თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მერიის და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირები უერთდებიან აქციას – ხელფასის 1/3 გადაირიცხოს კორონავირუსის ფონდში.
მინდა, გამოვეხმაურო გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ იქნა გაჟღერებული. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხავთ ხელფასის 1/3-ს. ეს არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია.
ბუნებრივია, ამ მძიმე სიტუაციაში, როდესაც ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებს მხარდაჭერა და სოლიდარობა სჭირდებათ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები და ჩემი თანაგუნდელები თბილისის საკრებულოდან, მზადყოფნას გამოვთქვამთ შევუერთდეთ ამ ინიციატივას. ამასთანავე, დამატებით, ჩვენ ყველანი, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმუმს გავაკეთებთ ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად.
ასევე, მოვუწოდებ ყველა ჩვენს თანაგუნდელს და მხარდამჭერს, ვისაც ამისი შესაძლებლობა გააჩნია, შეუერთდეს სოლიდარობის ამ აქტს; ერთად ვიბრძოლოთ პანდემიის წინააღმდეგ.
დარწმუნებული ვარ, სახელისუფლებო გუნდის ერთიანი, სწორი და ეფექტური ქმედებებით, ჩვენი საზოგადოების სოლიდარობით და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, ამ გამოწვევას ძალიან მალე და მინიმალური ზიანით დავძლევთ.
კომენტარები