86 წლის ნაზიკო ორი წელი, ფეხგადმოუდგმელად იწვა ლოგინში და მარტის ბოლოსკენ მოკვდა. პატარა ქალაქის პატარა უბანში მისი სიკვდილი არავის გაჰკვირვებია. მარტო ისა თქვეს, ვაჰ, რა ცუდ დროს მოკვდაო. ნაზიკოს შვილმა მეზობელს სთხოვა, ყურადღება მიაქციე, სამძიმარზე მოსულებმა დისტანცია დაიცვან და ოთახში რიგრიგობით შემოვიდნენო. რძალმა დაიჩივლა, სტუმრები უყვარდა და ახლა ღვინის წამქცევი და შესანდობარის მთქმელიც ძნელად საპოვნი იქნებაო.
მანანა ვაშალომიძე, ნაზიკოს კარის მეზობელი, ჭირისუფალს ოზურგეთის სასაფლაომდე გაჰყვა:
„მარტო ერთი პანაშვიდი ჩატარდა, დასაფლავების წინა დღეს. დისტანციას ეზოშივე იცავდა ხალხი. ყველა პირბადით შედიოდა. ჭირისუფალიც ორი-სამი სკამის გამოტოვებით იჯდა. დასაფლავების დღეს იმდენი ხალხიც ვერ მოგროვდა, რომ ჩასასვენებელი მცირე მანძილზე მაინც ხელით წაესვენებინათ. როგორც კი ჭიშკარს გადმოსცილდნენ, მაშინვე მანქანაში შეასვენეს. გურიაში ქელეხები ან რესტორანში კეთდება, ან ეზოებში იშლება გრძელი სეფა. ახლა არც რესტორანი ყოფილა და არც სეფა გაუშლიათ. მხოლოდ 10-15 კაცი შეიკრიბა, ოჯახის წევრები. სახლის პირველ სართულზე გააწყვეს სუფრა. კი გადამიპატიჟეს, მაგრამ არ წავედი. შემეშინდა. მთავარია, რომ სასაფლაომდე გავყევი. აწი, აღარ იყო საჭირო ზედმეტი მისვლა-მოსვლა“.
ნინა სეთურიძე სოფლის სასაფლაოზე კაცებმა გაასვენეს. არც ნინასთვის გადაუხდიათ ქელეხი. ქალი მთაში, უჩაანთკარში, მარტის მიწურულს მოკვდა. სამძიმარზეც მარტო კაცები იყვნენ და სასაფლაოზეცო, ამბობს ნინო წიკლაური:
„ქალი არავინ მისულა სამძიმრის სათქმელად. ასე გადაწყვიტეს. იმდენი კაცი მოგროვდა, რომ ჩასასვენებელი აეწიათ და სასაფლაოზე წაესვენებინათ. ისე მალე დაასაფლავეს, სოფელმა ვერც კი გაიგო. გვეშინია. მერე რა, რომ მთაა. ვირუსმა რა იცის მთა და ბარი. მეზობელი მეზობელთან აღარ მიდის, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის“.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ერთი დღის გამოცხადებული იყო, ელენე ქაიხოსროშვილის ბებია რომ გარდაიცვალა.
„იმის ნაცვლად, რომ საყვარელი ბებიის სიკვდილი მეგლოვა, იძულებული ვიყავი ამ ყველა დეტალზე თავი მემტვრია. იმის ნაცვლად, რომ დედას გვერდში დავდგომოდი, ვჩხუბობდი, აქ არ დარეკოთ, იქ არ დარეკოთ. ემოციები ერთმანეთს ენაცვლებოდა. საბოლოოდ, ოჯახის წევრებისა და უახლოესი ნათესავების გარდა, ფაქტობრივად, არავინ მოსულა. არ ვიცოდით, როგორ უნდა გვეთქვა ადამიანებისთვის, რომ არ მოხვიდე სამძიმარზე. ამგვარ სიტუაციაში სხვა დროს ხომ არასდროს არავინ ვყოფილვართ. როდესაც საყვარელი ადამიანი კვდება, პირველ რიგში, ხომ სწორედ ახლობლებს ვურეკავთ, მოდიან, გვეხმარებიან, დარდს იზიარებენ. ჩვენ კი ბებიაჩემი წინ გვესვენა, ვისხედით კუბოს გარშემო და იმის ნაცვლად, რომ მისი ამბები გაგვეხსენებინა, მთელ სტრატეგიას ვხაზავდით, როგორ გაგვეფრთხილებინა ახლობლები, რომ ვინმესთვის რაიმე არ გვეწყენინებინა და თან საფრთხეც აგვეცილებინა ერთმანეთისთვის. ვიდექი კარში და ვაკონტროლებდი ვინ შემოდიოდა, ვინ გადიოდა. სწორედ იმ დღეებში გავაცნობიერე, თურმე რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჭირისუფლისთვის დარდის გაზიარებას. პანაშვიდზე დავდივარ, მაგრამ ეს უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს ხოლმე. არც კი მახსენდება, რომ დავმჯდარიყავი და ჭირისუფლისთვის რაიმე მეკითხა მიცვალებულის შესახებ. ახლა კი მივხვდი, როგორი შვებაა ჭირისუფლისთვის, როცა გარდაცვლილის შესახებ სხვებს უყვება, იხსენებ მასთან დაკავშირებულ ამბებს. ახლა ვიცი, რომ არასდროს მივალ პანაშვიდებზე ფორმალურად და მხოლოდ “კრუგის დასარტყმელად”. დავჯდები, უამრავ კითხვას დავსვამ გარდაცვლილ ადამიანზე და ყველაფერს მოვაყოლებ მგლოვიარეებს, როგორი იყო, როგორი ახსოვთ, რა უყვარდა, რა სერიალს უყურებდა, რისი ჭამა უყვარდა, როგორ უყვარდათ“…
მძიმე და ძნელია მკვდართან მარტო დარჩენაო, ამბობს ფოლკლორისტი და მწერალი, ეთერ თათარაიძე, რომელმაც არაერთი თქმულება თუ ისტორიულად დადასტურებული ფაქტი იცის, საქართველოში სხვადასხვა დაავადების გავრცელების დროს მარტო სიკვდილისა და დამარხვის წესების შესახებ. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია პირიქითა ხევსურეთში, სოფელ ანატორის ამბავი, რომლის მკვიდრნიც მეთვრამეტე საუკუნეში გაჩენილმა დაავადებამ, „ჟამმა“ იმსხვერპლა. ეთერ თათარაიძის თქმით, ავადმყოფი ხევსურები საკუთარი ფეხით მიდიოდნენ აკლდამაში და იქ ელოდებოდნენ სიკვდილს. ეს იყო სამოქალაქო პასუხისმგებლობის საუკეთესო მაგალითიო, – ამბობს ეთერ თათარაიძე
“თითქოს შეუძლებელია წარმოიდგინო, როგორ უნდა დატოვო ადამიანი მარტო ჭირში, მაგრამ დღეს ისეთი ამბავი სჭირს დედამიწას, არავინ დაგძრახავს, თუკი სამძიმარზე არ დაუძახებ ან თავად არ წახვალ სამძიმრის სათქმელად. ხალხმა ჯერ კიდევ საუკუნეების წინ შეიგნო და გაითავისა, რომ ჭირის დროს უარი უნდა ეთქვათ ტრადიციებზე. ვინ წარმოიდგენდა, რომ აღმოსავლეთი მთიანეთი უარს იტყოდა ხმამაღალ დატირებაზე. ეს იყო შეგნება. ჩვენ ახლა ახალი განსაცდელის წინაშე ვდგავართ. ეს მარტო ჩვენ კი არა, დედამიწას დაემართა. სიკვდილი ძახილით არ მოდის. არავინ ვიცით, დღეს ვინ ვართ და ხვალ ვინ ვიქნებით. რა დროს ხმით ტირილი და ჩაკონებით სამძიმრის თქმაა. მიცვალებულების სულებიც უფრო მშვიდად იქნებიან, რომ მათ გამო, რაიმე უბედურება არ მოხდეს. ტრადიცია მაშინ არის კარგი, როცა კარგი ამბავი მოაქვს. ეს არც მიცვალებულის დამცირება და არც ჭირში ვინმეს მიტოვებაა. მოვერიდოთ ცოტა ხანი ერთმანეთს ჭირშიც და ლხინშიც, გავძლოთ ცოტა ხნით უერთმანეთოდ, რომ მერე ძალიან თბილად ჩავეხუტოთ ერთმანეთს“.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, საქართველოში ყოველთვიურად 3500-დან 5000-მდე ადამიანი კვდება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, რამდენიმე სწორედ სხვადასხვა სარიტუალო ღონისძიებისას დაინფიცირდა.
წყარო – “რადიო თავისუფლება”
კომენტარები