ანი დვალიშვილი
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მთავრობა წელს ყურძენზე სუბსიდიას განახორციელებს და რქაწითელის მინიმალური ფასი 90 თეთრი იქნება. გლეხებს ინიციატივა არ მოეწონათ, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ 90 თეთრი მინიმალური ფასი კი არა, უკვე დაკანონებული ფასი იქნება და ქარხნები 90 თეთრზე მეტს არ გადაიხდიან. სოფლის მეურნეობის მინისტრი კი ირწმუნება, ასე არ მოხდებაო, მაგრამ თავადაც იცის, რომ იტყუება, რადგან სწორედაც რომ ასე მოხდება – ყველა შემთხვევაში, როცა სახელმწიფო სოლიდურ სუბსიდიას გამოვიდა (და არა 20-30 თეთრის დამატების ინიციატივით), ქარხნებმა სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფასზე ზემოთ, თეთრიც არ გადაიხადეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ვისაც დიდი მოსავალი ექნება, ის იძულებული გახდება, ყურძენი 90 თეთრად „გააჩუქოს“, რადგან საუკეთესო შემთხსვევაში, კილო ყურძნის მოყვანა გლეხს 70 თეთრამდე უჯდება და გამოდის, რომ ტონაზე მხოლოდ 200 ლარი უნდა მოიგოს. გაგიკვირდებათ და, გამოსავალი შესაძლოა ისევ რუსულ ბაზარზე ვიპოვოთ. როგორც გვეუბნებიან, რუსული მხრიდან ყურძენზე დიდი მოთხოვნაა და რუსული მხარე მზად არის, ადგილზე 2 ლარამდე გადაიხადოს. თუ ასე მოხდება, გლეხები არც ევროპელთა რეკომენდაციას გაითვალისწინებენ და არც ამერიკელთა სავარაუდო შეშფოთებას – ყურძენს რუსულ ბაზარზე აუცილებლად გაყიდიან, რადგან ბანკის ვალები აქვთ გადასახდელი და კრედიტ-ოფიცერს საერთოდ არ აინტერესებს ყურძნის ფასი.
კომენტარები