ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, წყალტუბოს საკარანტინო სივრცე 74 მოქალაქემ დატოვა. 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის შემდეგ მოქალაქეები ოჯახებს სრულიად ჯანმრთელები დაუბრუნდნენ. საკარანტინო ზონაში მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ.
სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სტუმრების საკარანტინო ზონიდან გაცილებას დღეს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ხელმძღვანელობდა. მათი ტრანსპორტირება საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, გეგმაზომიერად მიმდინარეობს საკარანტინო ზონებში მყოფი მოქალაქეების დაბრუნება საკუთარ ოჯახებში და ამავე დროს ახალი მოქალაქეების მიღება, რომლებიც დაბრუნდნენ საქართველოში.
„ეს არის ჩვენი გუნდის, ყველა უწყების კოორდინირებული მუშაობის შედეგი, რომლებიც ჩართულია COVID19 – ის ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კარანტინში ყოფნის მიუხედავად, მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ დაიცვან როგორც საგანგებო მდგომარეობის პირობები, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. მათ შორის, დარჩნენ სახლებში და საცხოვრებელი აუცილებელი შემთხვევის გარეშე არ დატოვონ.
„მოხარული ვართ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველდღე კიდევ უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს საკარანტინო სივრცეს, ამ ადამიანებმა უკვე გაიარეს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი. ჩვენ ვულოცავთ 74-ვე ადამიანს, რომლებიც წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ და დღეს სრულიად ჯანმრთელები ოჯახებს დაუბრუნდნენ. ამ ადამიანების ტრანსპორტირება მერიამ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ უზრუნველყო და ჩვენ მათ დიდ მადლობას ვუხდით“, -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 85 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ ეტაპზე კარანტინში 5300 ზე მეტი ადამიანი იმყოფება. 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი უკვე გაიარა 1500-ზე მეტმა ადამიანმა.
საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ.
კომენტარები