თბილისის სპორტის სასახლის ხელმძღვანელი მიშა ეძგვერაძე “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში გალკინისა და მაკარევიჩის კონცერტების გაუქმების მიზეზებს განმარტავს. მისი თქმით, შენობას პრობლემა შეექმნა, რაც მხოლოდ “ერთი კვირის წინ შეიტყვეს”. სპორტის სასახლის ხელმძღვანელი ადასტურებს, რუსი არტისტების მაქსიმ გალკინის, ანდრეი მაკარევიჩისა და ვალერი მელაძის კონცერტები მათთან აღარ ჩატარდება.
“სამწუხაროდ ჩვენთან ვერ ჩატარდება და სხვაგან არ ვიცი. სამწუხაროდ, შენობას შეექმნა რაღაც პრობლემები და ვერ ესწრება დროში რემონტი. ჯერ კიდევ ვარკვევთ ამ დაზიანების ხარისხს”, – თქვა მან.
Biletebi.ge-ს განცხადებას, რომ კონცერტები პოლიტიკური კონტექსტისა და უკრაინის მხარდაჭერის გამო გაუქმდა, მიშა ეძგვერაძე პასუხობს, რომ ეს მიზეზი “აბსურდია”.
“[პოლიტიკური კონტექსტი] გამორიცხულია. ხომ უნდა ჩაეტარებინათ ჩვენთან? ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ ამ კონცერტებზე, ჩვენთან იყო დანიშნული და ახლა როგორ შევიცვლიდით აზრს?,” – ამბობს იგი.
მანამდე, ონლაინ ბილეთების პლატფორმა biletebi.ge-მ განცხადება გავარცელა, სადაც ამბობდა, რომ სპორტის სასახლემ “აკრძალა არტისტები მაკარევიჩი და გალკინი”.
მათივე განცხადებით, ეს იმიტომ მოხდა, რომ არტისტები მხარს უჭერენ უკრაინას.
“დაუჯერებელია, რომ კერძო ორგანიზაცია თავისი ინიციატივით უარს ამბობს შემოსავალზე და მიდის ასეთ რეპუტაციულ ზიანზე.
ცხადია, ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით. აკრძალეს არტისტები (მაკარევიჩი, გალკინი), რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას და რომელთაც მხარს უჭერენ უკრაინელები. გადახედეთ კომენტარებს არტისტების მომართვებზე…” – წერს biletebi.ge.
“რადიო თავისუფლებასთან” საუბარში biletebi.ge-ს თანადამფუძნებელმა, გიორგი ჩხიკვიშვილმა თქვა, თვენახევარში ათასობით ბილეთი გაიყიდა. შესაბამისად, თუ კონცერტები ჩაიშალა, ზარალი ასიათასობით ლარის მიაღწევს.
მანვე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, გაყიდულ ბილეთებს უკან არ იბრუნებენ. მითითებას ორგანიზატორებისგან ელოდებიან. “რადიო თავისუფლებას” ჯგუფის „მაშინა ვერემენის“ პრესმდივმა ანტონ ჩერნინმა წერილობით უპასუხა, რომ ორგანიზატორები ახლა კონცერტის წინასწარ განსაზღვრულ თარიღებში ჩასატარებლად ალტერნატიულ ფართს ეძებენ.
ასევე, რუსმა ოპოზიციონერმა აქტივისმა ნიკოლაი ლევშიცმა თავის ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ ჯგუფის „მაშინა ვერემენის“, ასევე შემსრულებლების მაქსიმ გალკინისა და ვალერი მელაძის დაგეგმილი კონცეტრების გაუქმების მიზეზად ორგანიზატორებს დაუსახელეს სპორტის სასახლის ტექნიკური შეუსაბამობა მოთხოვნის პირობებთან და სასწრაფო რემონტი.
შოუმენი და სატირიკოსი მაქსიმ გალკინი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად დაგეგმილი საგასტროლო ტურნეს ფარგლებში თბილისშიც გეგმავდა კონცერტს. მისი კონცერტი თბილისის სპორტის სასახლეში 15 ოქტომბერს უნდა გამართულიყო. ბილეთების გაყიდვა 25 ივლისიდან დაიწყო.
(რადიო თავისუფლების ფოტო)
წყარო – რადიო თავისუფლება.
კომენტარები