მწერალი, ალეკო შუღლაძე:
დღეს ძალიან დიდი დღეა, ორი დღესასწაული ერთმანეთს დაემთხვა: ქრისტიანული – ფერიცვალება და ვაიშნავური – კრიშნას მოვლინება.
ფერიცვალება ბავშვობიდან მომყვება, ჯერ კიდევ სუფსაში გაშლიდნენ ხოლმე სუფრას, სანთლებს აანთებდნენ, მაშინ უფრო რიტუალი იყო, მოხარშული სიმინდი და ყურძენი უფრო მიტაცებდა, გრიგოლეთში ბანაობაზე უფრო ვფიქრობდი, თევზაობაზე, ერთი გოგო ჩამოდიოდა დონეცკიდან, მამით ქართველი და ის მერჩივნა ყველაფერს. ერთხელ ვთხოვე ღმერთს, ისე გააკეთე, რომ დამელაპარაკოს-მეთქი და მართლაც მეორე დღეს დამელაპარაკა. რუსულად მელაპარაკებოდა, ყველაფერი მესმოდა, მაგრამ მე ვერ ველაპარაკებოდი. ქართულად ვცადე და არ იცოდა. ჰოდა, მარტო ის ლაპარაკობდა. მერე ვივარჯიშე ფრაზაში я тебя люблю, დილით უნდა მეთქვა, მაგრად ვნერვიულობდი… მაგრამ სანამ თევზაობიდან დავბრუნდი, წასული დამხვდა დონეცკში. ისეთი ლამაზი იყო, ახლაც მაკანკალებს.
როცა წამოვიზარდე, თევზაობას, ჯოკერს, დახუჭობანას, ჭყუმპალაობასა და სმას, მოულოდნელად სერიოზული ალტერნატივა გამოუჩნდა ვედური ლიტერატურისა და კრიშნას სახით. მაშინ ამაზე იჭერდნენ. ანუ საბჭოთა კავშირის დროს „ბჰაგავად-გიტას“ კითხვაზე 3-5 წელი იყო.
კრიშნას შესახებ კი ახლაც ბევრმა საერთოდ არაფერი იცის. აი, თრეილერი მათთვის, ვინც პირველად ისმენს მის შესახებ:
ის 5 000 წლის წინ მოევლინა დედამიწას და უმეტესობა თვლის, რომ მისი მშობლები მამა ვასუდევა და დედა დევაკი არიან. მაგრამ უფრო საკრალური ცოდნის მფლობელებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მისი ნამდვილი მშობლები დედა იაშოდა და მამა ნანდაა. ამიტომაც მიმართავენ მას როგორც იაშოდა-ნანდანა (იაშოდას ვაჟი) და ნანდა-ნანდანა (ნანდას-ვაჟი).
ჯერ კიდევ პაწაწკინტელა იყო, როცა ბოროტმა დემონმა ქალმა პუტანამ მისი მოკვლა გადაწყვიტა და პირში მოწამლული ძუძუ ჩაუდო. ეს ამბავი ცუდად დამთავრდა პუტანასთვის.
შემდეგ კრიშნას თავისი თანატოლი გოგონა რადჰიკა შეუყვარდა. სულ მის ძებნაში იყო. რადჰიკას კი უფრო მეტად შეუყვარდა კრიშნა. კრიშნას ლურჯი ფერის სხეული აქვს, რადჰიკას წითელი კაბა აცვია. ისინი სულ ერთმანეთს უყურებენ და ამიტომაც გადაკრავს კრიშნას თვალებს წითელი ფერი, ხოლო რადჰიკას კი ლურჯი თვალები აქვს.
პუტანას პადძელნიკი ჰყავდა, მეფე კამსა. კრიშნა თავისთან დაიბარა: შენზე ამბობენ, ორთაბრძოლებში ყოფილხარ მაგარი, ჰოდა, ჩამოდი, თან შენი ძმა ბალარამა წამოიყვანე, აქ ჩემს ორ მებრძოლს დაგახვედრებ ჩანდრიკას და მუშტიკას და ვნახავთ, ვისი აჯობებსო. ეს ამბავი ცუდად დამთავრდა კამსასთვის.
მერე ომი დაიწყო კურუკშეტრაზე: კრიშნა ძმები პანდავების მხარეზე ომობდა, მეორე მხარეს ამათი მასწავლებლები და მხეცი მეომრები იყვნენ. ვის მხარეზეც კრიშნა ომობს, ის არასოდეს მარცხდება. ბოლოში დურიოდჰანა მოკლეს, რომელმაც წყალში ჩაყვინთა და იქ იმალებოდა. თუმცა მიაგნეს. დახოცილმა ჯარისკაცებმა სამოთხის პლანეტებზე გადაინაცვლეს, სანერვიულო არაფერია.
ომი როცა დამთავრდა, კრიშნა რადჰიკას შეხვდა, რომელიც 100 წელი არ ჰყავდა ნანახი. რადჰიკამ უთხრა, წამოდი, ვრინდავანში დაბრუნდი, ისევ ერთად ვიყოთ, მთელ სამ სამყაროში არავის უყვარს ერთმანეთი ისე, როგორც მე და შენო. მაგრამ არ გაჰყვა კრიშნა რადჰიკას. ამ ამბიდან 5 000 წელი გავიდა და მე ახლაც ძალიან განვიცდი, რომ არ გაჰყვა.
ამბობენ რადჰიკა კრიშნაზე უკეთესად უკრავს ფლეიტაზე და საერთოდ, კიდევ ბევრ რამეში უჯოკრავსო. რადჰიკას დაბადების დღე 4 სექტემბერს იქნება.
კომენტარები