ჟურნალისტი თეა გვასალია:
,,ფერადი ქსეროქსი დამჭირდა და ჩავედი თბილისში. დოლიძეზე გავაჩერე მანქანა და ფეხით გავუყევი პეკინს, სადღაც ახლო-მახლო მახსოვდა ქსეროქი, მაგრამ არ დამხვდა. ისე ცხელოდა, ბახტრიონის ჩასახვევს ვერ გავცდი და „ვაიკიკში“ შევედი სულის მოსათქმელად. იქ მეორე უკიდურესობაში აღმოვჩნდი. გაყინულ თევზებს და ზღვის პროდუქტებს რომ ინახავენ, იმ გიგანტური მაცივრების ტემპერატურა ჰქონდათ დაყენებული კონდიციონერზე, სალაროსთან კი, ანტარქტიდის თოვლნრევი ქარბორბალა პირდაპირ რიგში მდგარი კლიენტებისკენ იყო მიმართული. ეს იქიდან ვიცი, რომ სანამ სულს ვითქვამდი, ფილტვების ანთება ან რადიკულიტი რომ არ ამეკიდებინა, პირველივე საწვიმარს დავავლე ხელი და ჩავიცვი. მერე ჩემს ნაცვამს უკან ხომ არ ჩამოვკიდებდი და ყიდვა მომიწია. სალაროს რიგში საწვიმარმაც ვეღარ დამიცვა. მაღაზიიდან ჯანმრთელი რომ ვერ გამოვიდოდი, ცხადი იყო და ერთადერთი იმას ვფიქრობდი, სამწვერა ნერვის ანთება სჯობდა და სახე მიმეშვირა მინუს 3 გრადუსზე დაყენებული კონდიციონერის გაყინული ჭავლისთვის, თუ შვილები მაინც გაჩენილი მყავდა და საკვერცხეები გამეწირა და ცხოვრებაში პირველად შემშურდა ფარანჯაში გახვეული თურქი ქალის, რომელიც ხელში არჩეული ტანსაცმლის იარლიყს ატრიალებდა და გაოცებული ჩასძახოდა მობილურში „ბირ შალავარ, ბუ ჩოკ ფაჰალიო“, ბირ შალავარ რომ ერთი შარვალი იყო, გავიგე და იარლიყს რომ დავხედე, მივხვდი ეძვირებოდა. ჰოდა, სანამ მე სალარომდე მივაღწევდი და მწვავე ბრონქიტით დავტოვებდი „ვაიკიკს“, ვფიქრობდი, რა ჭკვიანურად მოიქცა ესპანეთის პრეზიდენტი, პედრო სანჩესი, გასულ კვირას ბრძანება რომ გამოსცა, მაღაზიებში და დაწესებულებებში ზაფხულში 27 გრადუსზე ქვემოთ არ ჩამოეწიათ ტემპერატურა, ზამთარში კი 19 გრადუსზე ზემოთ არ აეწიათ. მართალია მან ეს უსაშინლესად გაძვირებული ელექტროენეგიის დაზოგვის მიზნით გააკეთა, მაგრამ პარალელურად რამდენი ქალი გადაარჩინა უშვილობას, კაცი – წელკავს და ბავშვი-ანგინას. ამ ახალი რეგულაციის დამრღვევებისთვის ჯარიმები 60 000 ევროდან იწყება. 27 გრადუსი, ჩემი აზრით ძალიან მაღალი ტემპერატურაა, 22-23 გრადუსიც შეიძლებოდა, მაგრამ ესპანეთს მორიგი ენერგეტიკული კრიზისი უდგას და მოქალაქეებიც შეძლებისდაგვარად გაგებით ეკიდებიან თავიანთი სიმპატიური პრეზიდენტის ბრძანებას.”
კომენტარები