შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა დროს ჩატარებული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 10 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია.
“სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო, ასევე ამოღებულია ნარკოტიკის უკანონო გასაღების შედეგად მიღებული ფული”. – წერია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, მათ შორის, 1 კილოგრამზე მეტი ჰეროინი, სუბოქსინი, ალფა პვპ, 45 შეკვრად დაფასოებული მეტადონი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინი და მეტადონი.
შსს-ს ცნობით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული არიან 1952 წელს დაბადებული რ.ა. 1961 წელს დაბადებული ი.ა.1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ქ. 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ჯ.ჭ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად 1983 წელს დაბადებულ ზ.ნ.-ს, 1987 წელს დაბადებული გ.დ.-სა და 1988 წელს დაბადებული ლ.ა.-ს. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არიან ასევე დაკავებულები 2002 წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.ო. და 1974 წელს დაბადებული გ.დ., ხოლო 1981 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ნ.ტ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი მე-3, მე-5, მე-6, მე-7 ნაწილებით, სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები