ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი:
“დღეს აზერბაიჯანმა 30 წლის შემდეგ დაიბრუნა კონტროლი ლაჩინის კორიდორზე. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენს სამეზობლოში, რომელიც არ უნდა გამოგვრჩეს.
საქმე იმაშია, რომ ეს იყო ერთადერთი კორიდორი, რომელიც მეორე ომის შემდეგ ერთმანეთს აკავშირებდა ყარაბაღსა და სომხეთს და მას დღემდე რუსეთის ე.წ. “სამშვიდობო ძალები” აკონტროლებდნენ.
რა თქმა უნდა, კრემლის სურვილი იყო ეს მდგომარეობა, როდესაც მას მნიშვნელოვანი ბერკეტი ეპყრა ხელთ, კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო.
მაგრამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ, მათ შორის ამ მიმართულებით სამხედრო ნაბიჯების გადადგმითაც, შეძლო ამ პროცესის დაჩქარება – დღეს რუსეთს აღარ აქვს იმის რესურსი, რომ აზერბაიჯანს ეჭიდაოს ყარაბაღის გარშემო. ამიტომ, მალევე მოუწია ამ კორიდორის გადაცემაზე დათანხმება.
ამგვარად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი არამხოლოდ ქ. ლაჩინზე, არამედ მთელ კორიდორზე და მიმდებარე სოფლებზე. სამაგიეროდ, თავად ააგო ახალი გზა (რუკაზე აღნიშნულია წითელი ხაზით) რომლითაც ყარაბაღი და სომხეთი დაუკავშირდება ერთმანეთს (ისიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის).
შესაბამისად, ძლიერდება აზერბაიჯანის პოზიციები:
– იგი შეძლებს დევნილების დაბრუნებას ლაჩინში;
– გააუმჯობესებს ინფრასტრუქტურას რეგიონში;
– ნაცვალგების პრინციპის გათვალისწინებით უფრო აქტიურად შეძლებს ამ ახალი კორიდორის საკითხის მიბმას ნახიჩევანთან დამაკავშირებელ “ზანგეზურის კორიდორის” გახსნის თემასთან (რაც აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია);
– გააკონტროლებს სომხეთიდან ყარაბაღისკენ მიმავალ გაზსადენს.
ასე, რომ რუსეთის პოზიციები სუსტდება რეგიონში და ეს უნდა ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. მას კიდევ ბევრი რამის დათმობა მოუწევს არამხოლოდ ამ რეგიონში, არამედ – გლობალურ მასშტაბში.”
კომენტარები