდებარება გოგაშვილს და მათზე ის ვერ გასცემდა ბრძანებას, ეს არის ჩემს დაქვემდებარებაში. ამის ნაცვლად შენ შეხვდი საიდუმლოდ მედიკო მარგოშვილს და შენი თავის დაძვრენა განიზრახე, უარესიც, თქვენ ამ გამწარებულ ოჯახთან გაგზავნეთ ბინძური ადამიანი, რომელსაც უხდით ფულს და დაავალეთ ჩემს წინააღმდეგ მუშაობა, რათა დაეჯერებინა ოჯახი, თითქოსდა ჩემს მიერ ჩადენილ დანაშაულში. სამწუხაროდ, მან ეს მოახერხა და გამწარებულ მამას მიაღებინა შურისძიების გადაწყვეტილება ჩემს წინააღმდეგ. ბინძურმა ადამიანმა თავის დავალების შესრულების დასტურად ჩანაწერიც გააკეთა, რომელიც კეთილი ადამიანების წყალობით ჩემს ხელში აღმოჩნდა. მე შევკრიბე ყველა მტკიცებულება და ამ ბინძური ადამიანის წინააღმდეგ შევიტანე საჩივარი პროკურატურაში. ეს მასალები ახლა შენს უწყებაში დევს და შენ მას ცივ ნიავს არ აკარებ.”
„ახლა სხვების ცოლებმა ინერვიულონ!“ – რას უყვება „ალიას“ სოსო გოგაშვილის მეუღლე?
კომენტარები