ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე:
-2015 წელს, უკვე ექს-თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის რანგში საფრანგეთში მისი ბოლო ვიზიტის დროს, მას დაურეკა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თანაშემწემ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნმა, მინდია ჯანელიძემ და უთხრა, რომ საჰაერო უსაფრთხოებისთვის შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა, რაც საჰაერო თავდაცვითი სისტემების შეძენაზე უარის თქმას გულისხმობდა. მანამდე კი, მინისტრის პოსტიდან ახლად გადამდგრმა ალასანიამ ისიც განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია პროდასავლულ და ნატო-სთან ინტეგრაციის კურსს. ამის შემდეგ ირაკლი ალასანია და „თავისუფალი დემოკრატები“ ოპოზიციაში გადავიდნენ. მაშინ ისიც ითქვა, რომ მინდია ჯანელიძემ რუსეთის დავალება შეასრულა და ამის უკან ბიძინა ივანიშვილი იდგა. ახლა ცხადია, ირაკლი ალასანია მართალი ყოფილა და ჩვენ მაშინვე უნდა აგვეტეხა განგაში.
-კი, გეთანხმებით და კარგად მახსოვს ეს ისტორია, რადგან ესეც საკვანძო მომენტი იყო. ირაკლი ალასანია საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესაძენად იყო საფრანგეთში ჩასული, საფრანგეთისგან უნდა შეეძინა ეს სისტემები. მოგეხსენებათ, ეს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის დონეზე ყველაფერი მოგვარებული იყო, მხარეების ხელმოწერაღა იყო საჭირო და ალასანიამ მოულოდნელად მიიღო მინდია ჯანელიძის ბრძანება, რომ ხელი აღარ მოეწერა. იქ უკვე ძალიან ცხადად ჩანდა, რომ რაღაც სხვა ხდებოდა. ბიძინა ივანიშვილის ის ფრაზაც გავიხსენოთ, რომელიც მამუკა ხაზარაძეს უთხრა – რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაშიო? ბევრი ასეთი ამბავია, რომლებიც თავის დროზე შეიძლება ასე მტკივნეულად არ აღიქმებოდა, მაგრამ სხვა და სხვა დროს, სხვა და სხვა ინტერვიუებში, პრესკონფერენციებზე ბიძინა ივანიშვილი გვეუბნებოდა, რომ საქართველო ერთი პატარა სოფელია და მას არ უნდა ჰქონდეს დიდი ამბიციები, რომ საქართველო არ უნდა იყოს დიდი პოლიტიკის საგანი და ა.შ. რა სჭირს საქართველოს საიმისო, რომ ის არ მონაწილეობდეს დიდ პოლიტიკაში?! მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, მას შეუძლია დიდი პოლიტიკური თამაში. მთელი მსოფლიო ახალ მოცემულობებს ქმნის, უკრაინის ომმა ახალი საფრთხეები წარმოაჩინა და ფინეთი და შვედეთი ნატო-ში შედიან, უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა ახალი ალიანსი შექმნეს. ამასაც თავი დავანებოთ, ესენი სხვა ტიპის ქვეყნები არიან. ყირგიზეთმა აზერბიჯანთან დაიწო ლაპარაკი ახალი ეკონომიკური დერეფნისა და უსაფრთხოების საერთო სისტემაზე, ყაზახეთს აქვს ძალიან სერიოზული წინდადებები და მოსაზრებები ამ მიმართულებით. თურქმენეთი, რომელიც პოლიტიკურად სულ სხვა განზომილებაშია, ისიც კი ფიქრობს ამ ახალ რეალობას მოერგოს. ენერგომატარებლებზე მოთხოვნები გაიზარდა, ფიქრობენ და მოქმედებენ, როგორ ჩაერთონ ახალ სქემებში, შესაბამისად, უსაფრთხოების ახალ სქმებშიც. აზერბაიჯანი ეძებს პარტნიორებს. სომხეთიც კი, სადაც რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული, ევროპისკენ იმზირება, ცდილობს, რეგიონში დაალაგოს ურთიერთობა და რკინიგზით თურქეთს დაუკავშირდეს, რაც მერე ევროპისკენ გაუხსნის გზას. ჩვენ ვართ რაღაც გაშტერებულ მდგომრეობაში, საერთოდ არ გაგვაჩნია საგარეო ორიენტირები, ქვეყნის უსაფრთხოების პრიორიტეტებზე არ ვფიქრობთ… მთელი ქვეყანა მოთქვამს იმაზე, რომ შვეიცარიულმა ბანკმა, „კრედიტ სუისმა“ როგორ გაუჩერა ტრანზაქცია ბიძინა ივანიშვილს. თითქოს ეს არის ამ ქვეყნის მთავარი არსი. ამხელა ისტორიის მქონე ქვეყნის არსებობის მოცემულობა თურმე ის ყოფილა 21-ე საუკუნეში, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის მომსახურე ქვეყნად გადავიქცეთ. ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა. მე დარწმუნებული ვარ, უსერიოზულესი შეცდომაა თვითონ ივანიშვილისა და მისი ამ ჯგუფის, კლანისა თუ „ქართუს“ ერთობისა. ქართველმა შეიძლება ხანგრძლივად ბევრი რამ მოითმინოს, მაგრამ ამ დიდ შურცხყოფას და იმას, რომ ქვეყანას პერსპექტივა არ დაეკარგოს, არ მოითმენს და არავის აპატიებს. მე ღრმად მწამს, რომ არ ვაპატიებთ არავის იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად იცლება შრომისუნარიანი და გონიერი ახლგაზრდებისგან. მარტო უიმედო ადამიანები კი არ მიდიან საქართველოდან, ვინც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. არა, ვინც შედარებით ნორმალურად ცხოვრობს და საქმე და სამსახური აქვს, ისინიც მიდიან, რადგან პერსპექტივას ვეღარ ხედავენ ამ ქვეყანაში. ეს არის უდიდესი ტრაგედია. აი, აგერ, ჩვენ თურმე რუსი „ტურისტებით“ უნდა შევავსოთ ის ადგილები ბიზნესში, უძრავ ქონებაში, გნებავთ, ნებისმიერი მიმართულებით, რომელიც ქართველებისაგან თავისუფლდება. ხელისუფლება თავისი ქმედებით, ამას გვეუბნება.
– გამოსავალი სად არის და რაშია? როგორ უნდა შვცვალოთ ეს ხელისუფლება, ვიდრე მართლა რუსეთის გუბერნიად არ გადაუქცევიათ საქართველო? არის მოსაზრება, რომელიც ყველაზე პოპულარული გახდა ოპოზიციაში, პოლიტიკოსებშიც და საზოგადოებაშიც-საგარეო ზეწოლა და ამის შედეგად, სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილსა და მისი ახლო გარემოცვის წევრებზე და პარალელურად, აქ აქტიურობა, ხალხის ქუჩაში გამოყვანა და უწყვეტი აქციები. მე ვფიქრობ, უამისოდ მართლა არაფერი შეიცვლება. რას იტყვით?
– სანქციების საკითხს ჩვენ არ ვწყეტთ. სანქციებს ვინც აწესებს, ის ქვეყნები წყვეტენ. კი, საგარეო ზეწოლა ხელისუფლებაზე, სანქციები შეიძლება იყოს დამხმარე შესაძლებლობები, მაგრამ მთავარი სანქციები უნდა გამოწეროს ქართველმა ხალხმა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი, ოპოზიციის მოქმედებებითაც არ ვარ კმაყოფილი, საერთოდ, ყოველდღიურად, შეიძლება ითქვას, საკუთარ თავთან მაქვს ძლიერი პოლემიკა, ფორიაქი. სხვა სიტუაციაში, თუნდაც წინა ხელისუფლების პირობებში, მცირე რაღაცაზე ჩვენ ძალიან დიდ წინააღმდეგობას ვწევდით და ახლა ვეღარ ვწევთ შესაბამის წინაღდეგობას. მესმის, რომ ამ წინააღმდეგობის გაწევის ძალიან ბევრი შესაძლებლობა და ბერკეტი გადაიკეტა, “რბილმა ძალამ“ და პროპაგანდამ ძალიან ბევრი იმუშავა, ბევრი გავლენის აგენტი და შესაბამისად,საინფორმაციო წყარო მომრავლდა ჩვენს ქვეყანაში…
– ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციის ნაწილი მოისყიდა, ცალკეული პოლიტიკოსები და ზოგიერთი პარტია ბითუმად. ესეც არ არის ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ პოლიტიკურ ოპოზიცის იოლად ერევა ბიძინა ივანიშვილი?
– სამწუხაროდ, ასეა. ივანიშვილმა გაანეიტრალა ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც რომლებიც თავიდან მასთან იყვნენ, პრქტიკულად, მოსპო ის პოლიტიკური სპექტრი, რომლებიც თავიდან დასავლურობის ფასადად გამოიყენა და ამ ყველაფერმა დაასუსტა ეს მოცემულობა. თუმცა, ამის მიუხედავად, უნდა მოვიკრიბოთ ძალა. ეს არ არის მარტო პოლიტიკური პარტიების საბრძოლველი. ეს არის დიდი ეროვნული საფრთხე და პოლიტიკოსებმა, საზოგადოების სხვა და სხვა ფენამ, ახალგაზრდებმა, მედიამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, გლეხმა თუ ფერმერმა, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ეს საფრთხე. ის რაც გვიყვარს და გვეძვირფასება ჩვენი სამშობლოს სახით, შეიძლება ისტორულად ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.შეიძლება ითქვას, ცივილიზებული სამყაროს მიღმა აღმოჩნდეს და უკან, დღევანდელ პოზიციებზე დაბრუნებას, შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს თუ მეტი არა. საქართველო და ქართველი ხალხი ნამდვილად არ იმსახურებს ამას. ჩვენ ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის რეალურ საფრთხეზე ვლაპარაკობთ და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნება მარტო პოლიტიკოსების ან ერთი რომელიმე ჯგუფის საქმე არ არის. ეს საერთო-სახალხო საქმეა.
კომენტარები