საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“დღეს 23 აგვისტოა – მოლოტოვ-რიბენტროპის შეთანხმების გაფორმების დღე, რომელმაც საბჭოთა კავშირი და ნაცისტური გერმანია ერთმანეთის მოკავშირეებად აქცია.
2019 წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უარყოფს საბჭოთა თავდასხმას პოლონეთის წინააღმდეგ და მეტიც, ომის დაწყებისას საუბარში პოლონეთისაკენ იშვერს ბრალმდებლის ხელს. მისი მტკიცებით ნაცისტურ გერმანიასთან მხოლოდ საბჭოთა კავშირი არ თანამშრომლობდა და მას შემდეგ რაც ყველა დათანხმდა გერმანიასთან კავშირს საბჭოელებმაც იგივე გადაწყვიტეს. აღნიშნული მოვლენა არამხოლოდ მცდარია არამედ დაფუძნებულია მიზანმიმართულ ტყუილზე.
გერმანულ-საბჭოთა თანამშრომლობა ჯერ კიდევ 1922 წელს დაიწყო, როდესაც გაფორმდა რაპალოს ხელშეკრულება, რომელიც მიზნად პირველი მსოფლიო ომის შემდგომ საერთაშორისო წესრიგის უარყოფაზე იყო დაფუძნებული. ანუ პრაქტიკულად წარმოადგენდა დეკლარირებულ მზაობას ერთობლივ მოქმედებაზე არსებული პოლიტიკური რეალობის წინააღმდეგ. ამას მოჰყვა 1926 წლის ბერლინის შეთანხმება, რაც ხუთწლიან ნეიტრალიტეტსა და ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობდა. აღნიშნული ხელშეკრულება კიდევ ერთხელ უჭერდა მხარს რაპალოს ხელშეკრულების პრინციპებს. მაგრამ განსაკუთრებული ინტენსიური კავშირი საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის 1920-ნი წლების ბოლოდან დაიწყო, რაც დაემთხვა საბჭოთა მხრიდან მიზანმიმართულ შიმშილს უკრაინაში, სადაც ჰოლოდომორის – უკრაინელთა გენოციდის – პერიოდში რამდენიმე მილიონი ადამიანი შიმშილით იქნა მოკლული. რას გულისხმობდა აღნიშნული თანამშრომლობა? ის ხორბალი და ქერი, რომელიც უკრაინელებისათვის იყო განკუთვნილი გერმანელებს ეგზავნებოდათ. და ეს პროცესი გვაბადია ინტენსივობით, მაგრამ მაინც გაგრძელდა არა ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლამდე, არამედ მას შემდეგაც, მეტიც,1941 წლის 22 ივნისამდეც კი, სწორედ იმ დღემდე სანამ საბჭოთა კავშირს ნაცისტური გერმანია დაესხა თავს.
მაგრამ ომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საბჭოთა რესურსებით დატვირთული მატარებელი გერმანიის ტერიტორიაზე შევიდა.
1932 წელს საბჭოთა კავშირსა და პოლონეთს შორის თავდაუსხმელობის ხელშეკრულება დაიდო, რომელიც, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის მიერ იქნა დარღვეული სწორედ 1939 წლის 17 სექტემბერს. ეს ხელშეკრულება იყო სწორედ ის, რასაც გაფორმების დღიდან უმიზნებდა როგორც ნაცისტური გერმანია, ისე საბჭოთა კავშირი. ეს უკანასკნელი პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვასა და ფინეთის დაკავებას რუსეთის იმპერიის დაშლის დღიდან ესწრაფოდა და 1920 წელს უშუალოდაც სცადა, თუმცა პოლონელებმა არამხოლოდ მათი შეჩერება შეძლეს, არამედ ხანგრძლივი ზიანიც მიაყენეს საბჭოთა სამხედრო ძალებს.
როგორც ნაცისტური გერმანია ისე საბჭოთა კავშირი პოლონეთსა და ბალტიის ზღვის სამ სახელმწიფოს არასასურველ წარმონაქმნებად განიხილავდნენ და მათი რუკიდან გაქრობის სურვილი ჰქონდათ.
ყველაფერი 1939 წლის 23 აგვისტოს დაგვირგვინდა, მას შემდეგ რაც კონინგსბერგიდან აფრენილი თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა. თვითმფრინავიდან გერმანული დელეგაცია გადმოვიდა, რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოხიმ ფონ რიბენტროპი ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებებს საბჭოთა მხრიდან ვიაჩესლავ მოლოტოვი და თავად იოსებ სტალინი ხელმძღვანელობდა. ხელშეკრულება ფორმალურად თავდაუსხმელობას გულისხმობდა, თუმცა საიდუმლო მუხლები აღმოსავლეთ ევროპის დანაწილებას ისახავდა მიზნად – გერმანულ და საბჭოთა საოკუპაციო კონტროლის ზონებად. თუკი პოლონეთი შუაზე იყოფოდა, ბალტიისპირეთი და რუმინეთის ნაწილი საბჭოთა ხელში გადადიოდა. ასევე გზა იხსნებოდა საბჭოთა აგრესიისათვის ფინეთის წინააღმდეგაც.
თავის მხრივ მოლოტოვ-რიბენტროპის ხელშეკრულება არამხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის განადგურებას ისახავდა მიზნად, არამედ ნაცისტური გერმანიის მხრიდან დასავლეთ ევროპის წინააღმდეგ გალაშქრებაზე თვალის დახუჭვასაც კი. სწორედ ეს შეთანხმება და 1939 წლის 28 სექტემბერს დე-ფაქტო დაკავებული ტერიტორიების მიხედვით დოკუმენტის განახლება გახდა საფუძველი ტოტალიტარული სახელმწიფოების მხრიდან განხორციელებული ტერორისა და ძალადობისა. ხელშეკრულების შემდეგ მხარეები არათუ განაგრძობდნენ ურთიერთთანამშრომლობას ეკონომიკურ და პოლიტიკურ დონეზე, არამედ საბჭოთა NKVD და ნაცისტური გესტაპო პერიოდულად ხვდებოდა ერთმანეთს ინფორმაციის, ტყვეებისა და პოლიტიკური პატიმრების გასაცვლელად, რამაც დაკავებულ ტერიტორიებზე ორმხრივი ტერორის საფუძველი შექმნა. მხარეებს შორის დაახლოება სამხედრო სფეროშიც შესამჩნევი იყო. 1941 წლის მაისში მოსკოვში გამართულ ღონისძიებებზე გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნებიც კი ესწრებოდნენ და ინფორმაციის მიმოცვლით იყვნენ დაკავებულნი.”
კომენტარები