თბილისის ინფექციურ კლინიკაში მყოფი ორი კრიტიკული პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა, შესაბამისად საავადმყოფოს ახლა ერთი კრიტიკული და ორი მძიმე პაციენტი ჰყავს. ამის შესახებ თბილისის ინფექციურ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში დღევანდელი მონაცემებით ახალი კორონავირუსის 156 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, გუშინდელთან შედარებით რვა შემთხვევით მეტი.
„რვა ახალი შემთხვევიდან თბილისის ინფექციურ კლინიკაში არც ერთი არ არის. ჩვენ მივიღეთ გუშინ შესაძლო შემთხვევები, ანუ გამოსაკვლევი პაციენტების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც გერმანიიდან ჩამოვიდნენ. მათ დღეს ჩაუტარდებათ ტესტირება და დღის ბოლოსთვის მეცოდინება მათი პასუხები“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მან ინფექციური კლინიკის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა.
„ჩვენი პაციენტების მხრივ მდგომარეობა გარკვეულწილად დასტაბილურებულია იმ თვალსაზრისით, რომ გვყავდა კრიტიკული ორი და ახლა ვამბობთ, რომ კრიტიკული დაგვრჩა ერთი. მეორე კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ მძიმედ რჩება, ასევე დანარჩენებიც, ანუ ერთი კრიტიკული გვყავს და ოთხი მძიმე პაციენტი, რომლებიც ინტენსიურ მეთვალყურეობას და მკურნალობას საჭიროებენ. ვნახოთ რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება, ამათი მდგომარეობაც დასტაბილურდეს და უკვე პროგნოზირება შესაძლებელი იქნება, რომ მათი გამოჯანმრთელებაც დადგება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ამასთან, მისი თქმით, თბილისის ინფექციურ კლინიკაში ორი ექიმის გამოკვლევა მოხდა, მაგრამ ორივე ტესტზე ნეგატიური იყო.
ასევე, მარინა ეზუგბაიას თქმით, სტაბილურია ეროვნული ბანკის ინფიცირებული თანამშრომლების მდგომარეობაც.
კომენტარები