ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი “სამართლიანი არჩევნების” მიმართ მმართველი გუნდის კრიტიკასა და სამუშაო ჯგუფში მის დაბლოკვასთან დაკავშირებით ამბობს:
“ამერიკის საელჩოს აქვს სრული ნდობა ISFED-ის მიმართ, რომელიც პატივსაცემი ორგანიზაციაა, ეს ორგანიზაცია მონაწილეობდა საარჩევნო რეფორმების ჯგუფში, რომელსაც თავმჯდომარეობდა პარლამენტის ახლანდელი სპიკერი და მათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს იმ რეფორმებისა და კანონმდებლობის შემუშავებაში, რაც შემდგომ მიიღო პარლამენტმა.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს შეფასებები და ანგარიშები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო/ოდირის და ასევე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების, არჩევნებთან დაკავშირებით, რომელთა მიხედვით, არჩევნებზე დაფიქსირდა სერიოზული დარღვევები, მათ შორის იყო დაშინება, კარუსელი, სხვადასხვა ტიპის საარჩევნო დარღვევები როგორც არჩევნების დღეს, ასევე, არჩევნებამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში და ზოგადად ეს არჩევნები არცერთმა ორგანიზაციამ არ შეაფასა, როგორც სრულად სამართლიანი. ეს არ არის IFED-Iს პასუხისმგებლობა, ეს დარღვევები და ზოგადად საზოგადოების ნდობაც რომ ნაკლებია ამ საარჩევნო შედეგების მიმართ ეს არ არის “სამართლიანი არჩევნების” პასუხისმგებლობა”, – თქვა კელი დეგნანმა.
რაც შეეხება შეცდომას “პივიტის” შემთხვევაში, ელჩმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ ამის შესახებ საზოგადოებას დაუყოვნებლივ აცნობა და ინფორმაცია გამოაქვეყნა. ელჩი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია როგორც “სამართლიანმა არჩევნებმა” ისე სხვა ორგანიზაციებმა მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო თემატიკაზე სამუშაო ჯგუფში.
“ყველას აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი აზრი, მაგრამ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, ან დამადასტურებელი ამისა, როგორც კი შეცდომა აღმოჩენილ იქნა, ის დაუყოვნებლივ ეცნობა საზოგადოებას საჯაროდ, ეს იყო სტატისტიკური, უმნიშვნელო შეცდომა და მისი ასე წარმოჩენა, რომ ეს ემსახურებოდა რევოლუციურ სცენარს, არის რეალობის სრულიად დამახინჯება. ყველამ, ვინც მონაწილეობდა იმ პროცესში, [მოლაპარაკების პროცესში] იცის, რომ ერთადერთი მიზანი იყო სიტუაციის დეესკალაცია და პარტიების პარლამენტში შესვლა, რათა მათ ემუშავათ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე”, – თქვა ელჩმა.
ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართო. ამის გამო ამერიკის საელჩომ მმართველი გუნდი გააკრიტიკა, რასაც პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “შოკისმომგვრელი” უწოდა.
კომენტარები