ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, შსს ფარულად გადაღებულ ვიდეომასალას ასაჯაროებს, სადაც გადაღებულია გასაღების სქემა და მეთოდები.
სამართალდამცველებმა დღეს თბილისსა და რეგიონებში სპეცოპერაცია ჩაატარეს, რა დროსაც დააკავეს, მათ შორის 16 ნარკორეალიზატორი.
გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული პირები შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ ნარკოტიკებს და აღნიშნული ლოკაციების ადგილმდებარეობის ფოტოგადაღებას ახდენდნენ.
პოლიციამ ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკები.
დაკავებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები: 626 აბი “სუბოტექსი”, 220 აბი “მეტადონი”, 150 გრამი “კოკაინი”, 2 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ე.წ. “სირეცი”, 565 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება “კეტამინი”, ნარკოტიკული საშუალება “მდმა”-ს შემცველი 418 აბი, 195 გრამი ნარკოტიკული საშუალება “მდმა” და ნარკოტიკული საშუალება “ლიზერგიდი” (LSD).
გამოძიება მიმდინარეობს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილით, მე-7 ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით, 19-261-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები