სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.1%-ით გაიზარდა და წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 10.9% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს. ეკონომისტებისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა.
წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:
- პური და პურპროდუქტები + 32.4%
- რძე, ყველი და კვერცხი + 20.8%
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები + 20.3%
- ზეთი და ცხიმი + 19.8%
- ყავა, ჩაი და კაკაო + 18.7%
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 18.6%
- თევზეული + 13.6%
- ხორცი და ხორცის პროდუქტები + 11.1%
- ხილი და ყურძენი + 2.5%;
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, ფასები 9.6%-ით შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე .
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.14%-ით აისახა.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.6%-ით, რაც 1.87%-ით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (18.7%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.5%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.6%).
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.4%-იანი მატება, რაც 1.19%-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე – 22.5%, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.8%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6%).
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 14.9%-ით, რაც წლიურ
ინფლაციაზე 0.63%-ით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც საზოგადოებრივი
კვების (15.4%), ისე ღამის გასათევით მომსახურების (11.7% ქვეჯგუფებზე.
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ინფლაცია და ფასები გამოწვევად დარჩება მიმდინარე წელსაც. ეროვნული ბანკის შეფასებით კი, “ამ ეტაპზე არსებული პროგნოზით მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მარტიდან შემცირდება, თუმცა წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება”. სებ-ი აღნიშნავს, რომ საწვავის ფასების მკვეთრ მატებას ინფლაციის მაჩვენებელზე საგრძნობი გავლენა ექნება. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი რეკორდულ 12%-მდე გაზარდა და განმარტა, რომ მონეტარული პოლიტიკა “გამკაცრებისკენ მიდრეკილი” დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება.
კომენტარები