ანი დვალიშვილი
ახლა, ყველაზე საინტერესო 6 სექტემბერი და პარლამენტის პირველი სესიაა. „ოცნების“ დეპუტატებს დღის განმავლობაში უამრავი შეტყობინება მისდით, იმისდა მიხედვით, როგორ იცვლება პოლიტიკური სიტუაცია და ყველამ ზუსტად იცის, რომ პარლამენტის სხდომაზე დამოუკიდებელი გამოსვლები და ინიციატივები არ უნდა იყოს. სხდომებზე ერთ-ერთ მთავარ როლს ის ოთხეული შეასრულებს, რომელიც მმართველ გუნდს „გამოეყო“ და ეს ოთხეული იქნება აგრესიული (ამ სიტყვის ყველაზე პირდაპირი გაგებით) და ოპოზიციის ნებისმიერ „გამოხტომას“ უმკაცრესად უპასუხებს. ჰო, ეს დავალება არსებობს და თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, სიტუაცია დაძაბოს, ოთხეული ამაში ხელს ბოლომდე შეუწყობს და შეეცდება, ოპონენტებს არაფერი შეარჩინოს. „ოცნება“ ხელებს დაიბანს, ჩვენ არაფერ შუაში ვართო და… როგორც გუნდის შიგნით ამბობენ, ოპოზიციის „მიჯირყვნა“ ამომრჩეველს მოსწონს და პარტიის რეიტინგი მაღლა იწევსო. იმის მიუხედავად, რომ ეს ოთხეული ოფიციალურად გამოყოფილია, არავის სჯერა, რომ კვლავ ერთი გუნდი არ არიან. ოპოზიცია ახლა გაიგებს, როგორი აგრესიული პასუხი ელოდებათ მათ ნებისმიერ ინიციატივასა თუ წინადადებაზე, რომელიც მმართველი გუნდისთვის მისაღები არ იქნება და არ აქვს მნიშვნელობა, ამას კაცი პარლამენტარი გააკეთებს თუ ქალი, პასუხს მიიღებს ყველა.
კომენტარები