ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე ფეისბუქზე წერს თუ რა გადახდა ბათუმში მანქანის პარკირების წესის დარღვევის გამო:
” რამდენიმე დღის წინ ბათუმში გახლდით საკუთარი ავტომობილით (არ გაგეცინოთ, ასეც ხდება როცა ოჯახს სჭირდება გადაადგილება). სასტუმროს პარკინგზე ადგილი არ იყო და მითხრეს შეგიძლიათ წინ დააყენოთ დროებით და რომ გამოთავისუფლდება ადგილი დაგირეკავთო. ასეც მოვიქეცი. დამირეკეს, ჩავედი მანქანის გადასაყენებლად და უნიფორმაში ჩაცმული ბათუმელი პარკინგის მონიტორინგის სამსახურის ქალი და კაცი დამხვდა ჯარიმას მიწერდნენ. ის იყო უნდა აეკრათ საქარე მინაზე ჯარიმის ფურცელი, ჯიმის დედასავით გადავხტი და გადავეფარე „ჩისტიწელებს“- ო არააა, არ დამაჯარიმოთ….ისე შევჰბღავლე ირგვლივ (და მათაც) ყველას შეეშინდა.
-უი… თქვენ ის ხართ ხო? ქუთაისელი?
-კი, კი ის ვარ თქვენ გენაცვალეთ…
– გოგო ვერ იცანი ეს?
– უი ხოო (ქალმაც მიცნო)
-ახლა გადამყავდა მანქანა, თუ მაპატიებთ თუ არა, არ არის პრობლემა (რახან მიცნეს მომერიდა 10 ლარის გულისთვის ამხელა ნახტომი რომ გავაკეთე ამ სისქე კაცმა)
-როგორ გეკადრებათ, არანაირად არ დაგაჯარიმებთ- მითხრეს და ის ფურცელი შეკუჭეს რაღაც ბარსეტკაში.
-ვაიმე დიდი მადლობა, დედა როგორ მრცხვენია, ნეტა დაგეჯარიმებინეთ….
ასე სიყვარულით დავცილდით ერთმანეთს. ფოტოც გადაიღეს ჩემთან. ძაან საყვარელი ხალხი იყო.
დღეს ქუთაისის ფოსტიდან მესიჯი მოვიდა, გზავნილია ბათუმიდან და გამოცხადდითო.
გავარდი გახარებული, მიჩვეული ვარ რამეს რომ მჩუქნიან და 10 ლარიანი ბათუმის პარკინგის ქვითარი დამხვდა.”
კომენტარები