“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი დიმიტრი ხუნდაძე პრემიერ-მინისტრის განცხადების საპასუხოდ ( ოთხეულმა მოღვაწეობა დაასრულა), აცხადებს – “არავის ეგონოს, რომ ჩვენ მხოლოდ ოთხნი ვართ, ამას მალე დაინახავს საზოგადოება – ოთხეულმა კი არ დაასრულა მოღვაწეობა, ოთხეული ახლა იწყებს”
“ჩვენ ქვეყნის ინტერესებს ვიცავთ და აქ კომპრომისი ვერ იქნება. ის, რომ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა რეალური იყო, ამას სიჩუმე ვერ დააზღვევდა და სწორედაც რომ ხმამაღლა იყო სათქმელი, რამაც ეს რისკები ამ ეტაპზე მინიმუმამდე დაიყვანა. ჩვენი მხრიდან ხმამაღლა “წაკითხულმა“ მზაკვრულმა სცენარმა, რომელიც თითქოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ემსახურებოდა, არადა რეალურად ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლას გეგმავდა, ჩაშალა.
ფაქტია, რომ ჩვენ მძიმე ტვირთი ვიკისრეთ, ღიად ვისაუბრეთ პოლიტიკურ კულისებში მიმდინარე ისეთ საკითხებზე, რასაც ბევრი ვერ გაბედავდა. სათქმელი კიდევ უფრო მეტი გვაქვს, მაგრამ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ უმჯობესია, ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა არ გახდეს საჭირო. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, ჩემთვის იმის მანიშნებელი იყო, რომ პროცესები სასიკეთოდ წარიმართება. პრეზიდენტზე კი რა გითხრათ, რომელმაც ვიღაც ოთხეულად მოიხსენია არაერთგზის პარლამენტის წევრები, რომელთა უკანაც ამომრჩეველთა დიდი არმია დგას. მას მინდა შევახსენო, რომ “ამ ვიღაცეების“ წყალობით გახდა პრეზიდენტი, რაშიც თავად მისი წვლილი არც მეტი და არც ნაკლები, ნულია. ჩვენმა ქმედებებმა და საზოგადოების მხარდაჭერამ უკვე არაერთგზის გამოიღო შედეგი და პოზიტიური ეფექტი მომავალშიც იქნება. ბუნებაში უკვალოდ არაფერი იკარგება და არც დიდხანს დარჩება დაფარული ბევრი რამ. არავის ეგონოს, რომ ჩვენ მხოლოდ ოთხნი ვართ, ამას მალე დაინახავს საზოგადოება. ჩვენი მიზანი პრინციპულია და ამ მიზნის ირგვლივ საზოგადოების დიდი ნაწილი გაერთიანდება. მინდა იცოდეთ, ოთხეულმა კი არ დაასრულა მოღვაწეობა, ოთხეული ახლა იწყებს.“
კომენტარები